ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები საქართველოს: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის კონგრესში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის კონგრესში

საქართველოსა საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებთან დაკავშირებით, დელეგაცია კონგრესში, რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონდემბლებს ხვდება.

წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას და თბილისს ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ თქვენთან ვართ. შეიძლება როდესაც ახალ ამბებს უყურებთ, პოლიტიკური კუთხით შეერთებულ შტატებში ბევრ დაპირისპირებას ხედავთ. თუმცა ჩვენ, რესპუბლიკელები და დემოკრატები, არ ვართ გაყოფილნი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, მსოფლიოში რუსეთის როლის აღქმის თვალსაზრისით, რაც დადებითი როლი ნამდვილად არ არის. საქართველოს აქ ჰყავს მეგობრები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის და ეს მნიშვნელოვანია“, - უთხრა “ამერიკის ხმას“ კონგრესმენმა კინზინგერმა.

საქართველოს აქ ჰყავს მეგობრები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის და ეს მნიშვნელოვანია.
ადამ კინზინგერი

დემოკრატი კონგრესმენი, ჯერი კონოლი, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამჯდომარეა, ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარება უნდა გააგრძელოს და არ დაუშვას დემოკრატიის უკუსვლა.

„როდესაც ევროპის სხვა ნაწილებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი. თუ არ არსებობს მყარი, ფუნდამენტური თავდადება დემოკრატიის შენარჩუნების მიმართ, ის შეიძლება დასუსტდეს, გაუარესდეს. ამას ევროპის სხვა ქვეყნებში ვხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ, იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში ეს ესმით. მათ ესმით, რომ ოპოზიციის პატივისცემა და არჩევნების შედეგების პატივისცემა, ის საყრდენი ფუნდამენტია, რომელზეც დემოკრატიულ ინსიტუტებს ვაშენებთ... და პატივს ვცემთ დემოკრატიულ არჩევანს, მაშინაც კი როცა ის არ მოგვწონს“, - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

თუ არ არსებობს მყარი, ფუნდამენტური თავდადება დემოკრატიის შენარჩუნების მიმართ, ის შეიძლება დასუსტდეს, გაუარესდეს.
ჯერი კონოლი

კონგრესმენი დევიდ პრაისი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ შეერთებული შტატების კოგნრესი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

“შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა... ჩვენ გვიყვარს საქართველო. ამერიკელ ხალხს უყვარს საქართველო. ის არის შთაგონების წყარო და რთულ რეგიონში იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გაიდგას ფესვები დემოკრატიამ. ჩვენ ამას ვაფასებთ და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ ამის მხარდასაჭერად “, - განაცხადა კონგრესმენმა პრაისმა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებობს.

„ჩვენ ვიცით, რომ როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, საქართველოსაც აქვს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტების მოგვარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ ოპოზიციას უსმენენ, კანონის უზენესობის უზრუნველყოფას და სასამართლოს. სასამართლო რეფორმის კუთხით არსებობს გამოწვევები, ჩვენ ეს ვიცით და მხარს ვუჭერთ ამ [რეფორმას]“, - აღნიშნა მან.

ჩვენ ვიცით, რომ როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, საქართველოსაც აქვს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტების მოგვარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ ოპოზიციას უსმენენ, კანონის უზენესობის უზრუნველყოფას და სასამართლოს.
დეივიდ პრაისი

საქართველოს დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის და უმცისობის წარმომადგენლები შეადგენენ, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

„ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაცია არის ახლა და აქ - მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სხვა ქვეყნებს ასეთი შეხვედრები არ დაუწყიათ, ბუნებრივია ყველა ქვეყანა ცდილობს ამ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, და ჩვენ ვართ პირველები ან ერთერთი პირველები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს და შესაბამისად ძალიან კარგი დასაწყისი იქნება ამ ახალ კონგრესთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის“, - თქვა თამარ ჩუგოშვილმა

თამარ ჩუგოშვილი ვიზიტს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ მას იმედი აქვს თანამშრომლობა კონრეტულ შედეგებს გამოიღებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ შედეგებს: საქართველოს მხარდაჭერის აქტს, რომელიც უნდა გავიდეს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში ასევე სენატში, თავისუფალ ვაჭრობას, რომელსაც იმედია ვიხილათ საქართველოსა და ამერიკას შორის და ბევრ სხვა ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება“, - ამბობს ის.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია კი საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ამერიკელი პარტნიორების რჩევები და ყურადღებით მოეკიდოს დემოკრატიული პროგრესის საკითხს, ვაშინგტონის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.

“საქართველოს მეგობართა ჯგუფი ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან კარგად ხედავენ საქართველოს გამოწვევებს, როგორც რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე, ასევე დემოკრატიის კუთხით და რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები, არიან შეწუხებულნი იმ გამოწვევებით, რაც გვაქვს დემოკრატიის სფეროში, რაც გამოჩნდა განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ“, - ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საკითხი ასახული იქნება „საქართველოს მხარდაჭერის აქტში“, კანონპროექტში, რომელიც ახლად არჩეული კონგრესის წინაშე ხელახლა იქნება გატანილი მხარდასაჭერად. წარმომადგენელთა პალატამამ "საქართველოს მხარდაჭერის აქტი" გასულ დეკემბერს მიიღო, თუმცა მას ახალი მოწვევის კონგრესში ხელახლა უნდა ეყაროს კენჭი.

„მნიშვნელოვანია, რომ ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში და სანქციები რუსეთის მიმართ ოთხოზორია-ტატუნაშვილის გამო არის გაზიარებული მათი მხრიდან და ეს მოხვდა "საქართველოს მხარდაჭერის აქტში"... ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, როდესაც ესეთი მეგობრები ამხელა მხარდაჭერა გვიცხადებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ დემოკრატიას ჭირდება სერიოზული მოფრთხილება და ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. მათ ძალიან კარგად იციან რა მოხდა არჩევნებზე... იციან, რომ სერიოზული გამოწვევები გვაქვს ზოგადად პოლიტიკურ კლიმატში და ოპოზიციასთან ურთიერთობაში და ასევე სასამართლოში. კარგად უნდა გვესმოდეს, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი და თუ არ ექნება პროგრესი დემოკრატიის კუთხით. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს ამ ქვეყნიდან“, - თქვა მან.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. ისინი კონგრესმენებთან ერთად, ვაშინგტონში, სხვადასხვა ორგანიზაციების, ექსპერთა წრეების და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG