ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრუკლინში საიმიგრაციო რეიდები ჩატარდა - ნიუ-იორკის მერი განცხადებას ავრცელებს


ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ დღეს დილით, ბრუკლინში, "მიდვუდსა" და "სანსეტ პარკში", საიმიგრაციო რეიდები ჩატარდა. მერის განცხადებით, ამ ეტაპზე, რეიდების დროს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. შემთხვევის ადგილებზე, მერიის იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და ინფორმაციას თვითმხილველებისგან იღებენ.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს, საკუთარი უფლებების შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ.“ - ნათქვამია, მერის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნიუ-იორკის მერი, მიმდინარე საიმიგრაციო რეიდებს არ ეთანხმება და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ აქტად“ აფასებს. საიმიგრაციო რეიდები, აშშ-ის ათ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში კვირას დაიწყო. როგორც ცნობილია, სამიზნე ჯგუფში შედიან ის იმიგრანტებიც, ვისაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა არ დატოვეს. დაგეგმილი რეიდების ფარგლებში, საშუალოდ, 2000 უსაბუთო იმიგრანტის დაკავებას ელოდებიან.

რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, უზენაეს სასამართლოსთან, რეიდების მომხრე და მოწინააღმდეგე ორი მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უსაბუთო იმიგრანტებს და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ანთებული სანთლებით დაუპირისპირდნენ. ისმოდა მოწოდებები, საიმიგრაციო ბანაკების დახურვისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. კონტრ აქციაზე კი, რომელიც საპროტესტო აქციის გვერდით მიმდინარეობდა, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები საიმიგრაციო პოლიციას მადლობას უხდიდნენ. ორ აქციას შორის, მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, ადგილზე მობილიზებული იყო ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG