24 თებერვალს მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მე-4 წლისთავის აღსანიშნავად.
ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს ბოლშოი მოსკვორეჩკის ხიდზე გადადიოდა, როცა მას გვერდზე მიმავალი ავტომანქანიდან გადმოსულმა რამდენიმე ადამიანმა იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ის ადგილზე დაიღუპა.
ქუჩაში გამოსულებს, ბანერებზე რუსულად და ინგლისურად ეწერათ: „მოკლეს თავისუფლებისთვის!“ „პუტინი მატყუარაა!“ და „ჩვენც დაგვხოცავთ?“
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა თქვა: „[ლაპარაკია] ქვეყნის მომავალზე, რომელსაც პუტინი ხალხს ართმევს. რამდენიმე წლის წინ, ოპოზიციის მიტინგებზე ძირითადად ასაკოვან ადამიანებს ნახავდით. ნახეთ, აქ უამრავი ახალგაზრდა მოვიდა. ისინი ცოტა ხნის წინ სკოლის მოსწავლეები იყვნენ და უნივერსიტეტბში სწავლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.“
მიუხედავად იმისა, რომ კვირის დემონსტრაციებს მოსკოვის მერიამ მისცა თანხმობა, პოლიციას მაინც ჩაკეტილი ჰქონდა ხიდის იმ ნაწილთან მისასვლელი, სადაც ნემცოვის მემორიალური დაფა დაიდგა.
ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ, მოედანზე, რომელსაც ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა, გუშინვე მომიტინგეები შეიკრიბნენ.
Facebook Forum