შეერთებული შტატების მთავრობა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ამერიკელების, აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირების, მოკავშირეების და სხვა მოწყვლადი ავღანელების ქვეყნიდან გამოყვანის ძალისხმევას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანის დათქმულ ვადას გადაცდა.
ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა: “არ არსებობს გამოყვანის საბოლოო ვადა ამერიკელების და იმ ავღანელებისთვის, რომლებსაც 31 აგვისტოს შემდეგ სურთ ქვეყნის დატოვება. ისინი დავიწყებულნი არ არიან. გამოვიყენებთ ყველა დიპლომატიურ, ეკონომიკური დახმარების ბერკეტს რაც გაგვაჩნია, რათა თალიბანზე წნეხი განვახორციელოთ, რომ ადამიანებს ქვეყნის დატოვების ნება მისცენ.”
ოფიციალური პირები სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში და თეთრ სახლში, ოთხშაბათის ჩათვლით აგრძელებდნენ კრიტიკის მოგერიებას იმ ქაოსის გამო, რა სიტუაციაც ქაბულის აეროპორტის ჭიშკრებთან სუფევს.
ოთხშაბათს, ქაბულში აშშ-ის საელჩომ თავის ვებ-გვერდზე გაფრთხილება გამოაქვეყნა: “ქაბულის აეროპორტის შესასვლელებთან არსებული საფრთხის გამო აშშ-ის მოქალაქეებს ვურჩევთ აეროპორტში მისვლისგან თავი შეიკავონ და აეროპორტის შესასვლელებს მოერიდონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებისგან ამის გასაკეთებლად ინდივიდუალურ ინსტრუქციებს მიიღებენ.” საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: “აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც აღმოსავლეთ ან ჩრდილოეთ შესასვლელებთან იმყოფებიან, ეს ადგილები დაუყოვნებლად უნდა დატოვონ.”
ავღანეთში ამ დროისთვის დაახლოებით 1500 ამერიკელი სამოქალაქო პირი იმყოფება.
ქაბულის აეროპორტში, ქვეყნის დატოვების იმედით, დაახლოებით 10 ათასი ადამიანია შეკრებილი.
Facebook Forum