ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გავლენას ახდენს ფულადი გზავნილები ქვეყნის ეკონომიკაზე?


2014 წლის იანვარში მსოფლიოს 12 ქვეყნიდან საქართველოში გადაგზავნილმა თანხამ 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა

როცა ჟან კლოდ კაზადი და მისი ცოლი მირიამი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან შეერთებულ შტატებში ჩამოვიდნენ, მაშინვე დაიწყეს ფულის საკუთარ ქვეყანაში გაგზავნა. მათ სურდათ იქ დარჩენილ ოჯახის წევრებს დახმარებოდნენ.

კაზადი ამბობს;

„ჩვენ ასე გავიზარდეთ, მიგვაჩნია, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. გვჯერა, რომ განსაკუთრებით მშობლებს უნდა დავეხმაროთ და უნდა დავეხმაროთ ჩვენს ძმებს და დებს.“

ჟან კლოდი ექიმია და მერილენდის კათოლიკური დახმარების სამსახურში, შიდსით დაავადებულთა დახმარებაზე მუშაობს. ის ხშირად სტუმრობს კონგოს და ამბობს, რომ იმედოვნებს, რომ თავისი მუშაობით საკუთარ თანამემამულე აფრიკელებს ეხმარება. მან ამასთანავე იცის, რომ ის 400 დოლარი, რასაც თავის მშობლებს ყოველთვიურად უგზავნის, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ჩვენ რომ არაფერი ვიღონოთ, ფიქრობთ მთავრობა ჩემი მშობლების მხარდასაჭერად რამეს გააკეთებს? ის არაფერს გააკეთებს ამისთვის, მთავრობას ჩვენ არ ვენაღვლებით.“

ეკონომისტი ადოლფო ბარაჯა, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ფულადი გზავნილების დინამიკას ათწლეულის განმავლობაში სწავლობდა და აკვირდებოდა, თუ მიმღები ქვეყნების ეკონომიკაზე ეს ფული რა გავლენას ახდენდა.

„1990-დან 2010 წლამდე ეს ძლიერ იზრდებოდა, თითქმის შვიდმაგად გაიზარდა...“

ბარაჯა ამბობს, რომ ამის მიზეზი მასიური მიგრაციაა, მაგრამ შესაძლო უარყოფით მხარესაც აღნიშნავს და იმას, რომ დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის ადვილად მიღების გამო, მთავრობები შეიძლება ნაკლებად ეფექტურებად დარჩნენ.

ეკონომისტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ფულადი გზავნილები, ზოგადად ამ ფულის მიმღებ ოჯახებს აძლიერებს, რადგან მათი შემოსავალი იზრდება, მაგრამ ზოგიერთი შიშობს, რომ ამ ნაღდმა ფულმა, შესაძლოა ქვეყნის ვალუტის კურსის აწევა გამოიწვიოს, რაც ფასებს გაზრდის და საქონლის ექსპორტის ჭრილში, ამ ქვეყანას ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის.

უცხოეთიდან შემოსულ ფულს საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში გაგზავნილი ფულის 93.2 პროცენტი 12 ქვეყანაზე მოდის. 2014 წლის იანვარში, თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოში გაგზავნილი თანხა, 1 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

ამ თორმეტი ქვეყნის სია ასეთია: რუსეთის ფედერაცია - 46.6 მილიონი დოლარი, საბერძნეთი - 14,9 მილიონი, იტალია - 9.2 მილიონი, შეერთებული შტატები - 5.5 მილიონი, უკრაინა 3.7 მილიონი, თურქეთი - 3.4 მილიონი, ესპანეთი - 2.ო მილიონი, გერმანია - 1.6 მილიონი, ისრაელი - 1.4 მილიონი, დიდი ბრიტანეთი - 1.4 მილიონი, ყაზახეთი - 1.2 მილიონი და აზერბაიჯანი - 1.2 მილიონი.

ბევრ ეკონომისტს, ბარაჯას ჩათვლით, მიაჩნია, რომ ეს გზავნილები მიმღები ქვეყნის ეკონომიკას ბევრი დადებითი კუთხით ეხმარება. დილიპ რათჰა, მსოფლიო ბანკის ფულადი გზავნილების ექსპერტია

„ეს შემოსავლის წყაროა, ეს ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეს სიღატაკეს ამცირებს, ეს ბიზნესის საინვესტიციო, ადამიანურ რესურსებში კაპიტალდაბანდების, განათლების და ჯანდაცვის ფონდებს ქმნის.“

ეკონომისტები ამბობენ, რომ როცა ქვეყნები კონფლიქტში არიან ჩაფლულნი, როგორც მაგალითად ჟან კლოდის და მირიამის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კერძო ინვესტორები ინტერესს კარგავენ, ფულის გამგზავნელები კი, უფრო აქტიურდებიან.

„ეს ზუსტად ისაა, როცა ოჯახების საჭიროებები დაუკმაყოფილებელი რჩება. მიგრანტები სამშობლოში ფულს, ამ საჭიროებების გამო გზავნიან .“

მირიამ და ჟან კლოდ კაზადისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ მშობლებს აგრძნობინონ, შორს ცხოვრების მიუხედავად, ისინი მათ არ ივიწყებენ.
XS
SM
MD
LG