ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი იმიგრანტის პირადი ტრაგედია ფილმში


მედეა ასათიანი
მედეა ასათიანი

ახალგაზრდა ქართველი შემოქმედი მედეა ასათიანი, რომელიც ამერიკაში 14 წელია ცხოვრობს, საქართველოში მესამე ფილმის გადაღებას იწყებს. "კედელი" ასე ერქმევა ფილმს, რომლის ტრეილერი სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა, რათა სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით დაფინასება მიიღოს. მედეა ასათიანმა უკვე შექმნა დოკუმენტური ფილმი "ჯორჯ ბალანჩინი", რომელიც ამერიკული ბალეტის ფუძემდებლის შემოქმედებას ეხება და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "მედეას ერი", რომელიც შვიდ გმირ ქართველ ქალზე მოგვითხრობს. რა გახდა მისი ახალი ფილმის ინსპირაცია, თეა თუაშვილი ნიუ-იორკიდან მოგვითხრობს.

პირადი და ოჯახის ტრაგედია, უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანების წასვლა ამ ქვეყნიდან, ამ ტკივილით გამოწვეული დეპრესია და გამოსავალი - მედეა ასათიანი "Kickstarter" -ის ვებ-გვერდზე ატვირთული ფილმის "კედლის" ტრეილერში ორი პირადი ტრაგედიის შესახებ ყვება. "კედელი" ეს იქნება დრამა, სადაც მთვარი გმირები შვილს კარგავენ და ამ ტრაგედიის შედეგად წარმოქმნილ კედლებში ცხოვრობენ, აღწევენ კი თავს ტკივილით გამოწვეულ დეპრესიას, არის კი რაიმე გამოსავალი? მედეა ასათიანის მიზანი ამ ფილმით მხოლოდ ქართული განცდის წარმოჩენა არ არის. ფილმის ბიუჯეტი 35 ათასი დოლარია. თანხა ვებ-გვერდის საშუალებით გროვდება. რეჟისორმა ფილმის დაფინანსების დახმარებით კულტურის სამინისტროს და სხვადასხვა კომპანიებსაც მიმართა.

მედეა ასათიანი: ამ ფილმით რამდენიმე რაღაცას მინდა მივაღწიო. პირველ რიგში, უცხოელი მაყურებელი, რომ უყურებს- შეხედავს ქართულ ყოველდღიურობას, მაგრამ ადამიანურ კავშირსაც იპოვის, რადგან დღეს კონცენტრაცია გვაქვს იმაზე, რომ სხვადასხვანაირები ვართ და სხვა კულტურა და საზღვრები გვაქვს, მაგრამ მგონია რომ მაინც პირველ რიგში ადამიანები ვართ და ტრაგედიას ძალიან ერთნაირად განვიცდით. ძალიან მინდა, რომ ქართული მხატვრული მხარე გავაცნო მაყურებელს. ყველა ქართველია, მთელი გუნდი შედგება ქართველებისგან და მინდა ვანახო რა შეგვიძლია პატრა ქვეყნიდან ქართველებს. ძალიან მინდა, რომ ვებ- გვერდის მეშვეობით შეგროვდეს თანხა, რადგან ეს იქნება ერთობლივი სახალხო პროექტი, თუკი ერთად უცხოელები და ქართველებიც დააფინანსებენ.

ფილმში მთავარ როლს მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე და თამუნა მახარაძე ასრულებენ. თამუნა მახარაძე ნიუ-იორკში მდებარე ლაუნჯის" თამუ-ლოლას" მფლობელია, სადაც ქართული და ევროპული კერძები მზადდება. თამუნა მახარაძე პროფესიონალი მოდელია და რამდენიმე ქართულ სარეკლამო კლიპშიც არის გადაღებული.

თამუნა მახარაძე: ჩემი გმირი ამ ფილმში არის დედა, რომელიც მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ოჯახში აკეთებს თავის ყოველდღიურ საქმეს, მუშაობს, ზრუნავს მეუღლეზე, მაგრამ მისი ცხოვრება ერთფეროვანია, ფაქტიურად არაფერი არ იცვლება. ფილმი დრამატულია, შავ-თეთრია ტონით და მასში შემოდის ფრაგმენტულად ფერები, რომელიც ავითარებს იმ განცდას, რომ რაღაც სინათლის სხივს, გამოსავალს ეძებენ ამ დრამატული ურთიერთობიდან, რომელიც არის შექმნილი ასეთი მძიმე შემთხვევის გამო მათ ოჯახში.

თავის თავს თვითნასწავლ შემოქმედს უწოდებს. "იუთუბის" საშუალებით ისწავლა როგორ დაეწერა სცენარი, ასევე თავად ისწავლა კამერის გამოყენება და მონტაჟი. მედეა ასათიანი 28 წლისაა, ამერიკაში ოჯახთან ერთად 14 წლის ასაკში ჩამოვიდა. გასულ წელს დაამთავრა ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი წამყვანი ჰანტერ კოლეჯი, რელიგიის განხრით. ვინაიდან ფილმის გადაღება ყოველთვის აინტერესებდა ამიტომ დაწერილი პროექტის ნაცვლად კოლეჯის დამთავრების დროს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები წარადგინა. ამერიკელი პროფესორი დევიდ სერექვა იმდენად მოიხიბლა მედეას მოტივაციით, რომ მომდევნო ფილმის "მედეას ერის" გადაღების იდეა მიაწოდა, საქართველოს ისტორიული პერიპეტიებით დაინტერესდა. ასე შექმნა ახალგაზრდა რეჟისორმა შვიდი ქართველი გმირი ქალის სახე ერთ ფილმში - მედეა, წმინდა ნინო, შუშანიკი, თამარ მეფე, მაია წყნეთელი, ქეთევანი და მარიამ დედოფალი. ფილმი, რომელიც თანამედროვეობასთან პარალელს ავლებს, გასულ წელს ქუთაისში მესხიშვილის თეატრში და წელს ნიუ-იორკში, ჰანტერ-კოლეჯში აჩვენეს.

მედეა ასათიანი: ცოტა უცნაურია, როდესაც ისტორიულად ქართველი ქალის როლი ძალიან დიდია და ამხელა როლი აქვს ნათამაშევი, მაგალითად, ქეთევან დედოფალს, სხვას რომ თავი გავანებოთ და დღეს რომ საქართველოში მამაკაცებს ქალის პოლიტიკაში მოსვლის ეშინიათ და ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, ეს ცოტა საგანგაშოა. ამაზე გავამახვილე ყურადღება. დღეს ქალებს არ აძლევენ საშუალებას, რომ ეს წვლილი შეიტანონ პროცესში, მაგრამ ქართველი ქალები ყოველთვის ანგრევდნენ სტერეოტიპებს და ისტორიაში ბევრი ასეთი ქალია. განსაკუთრებით, თამარ მეფეზე როცა ვსაუბრობთ ხშირად გვავიწყდება, რომ ის ქალი იყო. ქალი იყო მეფე და აბსოლუტურად დაარღვია ის სტერეოტიპი, რაც მაშინ არსებობდა.

ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებელი ვადა 4 აგვისტოს იწურება. ფილმის რეჟისორს იმედი აქვს, რომ ამ დროისთვის ფილმის ბიუჯეტი, რომელიც სულ რაღაც 35 ათასი დოლარია, შეგროვდება და კამერაც ჩაირთვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG