ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას აზიური ტურნე


ბარაკ ობამა ამ ვიზიტის ფარგლებში აზიაში შეერთებული შტატების ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებზე გაამახვილებს ყურადღებას

პრეზიდენტი ობამა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ეწვევა. ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ბირმასა და კამბოჯაში ჩავა. ამ ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პირველი პირი აზიაში შეერთებული შტატების ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ბანკოკში ტაილანდის პრემიერ-მინისტრთან შეხდრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრებს.

ორშაბათს, ბარაკ ობამა ბირმაში ჩავა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სამხედროები მართავდნენ. ბირმის ოპოზიციის ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, აუნგ სან სუ ჩი სექტემბერში პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში მიიღო. ისინი რანგუნში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. შეერთებულმა შტატებმა შეარბილა სანქციები ბირმის წინააღმდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ დემოკრატიული გარდაქმნების დაწყების შემდეგ.

როგორც „ამერიკის ხმა"-სთან საუბარში ბირმის ოპოზიციის ლიდერმა, აუნგ სან სუ ჩიმ აღნიშნა, „სანამ არმია საბოლოოდ არ დადგება დემოკრატიის გვერდით, მანამდე პროცესის შეუქცევადობაზე ლაპარაკი შეუძლებელია.“

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ბირმაში დემოკრატიის განვითარება წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კურტ კემპბელი აცხადებს, „რეფორმების საწყის ფაზაში გარკვეული შეფერხებები შეიმჩნევა, მოლოდინი ყოველთვის უფრო დიდია ვიდრე სინამდვილეში ხდება ხოლმე.“

ვიზიტის დასასრულს პრეზიდენტი ობამა კამბოჯაში ჩავა, სადაც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შეხვედრა გაიმართება.

როგორც ყოფილი მზვერავი, ანალიტიკოსი, ქრის ჯონსონი აცხადებს, შეხვედრის მთავარი საკითხი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი ვითარება იქნება, სადაც ჩინეთი ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, ამას კი რეგიონში გარკვეული დაძაბულობა შეიძლება მოჰყვეს.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსის, მაიკლ გრინის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აზიის რეგიონს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს. მისი თქმით, „გასარკვევია ჩვენი დამოკიდებულება კამბოჯის და ბირმის მსგავს ქვეყნებთან. როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია და ეკონომიკური პოლიტიკა მათ მიმართ?“

ბარაკ ობამას ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. პირველ რიგში აზიის ლიდერებს შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივნის შესახებ ექნებათ კითხვები, რომელიც ამ თანამდებობაზე ჰილარი კლინტონს შეცვლის.
XS
SM
MD
LG