ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

OPIC-ის მორიგი სესხი საქართველოს


ქართულმა კომპანიამ "სანტე-ჯი-ემთიმ" ხელი მოაწერა შეთანხმებას საზღვარგარეთ ამერიკის კერძო ინვესტიციების დაფინანსების სააგენტოსთან. ეს სააგენტო ამერიკის სამთავრობო სტრუქტურაა და ის ქართულ ბაზარზე ერთერთ ლიდერ კომპანიას 3 მილიონი დოლარის სესხს გადასცემს.

რას დააფინანსებს ეს თანხა და როგორია კომპანიის პრეზიდენტის გიორგი თავაძის პერსპექტივა:

გიორგი თავაძე: "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა", რომელიც გახლავთ "სანტე ჯი-ემ-თი ჯგუფის" ერთერთი კომპანია, ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს "სანტეს" განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების შეძენას და დანერგვას ბაზრის გაფართოების მიზნით. ეს, ჩვენს კომპანიას საშუალებას მისცემს შეისყიდოს და აითვისოს ახალი ტექნოლოგიები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ [ვრცელი] პროცესისა, როცა ამერიკული სამთავრობო სტრუქტურა საქართველოში ახორციელებს ძალიან ღირებულ პროექტს.

ამერიკული სამთავრობო სტრუქტურის ფინანსური დახმარების მნიშვნელობას საქართველოში ცვალებადი საინვესტიციო ტენდენციის ფონზე პოზიტიურად აფასებს ამერიკა-საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი მამუკა წერეთელი:

მამუკა წერეთელი: ქართული კომპანია, რომელიც რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერია საქართველოში, კიდევ უფრო ძლიერდება და იქმნება საშუალება, რომ მან ექსპორტზეც გაიტანოს საკუთარი პროდუქცია. ამ პროცესს საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ეხმარება ინვესტიციების გასაფართოებლად, ჩართულია ამ საქმეში. ეს კი გულისხმობს იმას, რომ არის ამერიკის ხელისუფლების მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. "ჯი-ემ-თის" სხვა პროექტებიც აქვს-ეს არის სასტუმროების ქსელი. სწრაფი კვების ობიექტის -"ვენდის" ერთერთი დამფინანსებელი სწორედ აღნიშნული ამერიკული საზღვარგარეთული ინვესტიციების დაფინანსების კორპორაციაა, და სავარაუდოა კიდევ ერთი "ვენდის" გახსნაც. ასევე, მათი შემწეობით არსებობს რამდენიმე სასწავლო დაწესებულება, გახსნილია უნივერსიტეტი. საქმიანობის სპექტრი ვრცელია მაშინ, როცა კერძო კაპიტალის შედინების ნაკლებობა შეიმჩნეოდა საქართველოში. ცალსახაა, რომ აღნიშნული სააგენტოს დახმარებით ამერიკული კაპიტალი საქართველოში კიდევ ერთხელ შევიდა სხვა ინვესტიციების შედინების პარალელურად. ეს ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა.
XS
SM
MD
LG