ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზებული დანაშაული და რადიოლოგიური მასალების უკანონო გადაზიდვა საქართველოს მაგალითზე


ქართველი მკვლევარი ალექსანდრე კუპატაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამართულ ბრიფინგზე
ქართველი მკვლევარი ალექსანდრე კუპატაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამართულ ბრიფინგზე

ამ სათაურით გუშინ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც მოხსენებით ქართველი ექსპერტი ალექსანდრე კუპატაძე გამოვიდა

გუშინ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიმართა ბრიფინგი თემაზე „ორგანიზებული დანაშაული და რადიოლოგიური მასალების უკანონო გადაზიდვა საქართველოს მაგალითზე.“

ბრიფინგზე პრეზენტაციით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი ალექსანდრე კუპატაძე. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ჟურნალ „გაუვრცელებლობის მიმოხილვის“ ივლისის ნომერში გამოქვეყნებული ანალიტიკური ნაშრომის მთავარ ნარკვევებზე.

კუპატაძემ აღნიშნა, რომ როცა ლაპარაკია რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შენახვასა თუ გაყიდვის მცდელობებზე, დამნაშავეების წინა გამოცდილება კონტრაბანდულ საქმიანობაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მაგალითად მან მოიყვანა თამაზ დემეტრაძის საქმე, რომელიც ჯერ საბჭოთა ხოლო შემდეგ კი საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობდა. 1995 წელს პენსიაზე გასული დემეტრაძე 2006 წლის აგვისტოში დააკავეს იმის გამო, რომ მის საკუთრებში ქართველმა სამართალდამცველებმა ერთი კილოგრამი ურანი აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტების დასკვნით არ იყო გამდიდრებული. საგამოძიებო მასალების თანახმად დემეტრაძე კონტრაბანდული საქმიანობის სფეროში ცნობილი პირი იყო და მას აფხაზეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდა, განსაკუთრებით იქ განლაგებულ ორგანიზებული დანაშაულის სამყაროსა და სეპარატისტული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ურანი რუსეთიდან იყო. რუსეთის ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს უცნობმა წარმომადგენლებმა ურანი ჯერ სოჭში გადაიტანეს, ხოლო შემდეგ კი აფხაზეთში, სადაც რადიოაქტიური მასალა ორი კვირის მანძილზე ინახებოდა. დემეტრაძე დაიქირავეს როგორც კურიერი, რომელსაც აფხაზეთიდან თურქეთში ურანის გადატანა დაევალა.

რაც შეეხება რადიოაქტიური ნივთიერებების ან რადიოაქტიურ ნივთიერებებად გასაღებული მასალების გაყიდვის მცდელობებს კუპატაძემ აღნიშნა:

„ქართველი გამომძიებლების თქმით, რადიოაქტიური ნივთიერებების ყოველ ნამდვილ კონტრაბანდისტზე სამიდან ოთხამდე თაღლითი მოდის, რომლებიც მაქინაციის განხორციელების მიზნით ამტკიცებენ, რომ მათ გააჩნიათ რადიოლოგიური მასალები. პოტენციური მყიდველების ამოცნობა ხორციელდება ნათესავების, მეგობრებისა თუ ნაცნობების პირადი ქსელის მეოხებით. შუამავლებს, როგორც წესი, ამგვარი ქსელების სიმრავლე ახასიათებთ. ამას გარდა, ზოგ შემთხვევაში უკანონო გარიგებაში ერთი შუამავალი მონაწილეობს, ხოლო ზოგში კი შუამავლების ჯაჭვი.“

კუპატაძემ აღნიშნა, რომ შავ ბაზარზე რადიოაქტიური მასალების გამსაღებელი პირების ამოცნობისა და დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ხშირად თავს თურქ მეწარმეებად ასაღებენ. მისი თქმით:

„ქართველი ოფიცრები აღნიშნავენ, რომ თურქეთის სადაზვერვო სამსახურებმა ფარული ოპერატიული საქმიანობა მნიშვნელოვნად გაზარდეს, განსაკუთრებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ კონტრაბანდისტები რადიოაქტიური მასალების მყიდველებს სწორედ აჭარაში ეძებენ, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე ამგვარი საქმიანობის კერა გახდა იმის გამო, რომ კრიმინალურ სამყაროში გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ამ რეგიონში ბევრი პოტენციური მყიდველი გამოინახება.“

კუპატაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროფესიონალი კრიმინალები, რომლებსაც კანონიერ ქურდებს უწოდებენ, რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენასა თუ გასაღებაში არ მონაწილეობენ იმის გამო, რომ საქმიანობა ამ სფეროში უაღრესად სარიკსოა და უტყუარი ფინანსური მოგების გარანტიას არ იძლევა.

ბრიფინგზე კომენტარით გამოვიდა ჯეიმს მარტინის სახელობის ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევების ცენტრის დირექტორის თანაშემწე ელენა სოკოვა. უნდა აღინიშნოს, რომ სოკოვა საქართველოს წელს რადმენიმეჯერ ესტუმრა რადიოაქტიური მასალების უკანონო გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეძენის მიზნით. საქართველოში ყოფნისას სოკოვა ქართველ სამართალდამცველებს და გამომძიებლებს არაერთხელ შეხვდა. ამასთან დაკავშირებით სოკოვამ კერძოდ აღნიშნა:

„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქართული მხარის ღია დამოკიდებულებამ ამ საკითხების განხილვის მიმართ. ჩვენ მათგან გარკვეული შემთხვევების შესახებ ამომწურავი დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენ ამგვარ თანამშრომლობას ძალიან ვაფასებთ და მივესალმებით. სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველო მკვლევარების, სადაზვერვო სამსახურებისა თუ ჟურნალისტების ყურადღებას იპყრობს რადგან 2003 წლიდან მოყოლებული რადიოაქტიური მასალების აღმოჩენის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა სწორედ საქართველოში მოხდა. პირველი იყო 2003 წელს 87 პროცენტით გამდიდრებული ურანის აღმოჩენა, ხოლო მეორე კი 2006 წელს ხინცაგოვის ცნობილი საქმე იყო, როცა მას აგრეთვე 87 პროცენტით გამდიდრებული 100 გრამი ურანი აღმოაჩნდა. უკანასკნელი შემთხვევა კი მიმდინარე წლის მარტში მოხდა, რის შესახებაც ინფორმაცია პირველად ვაშინგტონში აპრილში გამართულ ატომური ენერგიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა.“

XS
SM
MD
LG