ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ცდილობს ევროკავშირის ლიდერები დაარწმუნოს, რომ ბრიტანეთს ეკონომიკური ბლოკის დატოვების ვადა სამი თვით გაუგრძელონ, რათა ლონდონმა მოახერხოს იმაზე შეთანხმება თუ როგორ დატოვებს ევროპის კავშირს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების, იგივე, „ბრექსიტის“ 29 მარტის მიღმა გადავადებას, გაერთიანების ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.
სავარაუდოდ კენჭისყრა მომავალ კვირამდე არ მოხდება. ბრიუსელში გამგზავრებამდე ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ოფიციალური წერილით მიმართა.
ტუსკი აცხადებს, რომ მსგავსი გადავადება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრიტანეთის პარლამენტი მომავალ კვირას ხმას მისცემს ლონდონის და ბრიუსელის გაყრის პირობებს, რომელზეც ბრიტანეთი და ევროკავშირი ორი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
ბრიტანელმა კანონმდებლებმა ეს შეთანხმება უკვე ორჯერ უარყვეს. თემთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ მესამე კენჭისყრა არ უნდა შედგეს, რადგან ეს პროცედურულ წესებს არღვევს.
მეიმ ოთხშაბათ ღამეს მიმართვაში განაცხადა, რომ კანონმდებლებს აქვთ არჩევანი მხარი დაუჭირონ შეთანხმებას ან ბრიტანეთმა გაერთიანება ყველანაირი პირობების გარეშე დატოვოს.
ბრიუსელში გაემგზავრა ასევე ოპოზიციის ლიდერი, ჯერემი კორბინი. რომელიც ცდილობს ევროკავშირის მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა გაერთიანებიდან გასვლის ალტერნატიული გზაზე შეთანხმება პარლამენტმა მოილაპარაკოს და არა თავად მეიმ.
Facebook Forum