ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

MH17 რუსული რაკეტით ჩამოაგდეს


რეკონსტრუირებული MH17
რეკონსტრუირებული MH17

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც დამნაშავეთა გასამართლებას ითვალისწინებს - აცხადებს ნედ პრაისი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერი.

„რეისი MH17 თვითმფრინავის კორპუსის მარცხენა მხარესთან ქობინის დეტონაციის შედეგად აფეთქდა“ - განაცხადა ჰააგის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჯიბ ჯუსტამ. ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ უკრაინაში გასულ წელს ჩამოგდებული მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის შესახებ მომზადებული ანგარიში წარადგინა. „რაკეტის ქობინი აღწერილობით გავს იმ ტიპის რაკეტას, რომელიც „ბუკის“ ხმელეთი-ჰაერის სარაკეტო სისტემაში გამოიყენება“ - ამბობს ის. თუმცა საგანგებო საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ ოფიციალურ ანგარიშში არ ჩანს ის, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოგდება და 298 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

მომხდარის გამო რუსეთი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს. დღეს კრემლმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ჰოლანდიელთა ანგარიშში ეჭვქვეშ არამარტო ქობინის ტიპი, არამედ რაკეტის ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გასროლაც დააყენა.

რუსეთის სახელმწიფო სარაკეტო საწარმო „ალმას-ანტეი“ აცხადებს, რომ მან საკუთარი გამოძიება ჩაატარა, რომელიც ადასტურებს, რომ რაკეტა ნასროლია ქალაქ ზაროშენსკიდან, რომელსაც ინციდენტის დროს უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა. საწარმოს ხელმძღვანელი იან ნოვიკოვი ასევე აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნით, თავად სისტემაც ბევრად უფრო ძველი მოდელია, რომელსაც რუსეთის არმია უკვე აღარ იყენებს.

ჰოლანდიურ საგამოძიებო კომისიაში 7 ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც მონაწილეობდა. ჰოლანდიის მხარე აცხადებს, რომ მათ რუსეთის ზოგიერთი ინფორმაცია გაითვალისწინეს, მაგრამ ყველაფერი საბოლოო დასკვნაში არ გამოუყენებიათ. გამოძიებას ჰოლანდია ხელმძღვანელობდა, რადგან 298 მგზავრიდან, რომლებიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდნენ, უმრავლესობა - 193 ადამიანი - ამ ქვეყნის მოქალაქე იყო.

გამოძიებამ ადგილზე ნაპოვნი ფრაგმენტებიდან თვითმფრინავის კორპუსის რეკონსტრუირება შეძლო და ერთი წლის წინ მომხდარის შესახებ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მოიპოვა. ანგარიშის გამოქვეყნებამდე ჰოლანდიის ოფიციალურმა პირებმა თვითმფრინავში დაღუპულთა ოჯახის წევრები მიიწვიეს და მათ ანიმაციური ვიდეოფირი აჩვენეს, რომელიც აფეთქების დღის შესახებ მათ ინფორმირებას ისახავდა მიზნად. ნათესავების თქმით, ფირიდან ჩანდა, რომ აფეთქება წამიერად მოხდა და მგზავრებმა მაშინათვე გრძნობა დაკარგეს. შესაბამისად, ისინი ვერ მიხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს და ვერაფერს იგრძნობდნენ, რადგან უცებ დაიღუპნენ.

პრესკონფერენციაზე ჰოლანდიის მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება. მთავარი კითხვა ჯიბ ჯუსტას თქმით, მდგომარეობს შემდეგში: რატომ იქნა დაშვებული კომერციული რეისი კონფლიქტურ რეგიონში? ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას საკმარისზე მეტი საფუძველი გააჩნდა იმისთვის, რომ მიმდინარე ბრძოლების ფონზე სამოქალაქო ავიაციისთვის შექმნილი რისკები მხედველობაში მიეღო და უკრაინის საჰაერო სივრცე კომერციული რეისებისთვის დაეხურა.

ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადება თეთრმა სახლმაც გააკეთა. შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აღნიშნული ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იმ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისაც ბრალი მიუძღვის მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაში და თითქმის სამასამდე ადამიანის დაღუპვაში.

„ჩვენი შეფასება არ შეცვლილა: MH17 ხმელეთ-ჰაერის ტიპის რაკეტიდან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან არის ნასროლი“ - აცხადებს ნედ პრაისი. ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც დამნაშავეთა გასამართლებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG