ახალ ზელანდიაში კოვიდ-19-ის გართულებებით გაზრდილმა სიკვდილობის მაჩვენებელმა რეკორდულ დონეს მიაღწია. ქვეყანაში ომიკრონის ვარიანტით გამოწვეული დაავადების ახალ ტალღას ებრძვიან, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს ხანდაზმულ მოსახლეობას აყენებს.
ერთ დროს ახალი ზელანდია პანდემიის მართვის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად განიხილებოდა, რაც განპირობებული იყო როგორც ჯანდაცვის სწრაფი და ეფექტიანი ზომების მიღებით, ისე ქვეყნის ბუნებრივი გეოგრაფიული იზოლირებით. ვითარება გასული წლის ბოლოდან უარესობისკენ შეიცვალა.
ბოლო 7 დღეში სიკვდილობის მაჩვენებელმა 151-ს მიაღწია, მაშინ როცა ყველაზე ძლიერი ტალღის დროს ეს მაჩვენებელი 115-ზე მეტი არ ყოფილა. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის გამო 26 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ყველას ასაკი 60 წელს აღემატება - განაცხადა დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ.
ახალ ზელანდიაში ახლა ომიკრონის BA.5 ქვევარიანტი დომინირებს. ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ პანდემიის დასაწყისიდან დღემდე 5.1 მილიონს მიაღწია. ბოლო ერთ კვირაში ახლადინფიცირებულია 64 780 ადამიანი, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან შემთხვევების ნაწილი ანგარიშში სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფიქსირდება.
სასწრაფო დახმარების განყოფილებები და სამედიცინო ცენტრები ახალ ზელანდიაში წნეხის ქვეშ მუშაობს. ამის მიუხედავად, მთავრობა ამ ეტაპზე არ გეგმავს ჯანდაცვის ზოგიერთი სპეციალისტის რეკომენდაციების მიღებას, სკოლებში ნიღბების სავალდებულო ტარების და საჯარო შეკრებებზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე.