პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს არ უნდა გაუჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სამთავრობო დანახარჯებს $85 მილიარდით ავტომატურ შემცირებას ააცილებს ქვეყანას თავიდან. ამ შეკვეცას სეკვესტრს უწოდებენ და ის ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განხილული თემაა დღეს.
ობამა ასევე აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ამით დაზარალდება როგორც ამერიკის, ასევე მთელი მსოფლიოს ეკონომიკა:
„ეს ავტომატური შეკვეცები, რომლებიც განურჩევლად შეამცირებს პროგრამების დაფინანსებას, მძიმე შედეგებს მოუტანს საშუალო კლასის ოჯახებს, მასწავლებლებს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, სამედიცინო კვლევით პროგრამებს. ეს დანახარჯების შემცირების გონივრული გზა არ არის.“
თუმცა ამ განცხადების შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებით, პრეზიდენტმა ობამამ მსოფლიოს ლიდერების დარწმუნება სცადა იმაში, რომ ამერიკაში ავტომატური საბიუჯეტო შეკვცები მსოფლიო ფინანსურ სისტემებზე გავლენას არ იქონიებს.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობების შესრულებას ვერ შეძლებს. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება, მაშინ მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება, რადგანაც ჩვენ გლობალური ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი ძალა ვართ. მე არ მგონია, რომ ვინმეს ამ შედეგის მიღება სურდეს.“
რესპუბლიკელები, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა აქვთ, აცხადებენ, რომ ავტომატური შეკვეცის დაწყებას ხელს არ შეუშლიან, რადგანაც მათი აზრით, მთავრობის მიერ ზედმეტი ფულის დახარჯვა ამერიკის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ ავტომატური სეკვესტრი იმ დრომდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ადმინისტრაცია რეფორმების განხორციელებას არ დაიწყებს ბიუჯეტის დასაბალანსებლად.
ობამას ადმინისტრაციამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მძიმე შეიძლება იყოს შედეგები სეკვესტრის შემთხვევაში. ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანმა რეი ლაჰუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიუჯეტის ავტომატური შეკვეცა გამოიწვევს საჰაერო ტრანსპორტის დისპეტჩერებისა და თვითმფრინავების პროფილაქტიკის პერსონალის რაოდენობის შემცირებას. ის ასევე არ გამორიცხავს აეროპორტებში უფრო გრძელ რიგებს და ფრენების გაუქმებას ან გადადებას:
„ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც ნიუ იორკი, ჩიკაგო და სან ფრანცისკოა, პიკის საათის დროს, შეიძლება ფრენები 90 წუთით დაგვიანდეს იმის გამო, რომ დისპეტჩერების არა-საკმარისი რაოდენობა გვყავს. ამ ქალაქებში ფრენების დაგვიანებას კი ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება მთელი ქვეყნის მასშტაბით.“
პრეზიდენტთან თეთრ სახლში შეხვედრისას, შტატების დემოკრატმა გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ სეკვესტრი მათი შტატების ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
თეთრი სახლი რესპუბლიკელებს მოუწოდებს დაამტკიცონ შედარებით ნაკლებად მტკივნეული საბიუჯეტო შეკვეცები და ამასთან, გაუზარდონ საგადასახადაო განაკვეთი მდიდარ ფენას.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ გადასახადების გაზრდაზე პრეზიდენტთნ კომპრომისზე ერთხელ უკვე წავიდნენ 2012 წლის დეკემბერში, ეგრეთ წოდებული, „ფისკალური უფსკრულის“ თავიდან ასაცილებლად. იგივე კომპრომისზე წასვლას ისინი აღარ აპირებენ.