ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის სოციალური პროგრესის ინდექსი?


.
.

ქვეყნის წარმატების განმსაზღვრელი შედარებით ახალი მეთოდოლოგია თანდათან ფეხს იკიდებს

სოციალური პროგრესის ინდექსი შედარებით ახალი ტერმინია და ის ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების განსაზღვრისთვის გამოიყენება. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ინდექსი ბევრად უფრო ეფექტურად ზომავს საერთო მაჩვენებლებს, რომელიც სახელმწიფოში რიგით ადამიანებს ყველაზე მეტად ეხება. ისეთებს, როგორიცაა მაგალითად საკვებზე ხელმისაწვდომობა, ან სამედიცინო მომსახურება. სოციალური პროგრესის ინდექსი გვთავაზობს სრულიად ახლებურ მიდგომას, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებია, რომელიც აბსოლუტურად უგულვებელყოფს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მაგალითად, ჰაერის ხარისხი.

მეოცე საუკუნის ადრეული წლებიდან შეერთებული შტატები მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით მსოფლიოს ლიდერი იყო. თუმცა, სოციალური პროგრესის ინდექსის მიხედვით ის მხოლოდ მე-6 ადგილზეა. წამყვან ქვეყნებს ამ ახალი მონაცემების მიხედვით შვედეთი ლიდერობს. ინდექსის დიზაინის ავტორები ჰარვარდის უნივერსიტეტის და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის აკადემიკოსებთან ერთად, მთელი მსოფლიოს ბიზნესის სპეციალისტებიც არიან. მაიკლ გრინი „სოციალური პროგრესის აუცილებლობის“ აღმასრულებელი დირექტორია. ორგანიზაციის, რომელიც ამ შედარებით ახალი პროექტის ინიციატორია.

ეკონომიკურ მონაცემებს მოსახლეობის კეთილდღეობის განმსაზღვრელად ვერ ჩავთვლით. ვზომავთ იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია რეალური ადამიანისთვის: აქვთ თუ არა მათ საკმარისი საკვები, თავშესაფარი, თანაბარი შესაძლებლობები, ჯანდაცვა და ასე შემდეგ“ - აცხადებს მაიკლ გრინი.

ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს 12 სხვადასხვა კომპონენტის შეჯამება იძლევა, მათ შორის საკვებში აუცილებელი ნუტრიენტების შემცველობა, ეკოსისტემის მდგრადობა, ადამიანის უფლებები, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაც კი. მაიკლ გრინი თავადაც გაკვირვებულია იმით, რომ შვედეთის შემდეგ ახალ ანგარიშში დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა.

„შვედეთს და დიდ ბრიტანეთს ამ შემთხვევაში ერთი რამ აერთიანებს. ეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის შერწყმა: სოციალური დაცვის საუკეთესო ევროპული სისტემის მოდელი; ეკოლოგიურ მდგრადობაზე დიდი ყურადღება; შესაძლებლობების, უფლებების და თავისუფლებების ამერიკული მოდელი“ - ამბობს ის.

კოსტა-რიკა სოციალური პროგრესის ინდექსის მიხედვით მე-12 ადგილზეა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მისი წარმატება განათლებაზე, გარემოს დაცვაზე და თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე აქცენტმა განაპირობა. წარმოშობით კოსტა-რიკელი რობერტო არტავია, „კოპა ჰოლდინგის“ დირექტორი და ამავე დროს ორგანიზაცია „სოციალური პროგრესის აუცილებლობის“ ვიცე-თავმჯდომარეა. მისი თქმით, კოსტა-რიკის მაღალი მაჩვენებლები ქვეყნის ისტორიულ-კულტურულმა ტრადიციებმა განაპირობა.

უკვე 124 წელია დემოკრატიის აშენებას ვცდილობთ. 1971 წლიდან ქვეყანაში სოციალური მიმღებლობის ინსტიტუტი დამკვიდრდა. სრული სოციალური დაზღვევა კიდევ უფრო ადრე, 1941 წლიდან გვაქვს. ამან ერთგვარად განვითარების ჩარჩოები ჩამოაყალიბა, რომელმაც სოციალური დაცვის სრულყოფის საშუალება მოგვცა“ - აღნიშნავს ის.

სოციალური პროგრესის ინდექსის ავტორები აცხადებენ, რომ ანგარიში არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. კანონმდებლებისადმი მთავარი გზავნილი კი მაიკლ გრინის, „სოციალური პროგრესის აუცილებლობის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ის იქნება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებელი თავოსთავად არ გულისხმობს მოსახლეობის მეტ დაცულობას და შესაბამისად, სოციალური პროგრესის ინდექსი ქვეყანაში შეიძლება ბევრად დაბალი იყოს.
XS
SM
MD
LG