ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიანა ისაკაძე: გაიხსენეთ რა არის სიყვარული და მშვიდობა


ლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე

ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლში მსოფლიო კამერულ ანსამბლ "ვირტუოზთან" ერთად კონცერტი გამართა მსოფლიოში აღიარებულმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ. კონცერტის მთავარი გზავნილი არის "სიყვარული და მშვიდობა", რაც მოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ ერთგვარი პროტესტის გამოხატვაა. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ნიუ იორკის წმ. ნინოს სახელობის ქართულ ტაძარს გადაეცა. კონცერტამდე ლიანა ისაკაძეს შეხვდა და სხვადახვა თემებზე თეა თუაშვილი ესაუბრა.

ბოლო რეპეტიცია კარნეგი ჰოლის გვერდით მდებარე დარბაზში გამართა, ანსამბლ "ვირტუოზის" ყველა წევრი გადაკოცნა და განუყრელ სიგარეტს "მორეს" მოუკიდა. ნიუ იორკში იმ დღეს წვიმდა. " ცოტა არეული მაქვს სახე", ამბობს ლიანა ისაკაძე-"რადგან წეღან რეპეტიციის დროს ვიტირე".

მის სახელს მსოფლიო ნახევარ საუკუნეზე მეტია იცნობს, ვივალდის ნაწარმოებებსაც ალბათ ამდენი ხანია ასრულებს, თუმცა აღმაფრენის და ბედნიერების განცდა მას მაინც არ შორდება.

ლიანა ისაკაძე: საერთოდ, გააჩნია რა მუსიკას ვუკრავ. მაგალითად ეს ვივალდის კონცერტი, ამის მეორე ნაწილი ისეთია, რომ ეს არის აბსოლუტურად ღმერთის მუსიკა. თვითონ ვივალდი ხომ იყო მღვდელი. რეპეტიციაზე ვერ მოვითმინე და ვიტირე, რაგდან ეს მართლა ღმერთისგან გამოგზავნილი მუსიკაა. განსაკუთრებით მეორე ნაწილი. ეს არის სიხარულის, აღმაფრენის შეგრძნება, როცა უყურებ იმ ქვეყნიერებას და იცით ეს რა ბედნიერებაა? ეს ყველას კი არ შეუძლია. ყველას კი არ აქვს გულში რწმენა. გულში მაქვს სიწმინდე. ეს სიწმინდის ამბავია, და ვინმე თუ არ არის ყრუ და ეს ესმის, მაშინ იტირებს.

ალბათ ვერავინ დაიჯერებს, რომ ლიანა ისაკაძემ ნიუ-იორკში სულ პირველი კონცერტი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამართა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა გერმანიაში და მოსკოვში, ნიუ-იორკში პარიზიდან ჩამოვიდა, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს. საერთაშორისო აღიარება და პრიზები, კონკურსები და ჯილდოები 1965 წლიდან დაიწყო.

1968 წელს მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში დარჩა. მის ბედს, გასტროლებს, ჰონორარს უკვე საბჭოთა კავშირის ორგანიზაცია "გოსკონცერტი" წყვეტდა. ვერასოდეს ვერ გაიგებდა რამდენი მოწვევა ჰქონდა შეერთებული შტატებიდან, რომ არა მისი ამერიკელი კოლეგა, რომელიც მოსკოვში გასტროლებზე ჩავიდა და ამერიკელების მოკითხვა პირადად გადასცა.

ლიანა ისაკაძე: მივდიოდი უკვე ნიუ-იორკში ჩემი სოლო-კონცერტის გასამართად და ღამე ზარია სახლში. დამირეკეს და მითხრეს: ჩვენ კაგებედან გირეკავთო და არ წახვიდეთო, არ გაგიშვებენ საზღვარზეო. წარმოგიდგენიათ? ეს პირველი შემთხვევა იყო. ასე ჩაიშალა ეს კონცერტი, იმიტომ რომ "გოსკონცერტი" მიშლიდა ყველაფერს. მერე კომპანია "კოლამბია არტისტ" თურმე მიგზავნიდა მოწვევებს რვა წლის განმავლობაში და "გოსკონცერტი" სულ უარს ეუბნებოდა, იმიტომ რომ ლიანა ისაკაძის ამერიკაში დარჩენის ეშინოდათ. მერე ამერიკიდან პიანისტი ჩამოვიდა და დამირეკა ამ კომპანიის დავალებით, რომ რატომ არის თქვენგან უარი ამერიკაში ჩამოსვლაზეო, ნუთუ არ გინდათ ამერიკაში კარნეგი ჰოლში დაკვრა? მე რა თქმაუნდა არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და ძალიან გავვოცდი.

ლიანა ისაკაძე "პერესტროიკის" დროს საბჭოთა კავშირის რეფორმატორთა გუნდის წევრი იყო. ცივი ომის დასრულების შემდეგ მას ორი კვირით კაპიტოლიუმში აგზავნიან. კონცერტი არ გაუმართავს, თუმცა პირველად ნიუ-იორკში მან ვიწრო წრეში, პოლიტიკოსების თანდასწრებით საბჭოთა კავშირის დაშლის წელს დაუკრა.

ლიანა ისაკაძე: მე რომ არ მიმეცა ხმა, რომ დაშლილიყო საბჭოთა კავშირი, არ დაიშლებოდა. ამ ერთმა ხმამ გადაწყვიტა რომ გასულიყო ეს იდეა. მერე გამაგზავნეს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში და ვუსმენდი სენატორებს. მე ვიყავი მივლენილი, როგორც სახალხო არტისტი და დეპუტატი. შემდეგ ნიუ-იორკში სენატორებმა მოაწყვეს ბანკეტი და დამაკვრევინეს სოლო. რუსებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მოვრჩი დაკვრას. დიდი წარმატება იყო, როცა სენატორები ფეხე დადგნენ და ასე უკრავდნენ ტაშს. მაშინ პრიმაკოვი წამოდგა და თქვა-"ნახეთ ახალი სახე პარლამენტის." უნდოდათ ჩემით ეჩვენებინათ, რომ იქ კარგისკენ იცვლებოდა სისტემა.

სისტემა დაინგრა, თუმცა რა პროგრესი განიცადა საქართველომ?

ლიანა ისაკაძე: კარგი მთავრობაა ის, ვინც ზრუნავს ხალხზე.

ამერიკის ხმა: ვინ გახსენდებათ ასეთი, ვინ ფიქრობს და ზრუნავს ხალხზე საქართველოში?

ლიანა ისაკაძე: არ ვიცი, ვერ გეტყვით. საერთოდ ყოველთვის ასე იყო, ხალხზე კი არ ზრუნავდნენ, საკუთარ თავზე ზრუნავდნენ. ასე არის ახლაც.

სავიოლინო კონცერტი სახელწოდებით " სიყვარული და მშვიდობა" კარნეგი ჰოლში ერთგვარი პროტესტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ომზე და სისხლისღვრაზე. ლიანა ისაკაძე ამბობს, რომ დროა პოლიტიკოსები პირად სარგებელზე ზრუნვას მორჩნენ და " სიყვარული და მშვიდობა" გაიხსენონ.

ლიანა ისაკაძე: გაიხსენეთ ხალხო, რა არის სიყვარული და მშვიდობა.

XS
SM
MD
LG