ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში რუსეთის საელჩოს ახალი მისამართი: ბორის ნემცოვის მოედანი #1


ვაშინგტონში, ქუჩის მონაკვეთს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისი სახელი მიენიჭა.

ინაუგურაცია სიმბოლურად ნემცოვის მკლელობიდან სამი წლის თავზე მოხდა. ღონისძიებას ესწრებოდა ბორის ნემცოვის შვილი ჟანა ნემცოვა და რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ვლადიმერ კარა მურზა.

დღეიდან ვაშინგტონში, მოსკოვის საელჩოს მისამართი ბორის ნემცოვის მოედანი, N:1 იქნება.

“ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ბორის ნემცოვი გახდა სახე განსხვავებული რუსეთის და არა იმ რუსეთის, რომელსაც დღევანდელი რეჟიმი წარმოადგენს“, თქვა რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ვლადიმერ კარა მურზამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. კარა მურზა ქუჩისთვის სახელის გადარქმევის იდეის ერთ-ერთი ავტორი იყო. „უფრო თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის, მეტი იმედით სავსე რუსეთის, ქვეყნის, რომელიც საკუთარ ხალხს პატივს სცემს და მშვიდობიანად თანაარსებობს მის მეზობლებთან“, თქვა მან.

ბორის ნემცოვი 3 წლის წინ მოსკოვში, კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. რუსეთის მთავრობის განცხადებით, მკლელობის გამოძიება დასრულლდა. მკლელობაში ბრალდებულებს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჟეს. თუმცა პროკურატურამ საქმის გამოძიება ისე დაამთავრა, რომ არ დაუკითხავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომლის უსაფრთხოების ბატალიონის მოადგილეც მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. დაღუპულის ნათესავებსა და მხარდამჭერებს ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და ხელახალ, გამჭირვალე გამოძიებას ითხოვენ.

ბორის ნემცოვის მკვლელობამ 2015 წელს, მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. მკვლელობიდან 3 წლის თავზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამოსვლები ისევ გაიმართა. ნემცოვის მხარდამჭრები ქუჩაში 25 თებერვალს გამოვიდნენ. კრემლს აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

“მისი მკლელობის შემდეგ ორი ბრძოლა მიმდინარეობს, ერთი თავისუფალი და გამჭირვალე გამოძიების ჩატარების მოთხოვნაა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, თუმცა ჩვენ არ ვყრით ფარხმალს. მეორე ბრძოლა მამაჩემის ხსოვნის უკვდავყოფაა. სამი წლის მანძილზე მოხალისეები იმ ადგილს, სადაც მამაჩემი მოკლეს ყვავილებით და სანთლებით აამკობენ“, თქვა ჟანა ნემცოვამ, ბორის ნემცოვის ქალიშვილმა.

ვაშინგტონში, მოედნის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები. მათ შორის იყო სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და რომელიც მოედნის გახსნას აქტიურად უჭერდა მხარს. ის სენატში ინიციატივით გამოვიდა, რომ ქუჩის მონაკვეთისთვის სახელი გადაერქვათ, თუმცა რუბიოს ინიციატივამ სენატში სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ რუსმა აქტივისტებმა იგივე იდეით ქალაქ ვაშინგტონის საკრებულოს მიმართეს.

„გასულ წელს, მისი მკლელობიდან მეორე წლის თავზე ჩვენ დავდეთ პირობა, რომ მისი მემკვიდრეობა არ იქნებოდა დავიწყებული.... ჩვენ მადლობას ვუხდით ვაშინგტონის ქალაქის საკრებულოს, რომ ეს იდეა რეალობად აქცია. ქუჩის აბრა რუსეთის საელჩოს წინ იქნება იმის მტკიცე ნიშანი პუტინისთვის და მათთვის ვინც მას მხარს უჭერს, რომ არ აქვს უფლება გამოიყენოს მკლელობა, ძალადობა და დაშინება თავისუფლების და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ“, განაცხადა მარკო რუბიომ.

ნემცოვის მხარდამჭრები და ნათესავები, მოსკოვში, მისი მკლელობის ადგილზე მემორიალის განთავსებას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლებამ მათ რამდენჯერმე უთხრა უარი. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ადგილზე მემორიალი არ დგას, ადამიანები მას ყვავილებით და სანთლებით უწყვეტად ამკობენ, მოსკოვის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კი ადგილს მალევე ასუფთავებენ.

ბორის ნემცოვს რუსეთს ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის დროს პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო და ოპოზიციური მოძრაობის შექმნაზე მუშაობდა.

26 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მოუწოდა, რომ “ყველა ვინც კი მონაწილეობა [ნემცოვის მკლელობაში], მათ შორის, ისინიც ვინც ამას ორგანიზება გაუწია, კანონის ძალით დაისაჯოს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG