ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი იხსნება


ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი იხსნება
ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი იხსნება

ვაშინგტონში 20 წლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ დასასრულს უახლოვდება ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველის მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი.

მემორიალური კომპლექსზე წარმოდგენილი იქნება კინგის დიდი ქანდაკება, ციტატები მისი განსაკუთრებით ცნობილი სიტყვებიდან და წიგნების მაღაზია.

ადამიანის უფლებათა ამერიკელმა დამცველმა მარტინ ლუთერ კინგმა შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. მისი სახელობის მემორიალი 2011 წლის 28 აგვისტოს გაიხსნება. სწორედ 1963 წლის 28 აგვისტოს წარმოთქვა მან თავისი სახელგანთქმული სიტყვა,- მე მაქვს ოცნება.

მარტინ ლუთერ კინგის მემორიალური ფონდის თავმჯდომარის ჰარი ჯონსონის განცხადებით:“ ჩვენ ძალზე მოხარულნი ვართ რომ ვაშინგტონის მოლის ტერიტორიაზე მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი გაიხსნება.“

გასული საუკუნის 60-იან წლებში მარტინ ლუთერ კინგი ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის ავანგარდში იმყოფებოდა. ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, მაგრამ ძალადობას ყოველთვის მშვიდობისმოყვარე განცხადებებით პასუხობდა. მარტინ ლუთერ კინგის დაუღალავი მოღვაწეობის წყალობით შეერთებულ შტატებში 1964 წელს მიიღეს კანონი რასობრივი, ეროვნული, რელიგიური და სექსუალური დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

1968 წლის 4 აპრილს მარტინ ლუთერ კინგი ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მიგზავნილმა მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს.

მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალი ჰექტარნახევარის ტერიტორიას დაიკავებს ვაშინგტონის, ლინკოლნის და ჯეფერსონის მემორიალების გვერდით.

მემორიალი მასიური გრანიტისგან არის ნაშენი, რომლის ცენტრში მარტინ ლუთერ კინგის 10 მეტრიანი ქანდაკება დაიდგმება. ქანდაკების ავტორი ჩინელი სკულპტორი ლი იუქსინია. მემორიალის შექმნის მესვეურებმა არჩევანი ჩინელ მოქანდაკეზე მარტინ ლუთერ კინგის პრინციპებიდან გამომდინარე შეაჩერეს, რომელიც ადამიანს მისი ღირსების გამო აფასებდა და არა კანის ფერის მიხედვით.

ჰარი ჯონსონის განცხადებით ეს მემორიალი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად შორს წავიდა ამერიკა ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია რომ მარტინ ლუთერ კინგმა არა მარტო ამერიკის არამედ მთელი მსოფიოს გარდაქმნაში შეიტანა თავისი წვლილი.

მარტინ ლუთერ კინგის მემორიალის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვა შეერთებული შტატების პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი ბარაქ ობამა.

XS
SM
MD
LG