ევროპის უღარიბეს სახელმწიფოში მოლდოვაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა მას შემდეგ რაც ქვეყნის პრო-დასავლურმა მთავრობამ ვერ შესძლო ეროვნული რეფერენდუმის ჩატარება, რომლის მიზანი იყო საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნების დაწესება.
მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ იური ჩეკანმა ამომრჩეველთა გამოცხადების წინასწარი მაჩვენებლები მედიას გააცნო.
წინასწარი მონაცემების მიხედვით რეფერენდუმში ამომრჩეველთა გამოცხადების მაჩვენებელი 30 პროცენტზე ნაკლები აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებში მხოლოდ 780,000 ამომრჩეველი გამოცხადდა.
კანონმდებლობის თანახმად იმისათვის რათა რეფერენდუმი წარმატებულად ჩაითვალოს საჭიროა, რომ მასში ამომრჩეველთა ერთმა მესამედმა მიიღოს მონაწილეობა. წარუმატებელი რეფერენდუმის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომელიც მოლდოვაში საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებს დააწესებდა. ამჟამად მოლდოვას კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.
წარმატებული რეფერენდუმის შემთხვევაში მოლდოვაში უკვე ერთი წლის მანძილზე არსებული პოლიტიკური დაპირისპირება პარლამენტის კომუნისტურ უმცირესობასთან დამთავრდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტების ფრაქცია პარლამენტის ლიბერალური უმრავლესობის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს ბლოკავს და შედეგად მოლდოვა პრეზიდენტის გარეშე რჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ დაუთვლელია ამომრჩეველთა ხმები სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკასა და დასავლეთში მცხოვრებ მოლდოვურ დიასპორაში.
ამომრჩეველთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად ლიბერალური ალიანსის ლიდერები კვლავინდებურად გამოთქვამენ იმედს, რომ ისინი ამომრჩეველთა ხმების საკმარის რაოდენობას მოიპოვებენ, რათა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტოს ნაცვლად საყოველთაო გახდეს.
მარიან ლუპუ მოლდოვას პარლამენტის წევრია. იგი მოდლოვას დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს.
ლუპუ იმედს გამოთქვამს, რომ რეფერენდუმი პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს ბოლოს მოუღებს. იგი შიშობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოლდოვას პოლიტიკური სისტემის პარალიზი ქრონიკული გახდება და ფუნდამენტური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ჩატარებას შეაფერხებს.
აღსანიშნავია, რომ ლიბერალურმა ალიანსმა კომუნისტები ხელისუფლებიდან 2009 წელს განდევნა, მაგრამ ალიანსს პარლამენტში პრეზიდენტის კანდიდატურის დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ხმები არ გააჩნია. შედეგად მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობებს პარლამენტის სპიკერი ასრულებს.
მოლდოვას მოსახლეობა 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო ყოველთვიური შემოსავალი მოლდოვაში 250 დოლარზე ოდნავ მეტია. ევროკავშირი აცხადებს, რომ გაწევრიანებისთვის ქვეყანას ბევრი რეფორმის ჩატარება მოუხდება.