ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IRI-ის პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებს აფასებს


8 ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში ქართული დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც “მშვიდი და უსაფრთხო არჩევნები”. თუმცა პრო-რუსული ძალის წარმატება განგაშის ზარია - ასე აფასებს 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარკ გრინი.

ყოფილი კონგრესმენი და ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი მარკ გრინი მიიჩნევს, რომ “ღიად პრო-რუსული ძალის“ პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია: „პრო-რუსული პარტიის პარლამენტში მოსვლას ვხედავ, როგორც გამოწვევას დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის. ახლა პროტესტის და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის. ახლა, დემოკრატიულმა ძალებმა უფრო ძლიერი იდეების წარმოჩენა და ამომრჩევლებამდე მიტანა უნდა შეძლონ.”

გრინის თქმით, დროა იმ პოლიტიკოსებმა, ვინც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მსგავსად, ქვეყნის დასავლურ სწრაფვას ემხრობა, „ამომრჩევლებს შეახსენონ, თუ რატომ აირჩია საქართველომ ეს გზა. აუხსნან თუ რატომაა მნიშნელოვანი ქვეყანამ შეინარჩუნოს კურსი ევროპის კავშირისკენ და ნატოსკენ. ჩემთვის ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს არის - ეს განგაშის ზარია, რომ უბრძოლველად არაფერი მოდის.“

ამომრჩეველთა ისტორიულად დაბალ აქტივობას კი გრინი უნდობლობის კულტურით ხსნის.

„ჩვენ ვფიქრობთ ამას ხელი შეუწყო უნდობლობამ. პოლიტიკური პარტიები დიდ დროს ატარებენ თავიანთი თავის და პოლიტიკის მოწინააღმდეგეების მიხედვით განსაზღვრაში. დებატების დიდი ნაწილი პერსონების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა პარტიებით უკმაყოფილო იყო, რამაც ასევე განაპირობა ამომრჩევლების დაბალი აქტივობა.“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია არჩევნების მსვლელობას თბილისსა და რეგიონებში აკვირდებოდა. გრინის შეფასებით, ყველაზე მნიშნელოვანი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო:

„ჩვენთვის, ვინც არჩევნებს ვაკვირდებოდით, ისევე როგორც ქართველი ხალხისთვის, მნიშნელოვანი იყო არჩევნების მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე ჩატარება, რომ ადამიანებს მისცემოდათ არჩევანის უსაფრთხოდ გაკეთების საშუალება, კანდიდატებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეძლებოდათ. მთლიანობაში ასეც მოხდა. მანქანის აფეთქების გარდა, რაც ცალსახად დაგმობას იმსახურებს. მთლიანობაში არჩევნები მშვიდად, უსაფრთხოდ და მეტწილად, ძალადობის გარეშე ჩატარდა.“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში რჩებიან და შუალედურ არჩევნებს დააკვირდებიან, მანამდე კი დამკვირვებლები საარჩევნო გარემოს ამსახველ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

XS
SM
MD
LG