ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენი სისხლი ღვინოა" - ქართული მეღვინეობის კვალდაკვალ


სომელიე - ჯერემი ქუინი, ფილმის თანაავტორი
სომელიე - ჯერემი ქუინი, ფილმის თანაავტორი

ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორისა და სომელიეს საქართველოში ხუთთვიანი მოგზაურობის შემდეგ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის შემდეგ ამერიკის არაერთ კინოთეატრში უკვე ბევრმა მაყურებელმა ნახა. „ჩვენი სისხლი ღვინოა“ ​- ამ ფილმის ავტორები ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ისტორიის ნაკვალევზე ცდილობენ უცხოელ მაყურებელს ყურძნის და ღვინის მიმართ ქართველების დამოკიდებულება და მათი უნიკალური კავშირი აჩვენონ. ემილი რეილსბექი და ჯერემი ქუინი ამბობენ, რომ არ უნდოდათ მოეყოლათ მხოლოდ ღვინის წარმოებისა და ბიზნესის შესახებ. მათ სურდათ ეჩვენებინათ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ოჯახური ტრადიცია და იდენტობის ნაწილია.

ჩიკაგოელი სომელიე ჯერემი ქუინი საქართველოში პირველად 2014 წელს ჩავიდა, სადაც რამდენიმე რესტორანსა პროექტში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. „ამერიკის საუკეთესო სომელიეს“ სტატუსის მქონე ღვინის სპეციალისტი მანამდე 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო ნამყოფი. იკვლევდა ყურძნის ჯიშებს, ასევე მეღვინეობის ტრადიციებს სხვადასხვა კულტურაში და ღვინის კავშირს ამა თუ იმ ხალხის იდენტობასთან.

ქართული ღვინის მრავალფეროვნებით გაოცებულმა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციით დაინტერესებულმა გაოცებულმა ქვეყნის ყველა რეგიონში მოგზაურობა გადაწყვიტა, უნდოდა თავად გაესინჯა ოჯახებში დამზადებული „რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული“ ღვინო. მისმა მეგობარმა, ასევე ჩიკაგოში მცხოვრებმა დამოუკიდებელმა რეჟისორმა, სცენარისტმა და ფოტოგრაფმა ემილი რეილსბექმა კი მასთან ერთად მოგზაურობა გადაწყვიტა.

"ჩვენი სისხლი ღვინოა" - ქართული მეღვინეობის კვალდაკვალ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00

ქართული მეღვინეობის 8000-წლოვანი ისტორიის კვალდაკვალ ემილიმ და ჯერემიმ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს. ფილმისთვის საჭირო დაფინანსება მოგვიანებით მოიპოვეს, ამიტომ თავდაპირვლი არჩევანი - Iphone 6 - აღარ შეუცვლიათ. მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მობილურით „შეიარაღებულებმა“ შეძლეს მაქსიმალური სიახლოვის და უშუალობის განცდის შექმნა. ფილმის ავტორები ამბობენ, რომ არ სურდათ მხოლოდ ბიზნესზე, ღვინის წარმოებაზე ან კონკრეტულ ჯიშებზე მოეყოლათ, უნდოდათ ეჩვენებინათ ღვინის დაყენების ტრადიცია, როგორც ოჯახური რიტუალი, ის ადამიანები, რომლებიც ყურძენს თავისი ოჯახისთვის წურავენ და სტუმრის გამასპინძლება ბედნიერებად მიაჩნიათ.

მოგზაურობის ამბების შესახებ ჯერემი ბლოგებს წერდა, ემილი კი ფილმისთვის შექმნილ ვებგვერდზე დროდადრო ფოტოებს აქვეყნებდა.

მათ ეს მოეწონათ საქართველოში, რომ ყველა ადამიანს, გლეხს თვითონ მოჰყავს ყურძენი, თვითონ დაწურავს, პირველ რიგში თავისი ოჯახისთვის, მერე თავისი მეგობრების და მოყვასისთვის, მან ღვინო დაინახა როგორც ყოველდღიური ყოფის ნაწილი. ქართველებს აქვთ ღვინის მიმართ ეს სიუბრალოვე შენარჩუნებული, უცხოეთში კი მას უფრო კომერციული და მატერიალური დატვირთვა აქვს.
მეღვინე ჯონ უერდმანი

ფილმისთვის ორიგინალური მურიკა ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ნინო არობელიძემ - Girl Named Nino შექმნა. ერთ-ერთ ჯაზ-კლუბში მის მოსასმენად ხელოვან მეგობრებთან ერთად მისული ემილი რეილსბექი ნინომ 2016 წელს გაიცნო.

"მეორე დილითვე მივიღე მისგან წერილი, მითხრა, როგორი სიახლოვე და ქართული სულისკვეთება იგრძნო ჩემგან, მითხრა შენი ხმა თან გამყვაო და მკითხა, თუ მაინტერესებდა მის პროექტში მონაწილეობა. მაჩვენა რამდენიმე ვიდეო მასალა, რის შემდეგაც ჩემი მომზადებული რამდენიმე ჩანახატი მივაწოდე. მისმა გამოგზავნილმა ვიდეოებმა იმდენად შთამაგონა, რომ მუსიკას და სიმღერებს თითქოს ქართული მიწა მეჩურჩულებოდა ყურში", - ამბობს ჩვენთან საუბარში "გოგო, სახელად ნინო".

რამდენიმე თვეში ნინომ ოფიციალური მოწვევა მიიღო Music Box Film-ისგან და ფილმის შემქმნელი გუნდის წევრიც გახდა.

კადრი ფილმიდან - "ჩვენი სისხლი ღვინოა"
კადრი ფილმიდან - "ჩვენი სისხლი ღვინოა"

ემილი რეილსბექი ამბობს, რომ ფილმის მონტაჟს 2 წელი დასჭირდა.

"ჩვენ არ გვინდოდა ეს ფილმი დამსგავსებოდა ღვინის შესახებ გადაღებულ უამრავ სხვა ფილმს, გვინდოდა მოგვეყოლა იმ ადამიანების ამბავი, ვისაც ღვინოსთან უნიკალური კავშირი აქვს, ვისთვისაც ღვინო იდენტობის ნაწილია", - ამბობს ემილი ფილმზე საუბრისას.

ფილმის საინტერესო გმირებს შორის არიან მეღვინე ქალებიც, რომლებიც თავიანთი მამების თუ ქმრების დაწყებულ ბიზნესს აგრძელებენ, ან სულაც თავიანთი ინიციატივით დაწყებულ საქმეს უდგანან სათავეში.

ჩვენ არ გვინდოდა ეს ფილმი დამსგავსებოდა ღვინის შესახებ გადაღებულ უამრავ სხვა ფილმს, გვინდოდა მოგვეყოლა იმ ადამიანების ამბავი, ვისაც ღვინოსთან უნიკალური კავშირი აქვს, ვისთვისაც ღვინო იდენტობის ნაწილია
ემილი რეილსბექი

რამდენიმე გმირი ფილმთან ერთად მოგზაურობს შეერთებულ შტატებში. მათ შორისაა მეღვინე იაგო ბიტარიშვილიც, რომელიც ვაშინგტონში პრემიერის წინ გამართულ დეგუსტაციაზე მისულ სტუმრებს მასპინძლობდა:

"საქართველო უნდა გაიცნონ ყველა მხრიდან, როგორც ღვინის მხრიდან, ისე კულტურის, სპორტის მხრიდან, და ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ღვინის ცნობადობა გაიზარდოს და ამას ყველაფერს შემდეგ კიდევ დამატებითი წარმატება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს იაგო და კითხვაზე, რა უნდა, რომ უცხოელმა მაყურებელმა ქართული ღვინის შესახებ იცოდეს, ამბობს:
"ყველაზე მეტად მინდა დაამახსოვრდეთ, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების და კულტურის შემადგენელი ნაწილი და არა მხოლოდ ბიზნესი. იმიტომ, რომ "იუნესკომაც" აღიარა, რომ ჩვენთან 8 000 წლის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა ღვინის დაყენება ძველი ტრადიციული მეთოდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ესაა ის გასაღები, რომელიც უნდა ახსოვდეთ ჩვენს უცხოელ სტუმრებს."

"ჩვენი სისხლი ღვინოა"
"ჩვენი სისხლი ღვინოა"

წინასწარ დაწერილი სცენარისა და პროფესიონალური ტექნიკის გარეშე გადაღებული ეს 78 წუთიანი ფილმი მისი ავტორებისთვისაც აღმოჩენა იყო. ჯერემის, რომელიც საქართველოში სამუშაოდ წავიდა, ვერ წარმოედგინა, რომ ეს მის მომავალს დიდწილად განსაზღვრავდა.

"მთავარი, რაც საქართველოდან მე, პირადად გამომყვა, არის სტუმართმოყვარეობის გრძნობა, ამას თვეების განმავლობაში ვიღებდი და ვგრძნობდი და ეს ჩემი ცხოვრების წესიც გახდა. მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ უკეთეს ადამიანად მაქციეს. ეს ფილმი არ იყო რაღაც ერთჯერადი საქმე, საქართველო ახლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ვიცოდი, რომ ეს მნიშვნელოვანი არჩევანი იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს იქნებოდა ის, რაც მთელ ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე მოახდენდა გავლენას", - ამბობს ჯერემი ჩვენთან საუბარში და დარწმუნებულია, რომ საქართველოში ყოველ წელს დაბრუნდება, რადგან რაჭაში ყურძენი დაწუროს და ღვინო დააყენოს.

"ჩვენი სისხლი ღვინოა"
"ჩვენი სისხლი ღვინოა"

საქართველოში მცხოვრები მეღვინე და ფილმის ერთ-ერთი გმირი, ჯონ უერდმანი კი ფიქრობს, რომ ჯერემიმ და ემილიმ საქართველოში ღვინო სულ სხვა პერსპექტივით დაინახეს:

"მათ ეს მოეწონათ საქართველოში რომ ყველა ადამიანს, გლეხს თვითონ მოჰყავს ყურძენი, თვითონ დაწურავს, პირველ რიგში თავისი ოჯახისთვის, მერე თავისი მეგობრების და მოყვასისთვის, მან ღვინო დაინახა როგორც ყოველდღიური ყოფის ნაწილი. ზოგი ქართველი ფიქრობს, რა დაინახა ასეთი, ჩვენ ამით გაზრდილები ვართო, მაგრამ ზუსტად, რომ ქართველებს აქვთ ეს ღვინის მიმართ სიუბრალოვე შენარჩუნებული, და უცხოეთში უფრო კომერციული და მატერიალური დატვირთვა აქვს". - ამბობს უერდმანი

ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, პორტლენდი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი - ფილმი ამერიკის სხვადასხვა შტატში უკვე აჩვენეს, ამერიკაში მცხოვრები ქართველების გარდა, დარბაზებში ისეთი ადამიანებიც ბევრნი იყვნენ, ვისაც საქართველოში უმოგზაურია, საქმიანი ვიზიტით ყოფილა ან საქართველო რუკაზე დანიშნულების მომდევნო წერტილად აქვს მონიშნული. ფილმის ავტორები საქართველოში ღვინის დასაყენელად დაბრუნებას აპირებენ, ქართველი მეღვინეები კი იმედოვნებენ, რომ ღვინის წარმოების საუკუნოვანი ტრადიციის შესახებ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიგებს, მეტი გასინჯავს ქართულ ღვინოს და საყვარელ გემოსაც აღმოაჩენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG