ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიუ-იორკში აღინიშნა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია ნიუ-იორკში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია ნიუ-იორკში

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება ნიუ-იორკში "პრინსტონის" უნივერსიტეტის მიერ დაარსებულ კლუბში გაიმართა. უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა და გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელმა კახა იმნაძემ უმასპინძლეს.

25 წლის წინ აქ ქართულ მრავალჟამიერს ვერ მოისმენდით, ასევე ვერ ნახავდით ეროვნულ დროშას, ქართველ დიპლომატებს, ეიმიგრანტებს, სხვადასხვა სფეროში ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს. ეს ადამიანები, უცხოელი დიპლომატები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები პრინსტონის უნივერტისტეტის მიერ დაარსებულ პრინსტონის კლუბში, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. კანადიდან ჩამოვიდა საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი. კანადაში გამართული მოლაპარაკებები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას შეეხებოდა. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა აუცილებელი გახადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია ნიუ-იორკში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია ნიუ-იორკში

დავით ზალკალიანი: კანადა არის საქართველოს ევრო-ატლანტიკური პროცესის ინტეგრაციის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენ მივიღეთ მათგან მყარი გარანტია რომ კვლავაც გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას. დღეს ვესწრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გაეროში ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ოცდახუთი წლის წინ დაწყებული იმ პერიოდიდან დღესაც აგრძელებენ ჩვენს ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული გზა ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში. იყო სერიოზული პრობლემები, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც არის კარგად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები ასევე ჩართული არის ინტეგრაციულ პროცესებში.

საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის ყოფილი დირექტორი დევიდ სმიტი ამბობს, რომ უკვე დროა საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან წევრობის კონკრეტული თარიღი მიიღოს.

დევიდ სმიტი: მთელს საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დიდებული დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის მართლაც რთული და გრძელი გზა განვლო. დღევანდელ საქართველოს შეუძლია იამაყოს წარმატებული დემოკრატიით, განვითარებული ეკონომიკით და რეფორმებით. ახლა უკვე ნამდვილად დროა, რომ საქართველო ჯერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, ხოლო შემდეგ უკვე ევროკავშირის. ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ნამდვილად არის ამერიკის და ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს ინტერესი. საქართველომ უკვე ყველა რეკომენდაცია შეასრულა. ეს იყო ქართველი სამხედროების მონაწილეობა ნატოს სამხედრო მისიებში, ყველა მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების მომზადების დონეს ავღანეთში ყველაზე ცხელ წერტილებში განხორციელებულ ოპერაციებში. ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები. ახლა ნამდვილად უკვე არის დრო, რომ ნატომ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. უკვე დროა, კონკრეტული თარიღი, სამოქმედო გეგმა ან გრაფიკი დასახელდეს, თუ როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი.

მიღებაზე ქართველი დიპლომატების კოლეგები იმყოფებოდნენ. თურქეთის კონსული ნიუ-იორკში ერტან ეილჩინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ერტან ეილჩინი: 25 წელიწადი მნიშვნელოვანია თურქეთისთვისაც საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მხარდჭერას.

უცხოელი დიპლომატების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ემიგრანტებიც იმყოფებოდნენ. გენერალური კონსული დიანა ჟღენტი ამბობს:

"ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 25 წლისთავი. აქ ძალიან ბევრი ემიგრანტი არის წარმოდგენილი. მათთან ერთად, მათი მონაწილეობით, მათი ჩართულობით ჩვენ კიდევ წინ უნდა წავიდეთ. განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, იმიგრანტები ვინც აქ არიან და არამარტო აქ, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში არიან ძალიან დასაფასებელნი. მათი შრომა ფასდაუდებელია."

როგორია დღევანდელი საქართველო ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი იმიგრანტების შეფასებით. ეს ადამიანები ემიგრაციაში სხვადსხვა დროს წამოვიდნენ, თუმცა მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო საქართველოში ცხოვრობდნენ. საქართველოში ამ წლების განმავლობაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მათ გულწრფელ ემოციებს ემიგრაცია ვერ ცვლის.

კოტე ბეციაშვილი: რათქმაუნდა, არ ვიცოდი რომ რთული იქნებოდა დამოუკიდებოლობა. არც მოლოდინი არ მქონდა უბრალოდ ვიცოდი რომ, რაღაც დიდი მოხდა. სამწუხაროდ, აი ის დამოუკდებლობა რაც არის ფორმა, რაც შეიცავს ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს შრომისადმი, დამოკიდებულებას, ეს ჩვენგან ჯერ ისევ შორსაა.

ირინა მიქაბერიძე: პრინციპში მე შორიდან ვუყურებ ჩემს ქვეყანას და დღესაც ოცნებებში ვარ მასზე. დღესაც ისეთივე ლამაზი წარმომიდგენია როგორც 25 წლის წინ გვინდოდა რომ ყოფილიყო და წარმოგვედინა. თუმცა სამწუხაროდ ჩემი სურვილი რეალობასთან ცოტა დაშორებულია, თანხვედრაში არ არის მაგრამ მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და იმედს არ ვკარგავ. ყველაზე დიდ შეშფოთებას ჩემში იწვევს ხოლმე გამოკვეთლი მტრობა, გამოკვეთილად ორ ჯგუფად დაყოფა და არანაირი კონსენსუსი, საერთო ენის პოვნა, რაც ძალიან ცუდი დასანახია ემიგრანტის თვალსითვის შორიდან.

ქართული მუსიკალური კომპოზიციები საღამოზე ამერიკულ ბენდთან ერთად ამერიკაში მცხოვრებმა წარმატებულმა ქართველმა ჯაზმენმა ბაჩა მძინარაშვილმა შეასრულა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება ქართული ჰიმნით გაიხსნა და ქართულ-ამერიკული გუნდის "ზეკარის" მრავალჟამიერით დასრულდა.

XS
SM
MD
LG