ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ახალი ელჩი ვაშინგტონშია


პრეზიდენტი ობამა საქართველოს ახალ ელჩს-არჩილ გეგეშიძეს ხვდება, 15 აპრილი, 2013
პრეზიდენტი ობამა საქართველოს ახალ ელჩს-არჩილ გეგეშიძეს ხვდება, 15 აპრილი, 2013

არჩილ გეგეშიძე აშშ-ში საქართველოს მეშვიდე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია და მან პრეზიდენტ ობამას რწმუნებათა სიგელი უკვე გადასცა.

საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი სრულუფლებიანი ელჩი ჰყავს.

გეგეშიძე 15 აპრილს თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტს ესტუმრა და მას რწმუნებათა სიგელი გადასცა.
არჩილ გეგეშიძის ამ რანგში დანიშნვას საქართველოს პარლამენტმა 20 თებერვალს დაუჭირა მხარი. თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტი სააკაშვილი გეგეშიძისა და კიდევ რვა ახალი ელჩის დანიშვნას, თითქმის ერთი თვის მანძილზე აყოვნებდა. საქართველოს პირველმა პირმა აშშ-ში ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას ხელი 18 მარტს მოაწერა.
ქართველი დიპლომატი ამერიკის პრეზიდენტმა ოთხი სხვა სახელმწიფოს ახალ ელჩთან ერთად მიიღო.
“ბატონო ელჩო, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების
გაღრმავება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ამ მიზნით მე
ველი თქვენთან თანამშრომლობას”
- განაცხადა ცერემონიაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.

საქართველოს სრულუფლებიან ელჩად წარდგენამდე გეგეშიძე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევით ცენტრში მოღვაწეობდა. დიპლომატიური კარიერის არქონის მიუხედავად, გეგეშიძე კარგად იცნობს ქართული საგარეო დიპლომატიის კულუარებს, უმუშავია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის მაღალი რანგის პოსტებზე, და ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწე იყო.
თავის პრიორიტეტებს შორის ამერიკაში ელჩად მოღვაწეობის პერიოდში, ახალი ელჩი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ხედავს, ურთიერთობებისა, რომელიც ელჩის თქმით უმნიშვნელოვანესი იყო ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს კავშირები ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას იძენს, რამეთუ არსებობს ურთიერთობებისთვის ახალი, სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია ქმნის.
დიასპორასთან ურთიერთობა საელჩოს მუშაობის ერთერთი პრიორიტეტული ურთიერთობა იქნება.
XS
SM
MD
LG