ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში, უკრაინელი და რუსი ლიდერები პირველად ითათბირებენ


9 დეკემბერს, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები პირველად, პირისპირ შეხვდებიან პარიზში. ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული მოლაპარაკებების მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა.

ხუთი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში, უკრაინის მთავრობა პრო-რუს სეპარატისტებთან მძიმე ბრძოლაში იყო ჩართული... ამ ბრძოლამ 13 ათასი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა.

ამ ხნის განმავლობაში კრემლი ირწმუნებოდა, რომ არ მონაწილეობდა ომში, რომელშიც „მოხალისეებად“ სახელშეცვლილი რუსი ჯარისკაცები ჩაერთნენ. ევროპის სახელმწიფოებმა კი არაერთხელ სცადეს, მაგრამ ძალადობის მოლაპარაკების გზით დასრულება ვერ შეძლეს.

ამ ფონზე, სცენაზე ახალი მოთამაშე, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის. კომედიური ჟანრის მსახიობი, რომელმაც სახელი, უკრაინის შემთხვევით არჩეული პრეზიდენტის როლის შესრულებით გაითქვა. ამ წლის დასაწყისში, ზელენსკიმ ნამდვილ არჩევნებში გადამწყვეტი უპირატესობით გაიმარჯვა. ამომრჩევლებისადმი მისი მთავარი დაპირება, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულება იყო. რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლმა ეს შენიშნა.

ანდრეი კორტუნოვი: „მან მშვიდობის პირობა დადო. ეს მისი საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო და ის ამის შესრულებას ცდილობს. ამჟამად, უკრაინელების მხარეს ახალ მოქნილობას ვხედავთ, რომელმაც კონკრეტულ საკითხებზე რამდენიმე შეთანხმების მიღწევა გახადა შესაძლებელი.“

წარმატებების სიაში შედის, გასულ სექტემბერში შემდგარი ტყვეების მასობრივი გაცვლა და მომდევნო თვეში, სამი უკრაინული სამხედრო ხომალდის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა ერთი წლის წინ ჩაიგდო ხელში. რუსეთის ეს ჟესტი გაუფერულდა მას შემდეგ, რაც კიევმა მოსკოვი ამ ხომალდების გაძარცვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხომალდები შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება.

თუმცა რუსული გამოკითხვები „ზელენსკის ეფექტზე“ მაინც მიანიშნებს - სახელმწიფო პროპაგანდის მიერ დემონიზებული უკრაინის მიმართ რუსული განწყობები შერბილებას იწყებს.

სერგეი: „რუსეთში ის უბრალოდ პოპულარული ფიგურაა... წლების წინ, მან მოსკოვის სატელევიზიო თამაშებში ითამაშა. წინა პრეზიდენტთან შედარებით, მისი სახე უკეთესია.“

კაროლინა: „რა თქმა უნდა ის არის, დიახ, დიახ...“

სერგეი: „უფრო მეგობრული, უფრო ღია...“

ბორის კაგარლიცკი: „ეს წარმოდგენები და ფილმები რუსეთში მილიონობით ადამიანს აქვს ნანახი, რომლებიც მის ხუმრობებზე იცინოდნენ. ის მხიარულია! და მტერი მხიარული არ უნდა იყოს. ნებისმიერი მტერი შემაშინებელი უნდა იყოს. მტერი საშინელი უნდა იყოს. ზელენსკი ასეთი არ არის.“

მაგრამ სიცილი დონბასზე არ ვრცელდება - უკრაინას ჯერ კიდევ სურს, პრო-რუს ამბოხებულებთან დაკარგულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინოს... რუსეთი ე.წ. „დამოუკიდებელი რესპუბლიკებისთვის“ -რომლებსაც მოსკოვიც კი არ ცნობს - განსაკუთრებულ სტატუსს და სავარაუდოდ საკუთარი გავლენის გავრცელებას დაჟინებით მოითხოვს.

იმავდროულად, ზელენსკი სხვა პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. მოსკოვთან დაზავების მცდელობებმა, შინ, მებრძოლი ჯგუფების გაუცხოება გამოიწვია და ვაშინგტონის საიმპიჩმენტი მოსმენებში მისმა თვალსაჩინო ეპიზოდურმა როლმა, უკრაინისადმი შეერთებული შტატების დახმარების საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ დროს, როდესაც ზელენსკის ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

სირთულეების გათვალისწინებით, ორივე მხარე მიანიშნებს, რომ შესაძლოა რუსული ნავთობის და გაზის უკრაინის გავლით ევროპაში მიწოდების შესახებ შეთანხმება, პარიზის „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ყველაზე ადვილად მისაღწევი შედეგი იყოს. ეს ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი „და იმის უსიტყვო აღიარებაა, რომ უკრაინა და რუსეთი მეზობლებად რჩებიან... იმისდა მიუხედავად, მათ ეს მოსწონთ თუ არა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG