ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ერაყში ომის დამთავრებას გამარჯვებას არ უწოდებს


ობამა ერაყში ომის დამთავრებას გამარჯვებას არ უწოდებს
ობამა ერაყში ომის დამთავრებას გამარჯვებას არ უწოდებს

შვიდ-წლიანი საბრძოლო ოპერაცია ერაყში 31 აგვისტოს დასრულდა. პრეზიდენტმა საბრძოლო მისიის დასრულება საკუთარ ერს ოვალური ოფისიდან ამცნო.

შეერთებულიშტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოვალური ოფისიდან ამერიკელ ხალხს მიმართა და მათ ერაყში საბრძოლო ოპერაციის დასრულება ამცნო. ეს ბატონი ობამას პრეზიდენტობის მანძილზე ოვალური ოფისიდან მეორე სატელევიზიო მიმართვა იყო. პრეზიდენტმა გამარჯვების გამოცხადებისგან თავი შეიკავა და ამერიკული ჯარების ერაყიდან 7 წლიანი საბრძოლო ოპერაციის შემდეგ გამოსვლას „ისტორიული მომენტი“ უწოდა.

"ერაყში საბრძოლო მისია დასრულდა. ოპერაცია 'ერაყის გათავისუფლება' დასრულებულია," განაცხადა პრეზიდენტმა.

განცხადების გაკეთებამდე პრეზიდენტი ტეხასის შტატში ფორტ ბლისში იმყოფებოდა, სადაც ერაყიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს შეხვდა. ფორტ ბლისის 51 ჯარისკაცი ერაყში საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა. ბატონი ობამას განცხადებით, ერაყის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერიდან ერაყელი ხალხის პასუხისმგებლობაა:

"საბოლოო ჯამში მხოლოდ ერაყელ ხალხს შეუძლია ერთმანეთში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გადალახვა. მხოლოდ ერაყელებს შეუძლიათ საკუთარი ქუჩების პატრულირება და საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიის დამყარება. ამერიკა ერაყელ ხალხს უწყვეტ თანადგომას უცხადებს, როგორც პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა."

2003 წლის მარტში ბაღდადში განგაშის ხმა გაისმა და ცა აფეთქებებმა გაანათა. ამერიკა მას შემდეგ იბრძვის ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ომს.

გუშინ ბატონმა ობამამ მის წინამორბედს, ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს დაურეკა. თეთრმა სახლმა ამ საუბრის დეტალები არ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ერაყში ომის დაწყება სწორედ პრეეზიდენტი ბუშის ბრძანების საფუძველზე მოხდა.

"ეს არ იქნება ნახევრად გაკეთებული საქმე და ჩვენ არაფერს შევეგუებით გამარჯვებისა," განაცხადა ომის დაწყების წინ პრეზიდენტმა ბუშმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამა ამერიკელ ხალხს ერაყში ომის დამთავრებას დაჰპირდა. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო ოპერაცია დასრულებულია, დააახლოებით 50 ათასი ჯარისკაცი ერაყში დარჩება ადგილობრივი ჯარისთვის კონსულტაციის გასაწევად. შესაძლოა სწორედ ამის გამო პრეზიდენტმა ერაყიდან გამოსვლას გამარჯვება არ უწოდა.

"შეიარაღებული ძალების ქვეყნიდან გამოსვლასთან ერთად, ერაყში ჩვენი გამოცდილი დიპლომატები, სადამხმარებლო ორგანიზაციების წარმომადგენელბი და მრჩევლები წაუძღვებიან ერაყის მხარდაჭერას," აცხადებს პრეზიდენტი ობამა.

მიუხედავად ყველაფრისა, შეკითხვა ნამდვილად დამთავრდა თუ არა ერაყში სამხედრო ოპერაცია კვლავ აქტუალურად რჩება. ამ კითხვაზე ექსპერტები განსხვავებულ პასუხს იძლევიან. ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარი ჩარლზ დანი აცხადებს:

„თავი არ უნდა მოვიტყუოთ იმის ფიქრით, რომ ამერიკის ერაყში საქმიანობა ან საბრძოლო ოპერაცია დამთავრდა და სამოქალაქო პირები მათ უპრობლემოდ ჩაენაცვლებიან.“

ერაყში დარჩენილი ერთ-ერთი ჯარისკაცი მას ეთანხმება და ამბობს: "ჩვენ საბრძოლო დანაყოფი ვართ, ისევ ერაყში ვრჩებით და ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ სახელი შეგვეცვალა, თორემ მისია და დანიშნულება თითქმის იგივე დაგვრჩა."

ერაყის მთავრობა პოლიტიკური კრიზისიდან ვერ გამოდის. მარტში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყანას გამარჯვებული ლიდერი არ ჰყავს. ქვაყნის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ განაცხადა, რომ ამერიკელების წასვლის შემდეგ ერაყის უშიშროების ძალები საკუთარ თავზე აიღებენ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობას. ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბაღდადში იმყოფება სარდლობის გადაბარების ცერემონიალზე დასასწრებად.

ჩარლზ დანის თქმით, ამერიკის წარმატება იმ შემთხვევაში იქნება ადვილად დასანახი, თუ იქ სტაბილური მთავრობა შეიქმნება, რომელსაც ვაშინგტონის მიმართ უფრო დიდი ნდობა ექნება:

"მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩვენი ჯარების გამოყვანა არ არის. მთავარია ურთიერთ-დამოკიდებულებაც შევცვალოთ."

პრეზიდენტის თქმით, ერაყიდან ჯარების გამოყვანა მას ავღანეთში საომარი კონტინგენტის გაზრდის საშუალებას მისცემს.

ბატონი ობამა აცხადებს, რომ ავღანეთიდან ძალების გამოყვანა მომავალ წელს დაიწყება. მანამდე კი, პრეზიდენტის თქმით ამერიკამერიკას გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანაა.

XS
SM
MD
LG