ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულო და 59 თვითმმართველი თემი უნდა შედგეს, 5 თვითმმართველ ქალაქს კი მერი ეყოლება. ამჯერად მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფალთ 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნები შიდა ქართლში, ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიც გაიხსნება. ამერიკის ხმა დაინტერესდა, რა ვითარებაა არჩევნების წინა დღეს ამ უბნებზე და რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას. როგორც ჩვენთან საუბრისას ადგილობრივები აფიქსირებენ გარემო მშვიდია, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის ნაკლებობა არ იგრძნობა. ადგილობრივებმა იციან ვის ირჩევენ და რატომ, მაგრამ როგორც საუბრებიდან ირკვევა, არჩევნებში მონაწილეობისთვის გარკვეული პირადი მოტივაციაა გადამწვეტი და არა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფაქტორი. ლია მიქელაძე, რომელიც ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოშკაში ცხოვრობს, გვეუბნება, რომ არჩევნებით ის ადამიანები ინტერესდებიან, ვისი ოჯახის წევრიც დასაქმებულია.
ლია მიქელაძე ასევე დასძენს, რომ არჩევნები არჩევნებს მისდევს, მაგრამ ადამიანებისთვის უმრავი სოციალური პრობლემა მოუგვარებელი რჩება: „ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით და ამდენი ცრუ დაპირებებით, პირდაპირ გეტყვით. როცა არჩევნები მოდის, მაშინ ახსენდებათ მოსახლეობაც, ხალხის გაჭირდებაც. მაშინ მოდიან და კითხულობენ, რა გაგიკეთოთ, რა გიჭირთ, როგორ გაგიკეთოთ. 2008 წლის შემდგომ, გზა არ გაკეთებულა კოშკა–გუგუტიანთკარში და რა გიკვირთ? განა რამდენი მთავრობა გამოიცვალა 2012 წლის შემდგეგ? ამიტომ, ხალხი განაწყენებულია,ფიქრობენ, ჩემზე რაა დამოკიდებული, სულაც არ მაინტერესებს არჩევნები, მე ვინ რას მომიტანსო?“
ერგნეთში, ცხინვალის მიმდებარე სოფელში მაცხოვრებელი მაგული დოიჯაშვილი, რომელიც 5 შვილის დედაა, არჩევნებში ამჯერადაც ვერ მონაწილეობს. ის ეგრეთ წოდებული პირველი ტალღის, ანუ 90 წლებიდან დევნილია. პირადობის მოწმობა გააჩნია, მაგრამ „ჩაწერა“ არ აქვს. ერგნეთში დიდი ხანია ცხოვრობს, მაგრამ მისი საბუთები წლების განმავლობაში ვერ მოწესრიგდა იმდენად, რომ სამოქალაქო ვალდებულების შესრულებაში ხელი არ შეეშალოს.
მაგული დოიჯაშვილი გვეუბნება, რომ ერგნეთში კონკურენცია კანდიდატებს შორის არის, მაგრამ ეს მშვიდობიანი ფორმებითაა გამოხატული და დაპირისპირებას ადგილი არ აქვს: „ხალხის აზრი, მგონი, უფრო სამად არის გაყოფილი ჩვენს სოფელში. ეროვნული საქართველო თუ რაღაც ასეთი ჰქვია პარტიას, არ მახსოვს ზუსტად – ზოგი მას უჭერს მხარს, 20 ნომრითაა სიაში. ზოგი 41–ს ხაზავს, ოცნებას და მესამე ნაციონალები არიან. კი ჰყავთ რამდენიმე კაცი, მაგრამ ისეთი მცირე რაოდენობით არიან, რომ რა ვიცი“.
ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში მაცხოვრებელი იზოლდა ეცადაშვილი საკუთარ არჩევანს არ გვიმალავს. ის გვეუბნება, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კარგად იცნობს და მათი იმედი აქვს მომავალი არჩევნების შემდგომაც: „სახელისუფლებო კანდიდატი, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გულისხმიერი იქნება. რის საშუალებაც ექნება ბიუჯეტს, გააკეთებს, რატომ დაიხევს უკან? როცა ადამიანი კაცთმოყვარეა და სამართლიანი, ყველაფრის იმედი შეიძლება გქონდეს მისგან. წინა კანდიდატის გაკეთებული კიდევ, მე არაფერი მინახავს. ის ოცნებიდან არ ყოფილა, კონსერვატორებიდან იყო, ან ფორუმიდან, ზუსტად აღარ მახსოვს.“
ომით დაზარალებულ გორში წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ კანდიდატებს ამომრჩეველთა წინაშე „სოციალისტური საქართველო – კომუნისტებიც“ წარადგენენ. მათ რეგისტრაცია გაიარეს და ბიულეტენებში წარმოდგენილი იქნებიან.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში ხვალ 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკვირდება.
Facebook Forum