ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკდონალდსი: კაფეების 25 % დახურულია


მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოცხადებულმა კარანტინმა და ვირუსის შეზღუდვის მიზნით მიღებულმა ზომებმა ბევრი ბიზნესი დააზარალა, მათ შორის "მაკდონალდსიც". ხუთშაბათს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, სწრაფი კვების ობიექტების ქსელის გაყიდვები იანვარ-მარტის პერიოდში 6%-ით შემცირდა. კლება აპრილშიც გაგრძელდა.

"ჩვენ ახლა აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში ვფუნქციონირებთ", - თქვა "მაკდონალდსის" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ქრის კემპჩინსკიმ ინვესტორებთან საკონფერენციო ზარის დროს.

მსოფლიოს მასშტაბით ახლა სწრაფი კვების ობიექტების გიგანტური ქსელის 39 000 კაფეა გახსნილი, რაც მათი სრული ჯაჭვის დაახლოებით 75%-ია. კემპჩინსკი ამბობს, რომ მათი კაფეები თანდათანობით იხსნება ამა თუ იმ ადგილზე, რეგულაციების შემსუბუქების კვალდაკვალ.

ჩინეთში, სადაც თებერვალში კაფეების 25% დაკეტილი იყო, თითქმის ყველა ფილიალი გაიხსნა. ამერიკაში კი "მაკდონალდსის" კაფეების 99% მუშაობს. თუმცა მენიუ ლიმიტირებულია და შეკვეთა კლიენტმა თან უნდა წაიღოს. ბევრ ისეთ მნიშვნელოვან ბაზარსა და ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ან იტალიაა, ფილიალების უმეტესობა კვლავ დაკეტილია.

"მაკდონალდსი" აცხადებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ბიზნეს კომპანიები საქმიანობას აახლებენ და მაღაზიებსა თუ კაფეებს ხსნიან, მომხმარებელი მათ მაინც ნელი ტემპით უბრუნდება. ეს განსაკუთრებით საუზმის დროს ეხება. მაგალითად ჩინეთში გაყიდვები, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 20%-ით დაბალია. აპრილში ეს ციფრი შემცირდა, თუმცა მაინც 10%-ზე მეტს შეადგენს.

იმ კაფეებშიც კი, რომლებიც კრიზისის დროს გახსნილი იყო, გაყიდვების თანაფარდობა შეიცვალა. მაგალითად, თუ მანამდე მანქანიდან გადმოუსვლელად გაკეთებული შეკვეთები ამერიკული "მაკდონალდსის" გაყიდვების 2/3-ს შეადგენდა, ახლა ის გაყიდვების 90%-ია. კანადაში ადგილზე მიტანის სერვისი 40 %-ით გაიზარდა. ავსტრალიაში კი "მაკდონალდსის" ფილიალებში საკვებთან ერთად რძეს, კვერცხს და სხვა სასურსათო პროდუქტს ყიდიან.

კემპჩინსკი ამბობს, რომ ბიზნეს-საქმიანობის აღდგენის შემდეგ მომხმარებლები ჩვეულ რუტინას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაუბრუნდებიან. ავსტრიაში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ კაფესთან კი მისი თქმით, გახსნის დღეს 3 კმ სიგრძის რიგი იდგა.

თუმცა 2020 წელი "მაკდონალდსისთვის" კარგად დაიწყო, მათ გაყიდვებში მსოფლიოში 7.2% იანი, ამერიკაში კი 8.1%-იანი ზრდა ჰქონდათ. კომპანია აცხადებს, რომ მათ პოზიციების მეტნაკლებად შენარჩუნებაში ციფრული შეკვეთებისა და ადგილზე მიტანის სერვისებში გაკეთებული ინვესტიციები დაეხმარათ. მსოფლიოში "მაკდონალდსის" 25 000 კაფეში ადგილზე მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია, 20 000 ფილიალში კი კლიენტებს შეკვეთის მობილური ტელეფონით გაკეთება და გადახდა შეუძლიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG