ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ძლიერი ალიანსი“


პრეზიდენტ ობამას ისრაელში იმედით ელიან

ისრაელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის სტუმრობისთვის ემზადება. დეტალებს იერუსალიმიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი რობერტ ბერგერი არკვევდა.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე ვადის პირველი საგარეო ვიზიტი ისრაელში შედგება. მაღალი სტუმრის შესახებ იერუსალიმში შეკრებილმა ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელა.

„მოსალოდნელი ვიზიტი ადასტურებს ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ძლიერ ალიანსს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ობამას და ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა პირველი იქნება მას შემდეგ, რაც ორივე ლიდერმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა: ბარაკ ობამამ ნოემბერში, ხოლო ნეთანიაჰუმ იანვარში.
„პრეზიდენტ ობამას ვიზიტის დროს სამ მთავარ საკითხზე გამახვილდება ყურადღება: ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენცია, სამოქალაქო ომი სირიაში და დაძაბულობა რეგიონში და ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების განახლება,“- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ორივე ლიდერი იმედოვნებს, რომ ისინი საერთო შეხების წერტილებს მოძებნიან იმ უთანხმოების შემდეგ, რაც მათ შორის ბოლო პერიოდში პალესტინის საკითხზე წარმოიქმნა.
როგორც ირანი აცხადებს, მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, ისრაელი და შეერთებული შტატები შიშობენ, რომ ისლამური რესპუბლიკა საკუთარ ბირთვულ იარაღს ქმნის, რაც ისრაელს უშუალო საფრთხეს უქმნის. პრეზიდენტი ობამა ეწინააღმდეგება ისრაელის პოზიციას ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო იერიშების განხორციელების თაობაზე. ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის კრიზისი დიპლომატიის გზით უნდა გადაიჭრას. პრეზიდენტმა ობამამ ასევე დაგმო იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლებების მშენებლობა, რამაც სამშვიდობო პროცესის ჩიხში შეყვანა გამოიწვია.

პრეზიდენტი ობამა ახლო აღმოსავლეთის საკითხს, პალესტინის ადმინისტრაციასთანაც განიხილავს.
ჰანან აშრავი პალესტინელი კანონმდებელია.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სერიოზული სიგნალია და წარმოადგენს გაზრახვას, რათა ვითარება კონსტრუქციულად და პოზიტიურად წარიმართოს, რათა გადაიდგას ნათელი ნაბიჯები და დასრულდეს ისრაელის ოკუპაცია,“ - აცხადებს ჰანან აშრავი.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნეთანიაჰუ პალესტინელებს მოლაპარკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ის აცხადებს, რომ მისი კოალიციური მთავრობა ზომიერი პარტიებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს უჭერენ.
XS
SM
MD
LG