რუსეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი გაათავისუფლოს. პოლ უილანი, რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით, 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ გამომძიებლებმა უილანის წინააღმდეგ დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა ვერ შეძლეს.
ჯონ სალივანმა, ელჩად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, რუსი მაღალჩინოსნები პოლ უილანის მიმართ „სამარცხვინო მოპყრობაში“ დაადანაშაულა.
უილანის საქმემ აშშ-რუსეთის უერთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. 49 წლის ყოფილ საზღვაო ქვეითს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რუსეთში დიპლომატიური სამსახურის დაწყების შემდეგ, სალივანი პირველად საჯაროდ სწორედ უილანის მონახულების დროს გამოჩნდა. ელჩმა, ყოფილი საზღვაო ქვეითი იზოლატორ „ლეფორტოვოში“ მოინახულა.
„დროა დასრულდეს ღამის კოშმარი და პოლი შინ დაბრუნდეს“ - განაცხადა ელჩმა სალივანმა, უილანის მონახულების შემდეგ.
„რუს მარალჩინოსნებს არ წარმოუდგენიათ სარწმუნო მტკიცებულებები იმისთვის, რომ პოლი იზოლირებული ჰყავდეთ. მას სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებაც კი არ შეუძლია. ეს სამარცხვინო მოპყრობაა.“ -აცხადებს ჯონ სალივანი.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არასათანადო მოქცევის შესახებ, უილანის ბრალდებები უაპყრო და განაცხადა, რომ დაკავებული საკუთარი საქმის ირგვლივ ხმაურის შექმნას ცდილობს.
Facebook Forum