ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან დღეს ათი წელი გავიდა. 2010 წლის 12 თებერვალს უისტლერის ტრასაზე 144,3 კმ/სთ სიჩქარით ქუმარიტაშვილის ციგა ტრასიდან ამოვარდა და კონსტრუქციას ძლიერად შეეჯახა. ეს არ ყოფილა საკონკურსო დაშვება, ქართველი სპორტსმენი საწვრთნელ დაშვებას ახდენდა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, როცა ქუმარიტაშვილი სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
21 წლის ასაკში დაღუპული ქართველი სპორტსმენი, რამდენიმე დღეში საქართველოში 2010 წლის 17 თებერვალს გადაასვენეს. ის ბაკურიანში ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, ხოლო იმ ქუჩას სადაც ის ცხოვრობდა მისი სახელი დაერქვა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი დაიღუპა. მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მეოთხე შემთხვევაა.
Facebook Forum