ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი "ეროვნული მოძრაობა" საქართველოში


ახალ ეროვნულ მოძრაობად საქართველოს ნაციონალური მოძრაობა მოევლინა

19 აპრილის აქციამ ნაციონალური მოძრაობა დაარწმუნა, რომ შეუძლია ქართულ პოლიტიკაში ახალი იმპულსები შეიტანოს. ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები სხვადასხა მიზეზებს ასახელებდნენ, თუ რატომ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე პროტესტით. ზოგისთვის მიზეზი იყო შიში, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს ღალატობს, ზოგისთვის შეურაცმყოფელია აგვისტოს ომის გამოძიების გამოცხადება და სხვა.
დროებით უმუშევარი ახალგაზრდა , ზურაბ ონოფრიშვილი თვლის, რომ საქართველოს საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება:
”მე მიმაჩნია, რომ გადაუხვია საქართველომ ევროპულ გზას და მოვედი იმისთვის დავაფიქსირო, რომ მთლად ისე არ არის, როგორც მთავრობას ჰგონია. საქართველოს ხალხი არის იმის მომხრე, რომ საქართველომ ისევ გააგრძელოს იმ გზით სიარული, როგორც არჩევნებამდე”.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ხათუნა ოჩიაურის აზრითაც საქართველოს პროდასავლურ კურსს საფრთხე შეექმნა:
” ხვალ გაგრძელდება ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება . რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის იქნება ამ პოზიციაზე. ყოველთვის ხაზს გაუსვავს რამდენჯერმე გაცხადებულ კურსს. ევროპულს, პროდასავლურ კურსს, რასაც ჩვენი აზრით ფაქტობრივად შეექმნა საფრთხე საქართველოში. ამას მალაპარაკებს ფაქტები, რომელიც უკვე დაგროვდა. საბოლოო წერტილი ამას დაუსვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ და შემდეგ მისი პოლიტიკური ჯგუფის განცხადებებმა , რომ გამოსაძიებელია საქართველო-რუსეთის ომი”.
ჩვენ ვერ ვაცლით ამ ხელისუფლებას 4 წელი, განაცხადა აქციაზე უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ:
”ჩვენ ვერ ვაცლით ამ ხელისუფლებას 4 წელი. ჩვენ წინ უახლოეს ერთ წელიწადში ორი არჩევნები გველოდება , საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა”.
საერთოდ კი, ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს, პოლიტოლოგი კახა კახაშვილი ამბობს:
”ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ 9 წელი ისინი ჭკუას გვარიგებდნენ, რომ ქუჩაში მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია გადის, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია მოაწყოს, იმიტომ რომ ეკონომიკაზე მოქმედებს თვითეული აქცია და ა.შ. მაინტერესებს , 9 წელში ისეთი რა შეიცვალა მათ მიდგომებში, რომ მიხვდენენ, რომ ელემენარულად ყველა ადამიანს აქვს უფლება ქუჩაში სიტყვის გამოთქმის. ძალიან მიხარია, რომ ამ ხელისუფლებამ მისცა საშუალება ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს საქართველოს კონსტიტუციის იმ უფლების რეალიზაციისა, რომელიც გულისხმობს სიტყვის თავისუფლების გამოთქმას ნებისმიერ ადგილას”.
უმცირესობის ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ვალია, მუდმივად შეახსენოს ””ქართულ ოცნებას”ვალდებულებები:
”მთავარია, რომ ჩვენ დავანახოთ ჩვენ მოქალაქეებსაც, ჩვენ მომხრეებასაც, იმ ხალხსაც, ვინც არ გვიჭერს მხარს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ამ კურსს მხარს უჭერეენ . ჩვენი პოლიტიკური ძალა პირველ რიგში იქნება ამ კურსის გამტარებელი პარლამენტშიც, ცხოვრებაშიც ..
რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დღეს მთავარი ოპოზიციური ძალა. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებას მუდმივად შევახსენოთ ვალდებულებები. ეს არის დასაქმება, სოციალური პრობლემები, რომ არ გაიზარდოს კრიმინალი..”.
როგორც უკვე ცნობილია, 19 აპრილის აქციაზე გაკეთდა განცხადება ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით ”განვითარებულ საქართველომდე მიგვიყვანს”:
”დღეიდან ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა ოჯახში ვქმნით საორგანიზაციო ჯგუფებს და ახალი ეროვნული მოძრაობა ახალი ტალღით მიიყვანს საქართველოს საბოლოო განვითარებამდე”.
ახალი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ ”ტარდიციონალისტი” და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი ამბობს:
”ეროვნული ნამდვილად არ ყოფილა ხელისუფლება, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ეროვნულები რომ ყოფილიყვნენ 1 ოქტომბერს ასეთი მარცხი არ ექნებოდა ნაციონალურ მოძრაობას. მე აქამდე თავს ვიკავებდი, მეც და ბევრი სხვა ადამიანი, არ ჩავრთულიყავი ამ დაპირისპირებაში, რომელიც ხანდახან კინკლაობას ჰგავს ნაცმოძრაობასა და ოცნებას შორის. მაგრამ როგორც ჩანს მართლა გასაკეთებელია ეროვნული მუხტის მატარებელი ძალა, მას ეროვნული მოძრაობა ერქმევა თუ სხვა , ოღონდ იმ ადამიანებისაგან, ვისაც ეს მსოფლმხედველობა აქვს და ვისაც შეუძლია ამისთვის თავი გადადოს. მე პირადად ვიქნები ნამდვილად ერთი-ერთი ინიციატორი ამ საქმის”.
კომენტარი ახალი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ:
”სრულიად არაადეკვატური რამ, რაც მოვისმინე იყო, რომ საკუთარ თავს ეროვნული მოძრაობის ლიდერებად მოიაზრებენ. მაქვს განცდა, რომ ეს ადამიანები დარჩნენ წარსულში, რომლიდანაც მომავალს და აწმყოს ვეღარ ხედავენ.
რა ეროვნულ მოძრაობაზეა საუბარი?! გაიხსენონ კარგად სად დგანან დღეს. იმიტომ რომ იმ ადგილას, სადაც ლაპარაკობდნენ ეროვნულ იდეებზე, მოძრაობაზე, ევროპულ ფასეულობებზე, სწორედ იმ ადგილას არბევდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს”.
XS
SM
MD
LG