ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახირებული ოკუპაცია


ახირებული ოკუპაცია
ახირებული ოკუპაცია

ოკუპირებული ახალგორის შემთხვევაში ერთდროულად შეიძლება მსჯელობა რამდენიმე ფორმალურ და პიკანტურ დეტალზე. რას ნიშნავს ახალგორის ოკუპაცია რუსეთისთვის და რას ნიშნავს საქართველოსთვის.

აქვე ისიც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ახალგორი რუსულმა არმიამ მხოლოდ ომის შემდეგ დაიკავა და ისიც იმ ფორმალობის გამო, რომ ეს ტერიტორია ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში შედიოდა. მისი ოკუპაცია მხოლოდ ახირებულობის ჭრილში თუ განიხილება, სხვა მხრივ ახალგორის დაკავება ზედმეტ ტვირთადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ. ამის თქმის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ, ის, რომ ახალგორის ოკუპაცია სეზონურ ხასიათს ატარებს. იგი ოკუპირებული წელიწადში მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაშია, დანარჩენი დრო კი ბლოკადაა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში ცხინვალიდან ახალგორისკენ მიმავალი გზა, როგორც წესი, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო გამოუყენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ქალაქები ერთმანეთს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე ვერ დაუკავშირდება. რომ არა გამოსასვლელი წეროვანისკენ, ახალგორი ზამთრის პერიოდში მთელი სამყაროსგან იზოლირებული დარჩებოდა. ამავეს ადასტურებს ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური.

რუსული მხარე ახალგორის ზამთრის ბლოკადის დაძლევას აეროდრომის მშენებლობით ცდილობს. ახალგორის გამგებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში შესვლა იმავე წესის მიხედვით შეიძლება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ანუ რუსულ საგუშაგოზე გავლისას რუსულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული პირადობის მოწმობის ასლი უნდა წარადგინო, სადაც საცხოვრებელ ადგილად ახალგორი უნდა იყოს მითითებული. პერიოდულად, ახალგორში შესვლის წესები იცვლება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ოსურ პოსტზე მოსახლეობას დამატებით კიდევ ერთი საბუთის წარდგენას სთხოვდნენ, ეგრეთ წოდებულ ფორმა #1-ს. ზურაბ ფიცხელაური ამბობს, რომ ამ საბუთის გამო ოსურ და რუსულ მხარეს კონფლიქტი მოუვიდათ. რაც საბოლოოდ, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. რუსებმა მიიჩნიეს, რომ ეს ზედმეტი საბუთი იყო, რისთვისაც ფულს მოსახლეობა ტყუილუბრალოდ იხდიდა.

ამ ეტაპზე ახალგორში ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტი ცხოვრობს. ახალგორის გამგებელი ამბობს, რომ თითქმის ყველას თავშესაფარი წეროვანში უკვე მიღებული აქვს, თუმცა არ სურთ სახლების მიტოვება და მშობლიურ ქალაქს პერიოდულად აკითხავენ. მისივე თქმით, ქალაქში თავისუფლად მუშაობს მაღაზიები, სადაც ქართულ-რუსული საგუშაგოდან შეტანილი პროდუქტი იყიდება.

XS
SM
MD
LG