"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მას აცნობა, რომ მის წინააღმდეგ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დასტურდება და დამნაშავეთა ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია.
მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ინფორმაცია რუსეთიდან მისი ლიკვიდაციისთვის ჩამოსული მოქალაქეების შესახებ, მან ერთი თვის წინ მიიღო და ანტიტერორისტულ სამსახურს მიმართა. გვარამიას განცხადებით, მისი მოკვლა სნაიპერული შაშხანით იგეგმებოდა.
,,გამოკითხვის შემდეგ გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი. ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე, რაც მე არ უნდა მეთქვა. ამით არამხოლოდ კონფიდენციალურობას და ჩემგან ჩამორთმეულ პირობას არღვევს, არამედ უქმნის საფრთხეს ჩემს სიცოცხლეს.
ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან. უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ და ჩემს საქმესთან კავშირში არ არის.
ვკითხე დასტურდებოდა თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაზეც განმიცხადეს, რომ უცხოეთის მოქალაქეები არიან. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული, ვარ რომ უფროსის მოადგილე მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან და დასტურდება. პრაქტიკულად მათ უთხრეს, ჩემი დაცვა უფრო მარტივია თუ რთული, მოყვნენ სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც არც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც არ უნდა ეთქვათ.
სუს-ის განცხადება ჩვენ არ მოგვისმენია ფარულ ჩანაწერებზე და ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, მიზნად ისახავს საზოგადოების დაზაფვრას. ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი აღმოჩნდება დამკვეთი. მეორე ვარიანტია, რომ ამით გადაიფარება ის, რაც მიმდინარეობს ტელეკომპანია „ფორმულაში“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ამ თემაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ. მისი ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება.
„მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.
Facebook Forum