სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო რესპუბლიკელთა სამ ნახევარი ტრილიონი დოლარის საბიუჯეტო გეგმა. მან დასძინა, რომ გეგმა საშუალო კლასის ამერიკელებზე კიდევ უფრო მძიმედ იმოქმედებს, ხოლო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს უკან დახევს.
თავის სიტყვაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განსხვავებას მის მიერ წარდგენილ ბალანსირებულ და სამართლიან ბიუჯეტსა და რესპუბლიკელთა, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატთა გეგმას შორის.
გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც რესპუბლიკელები დომინირებენ, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. სამ ნახევარი ტრილიონი დოლარის პროექტს მხარი რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლმა მიტ რომნიმაც დაუჭირა.
მომავალი 10 წლის განმავლობაში ამ ბიუჯეტმა უნდა შეკვეცოს დეფიციტი რამდენიმე ტრილიონი დოლარით, უფრო მეტით ვიდრე ამას პრეზიდენტ ობამას გეგმა ითვალისწინებს. რესპუბლიკელთა პროექტის თანახმად საგადასახადო ჩავარდნები აღმოიფხვრება და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დახმარების პროგრამებს შეკვეცავს. ამავე გეგმის თანახმად, საგადასახადო შეღავათების დაწესების შემდეგ მდიდარი ამერიკელები ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
ვაშინგტონში პრეზიდენტი ობამა ასოშეითიდ პრესის რედაქტორებისა და გამომცემლების წინაშე წარსდგა, სადაც რესპუბლიკელების გეგმას "ეკონომიკური დაღმასვლის რეცეპტი“ უწოდა, ხოლო საშაუალო კლასისთვის გამანადგურებელი შედეგის მომტანი:
‘’ ამას ექნება ტროას ცხენის ეფექტი. შენიღბული , როგორც დეფეციტის აღმოფხვრის გეგმა. სინამდვილეში ეს მცდელობაა ქვეყანაში რადიკალური ხედვის დანერგვისა. ეს არის სოციალური დარვინიზმი და შეიძლება ითქვას ჩვენი ისტორიის მიმართ არაეთიკური დამოკიდებულება. ამერიკა ხომ შესაძლებლობებისა და მათი განხორციელების ქვეყანაა.“
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რესპუბლიკელთა გეგმა შეაფერხებს ინვესტიციებს განათლების, ტრეინინგებისა და კვლევების მიმართულებით, რაც ასე აუცილებელია ამერიკის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
„ ამ ბიუჯეტს მხარს უჭერს არა რესპუბლიკური პარტიის მცირე ჯგუფი, არამედ მთლიანად პარტიის პლატფორმას წარმოადგენს. ეს არის მათი წინასაარჩევნო პროგრამაც.“
ობამას ბრალდებებზე რესპუბლიკელებმა რეაგირებით არ დააყოვნეს. მიტ რომნის კამპანიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ობამა არაა ის საიმედო ფიგურა, რომლის დარიგებებიც შეიძლება გაითვალისწინო, ვინაიდან თეთრ სახლში მოღვაწეობის განმავლობაში მან კიდევ რამდენიმე ტრილიონი დოლარის ვალი დაუმატა ქვეყანას.
ხოლო წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა პრეზიდენტ ობამას კრიზისის გაღრმავებაში დასდო ბრალი.
ბატონი ობამას გამოსვლა სამშაბათს რესპუბლიკელთა პრაიმერების დღეს დაემთხვა. ამომრჩეველი კოლუმბიის ოლქიდან ისევე, როგორც მერილენდისა და ვისკონსინის შტატებიდან ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება შედეგებს, მიტ რომნიმ ამ შტატებში წარმატებას მიაღწია და კიდევ უფრო მიუახლოვდა ნომინანტის სტატუსს.