ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მწვანე ქალაქები" - პლანეტის გადარჩენის გზა


ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის პარიზის ოფისმა კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით, მწვანე ქალაქები ზრდისა და უფრო მდგრადი პლანეტის გარანტიაა. თუმცა ხუთშაბათს გამოქვეყნებული ახალი ანგარიში გვიჩვენებს თუ ეგრეთ წოდებულ “ მწვანე“ ქალაქებს როგორ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ განვითარებაზე და ხელი შეუწყონ პლანეტის გადარჩენას.

მსოფლიოს თითქმის ნახევარი მოსახლეობა ქალაქებში ან მის მახლობლად ცხოვრობს. ურბანულ ცენტრებში ასევე სათბური გაზების ორი მესამედი წარმოიქმნება. ამ პირობებში, შემაშფოთებელია ის პროგნოზი, რომ საუკუნის ბოლოს ურბანული მოსახლეობა, სავარაუდოდ, გაორმაგდება.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პარიზის ოფისმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია ქალაქების გამწვანებასთან დაკავშირებული წინადადებები. ეკოლოგიური განვითარება ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს.

ორგანიზაციის ქალაქის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი უილიამ თომსონი იმ ანგარიშის ავტორიცაა, რომლის პრეზენტაციაც ხუთშაბათს სტოკჰოლმში გამართულ „მწვანე ქალაქების კონფერენციაზე“ გაიმართა.

უილიამ თომსონი: საკითხი ეხება ეკოლოგიურ პრობლემებს, განსაკუთრებით ისეთს, როგორიც კლიმატის ცვლილებაა, რაც გლობალური პრობლემაა. ამ პირობებში, ქალაქებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ. მისასალმებელია, რომ იზრდება იმ ქალაქების რაოდენობა, რომლებიც გარემოს დაცვის კუთხით კონკრეტულ ქმედებებს მიმართავენ.

ახალი ნაშრომი დიდ წილად ფოკუსირებულია იმ სტრატეგიაზე, რომლის განხორციელებაც წარმატებული იყო. მაგალითად, ეკოლოგიური რაიონების მშენებლობა, ავტომობილების გადაჭარბებულ გამონაბოლქვზე გადასახადის დაწესება და პარიზის, სტოკჰოლმისა და ჩიკაგოს მსგავსი მწვანე ინდუსტრიული ზონების მშენებლობა. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მომავალი კვლევა უკვე აზიის განვითარებად ქვეყნებში ჩატარდება.

უილიამ თომსონი: აზიის დინამიური განვითარება ისეთ ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის ქალაქებში, რაც სტოკჰოლმს და პარიზს არ ემუქრება. პირველ რიგში, ქალაქები ძალიან ჩქარა იზრდება. ასევე, უფრო სამრეწველო კუთხით ვითარდება და ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასავლურ ქვეყნებში, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში არსებობს ქალაქები, სადაც სამრეწველო ობიექტები არ არის.

თუმცა არსებობს რამდენიმე გზავნილი რომელიც, მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის არის ყურადსაღები. მაგალითისთვის, სხვადასხვა ქალაქების ინდივიდუალური პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობა და ფინანსური მექანიზმები, რომელიც მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ქალაქების შიგნით განვითარებას უფრო ენიჭება, ვიდრე ურბანული ცენტრების გაფართოებას.

მთავარი იდეა არის: ქალაქები ჩვენი მომავალია. „მწვანე ქალაქები“ კი მომავალს უფრო ეფექტურს გახდის.
XS
SM
MD
LG