როგორც მოსალოდნელი იყო, კვირას გამართულ „ოსკარების“ გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ყველაზე მეტი პრიზი "ოპენჰაიმერმა" მოიპოვა. შეერთებულ შტატებში ატომური ბომბის შექმნაზე გადაღებულ სამსაათიან ეპიკურ დრამას შვიდი „ოსკარი“ ერგო, მათ შორის, წლის საუკეთესო ფილმის და საუკეთესო რეჟისურისთვის.
ჰოლივუდის კინოაკადემიის მთავარი პრიზის გადაცემის 96-ე ცერემონია ლოს-ანჯელესის „დოლბის“ კინოთეატრში 10 მარტს გაიმართა.
„ოპენჰაიმერი“ აქამდეც ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კინოფესტივალის ფავორიტი იყო. მან იანვარში ხუთი "ოქროს გლობუსი" მოიპოვა, რომელთა შორის იყო მთავარი პრიზები - საუკეთესო დრამატული ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის. ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიამ "ბაფტა" (BAFTA), თებერვალში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმს ყველაზე მეტი, შვიდი პრიზი გადასცა.
13 ნომინაციით, „ოპენჰაიმერი“ წლევანდელი ოსკარების ნომინანტთა სიაშიც ლიდერობდა. ფილმის რეჟისორია კრისტოფერ (კრის) ნოლანი, პროდიუსერი კი - ნოლანის მეუღლე ემა ტომასი. წარმოშობით ბრიტანელი რეჟისორი ფართოდაა აღიარებული შეერთებულ შტატებში და „ოსკარზეც“ ბევრჯერ იყო სხვადასხვა ნამუშევრისთვის ნომინირებული, თუმცა ჰოლივუდის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მას წელს პირველად გადაეცა.
„ოპენჰაიმერი“ გასულ წელს კინოთეატრების ბლოკბასტერადაც იქცა. გამოსვლისთანავე, ის კიდევ უფრო პოპულარულ გრეტა გერვიგის „ბარბისთან“ ერთად, შეერთებულ შტატებში ერთგვარ კულტურულ ფენომენადაც კი იქცა, სახელად „ბარბენჰაიმერი“. გლობალურად 2.4 მილიარდზე მეტი შემოსავლით, ამ ორმა ფილმმა დიდი როლი ითამაშა კინოინდუსტრიის გამოცოცხლებაში და სტრიმინგის ეპოქაში მაყურებლის კინოთეატრებში დაბრუნების საქმეში.
კრის ნოლანის ფილმმა „ოსკარი“ მოუტანა მთავარი როლის შემსრულებელ სილიან მერფის, რომელიც წელს ასევე ბევრი კინოფესტივალის რჩეული გახდა. „ოპენჰაიმერმა“ ასევე გაიმარჯვა საუკეთესო ორიგინალური სცენარის, საუკეთესო მონტაჟის და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიებში.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ემა სტოუნს გადაეცა, ფილმიდან „საცოდავი არსებები“. საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ბრიტანულმა ფილმმა „ინტერესის ზონა“. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში კი „ოსკარი“ გადაეცა უკრაინელ რეჟისორ მსტისლავ ჩერნოვს, ფილმისთვის „20 დღე მარიუპოლში“.
Facebook Forum