სირიის სისხლიანი კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს ქადრი ჯამილს მოსკოვში შეხვდა.
ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი მოსკოვიდან მოგვითხრობს.
რუსეთის მთავარი დიპლომატი ამბობს, რომ სირიის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლიანი კონფლქტი სამხედრო ჩარევით ვერ მოგვარდება.
ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია სირიაში არსებული სიტუაციით და რომ ოფიციალური მოსკოვი დარწმუნებულია, რომ სამხედრო ინტერვენცია კონტრპროდუქტიული იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიელ ლიდერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის დარეგულირების ალტერნატიული გზების მოძიება.
ლავროვის თქმით, კრემლი დარწმუნებულია, რომ მხარეებმა ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენონ აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით, რათა პოლიტიკური პროცესით დასრულდეს სირიის სისხლიანი კონფლიქტი. რუსმა დიპლომატმა ასევე მოუწოდა სირიის მთავრობასა და ოპოზიციას, რომ შეთანხმებულად იმუშაონ სირიიდან „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ განდევნის მიზნით.
დაწყებული საბჭოთა პერიოდიდან, მოსკოვი დამასკოს მოკავშირეა და ამ კონტექსტში, რუსეთის მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სირიის კონფლიქის დასრულებაში. სირიის კონფლიქტის შედეგად ასი ათასი ადამიანი უკვე ადგილნაცვალია.
რუსეთი უარს აცხადებს სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭიროს მხარი, აცხადებს რა, რომ სირიის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა გაეროს უშიშროების საბჭოს საქმე არ არის.
კრემლმა ასევე გაანაწყენა დასავლეთი, როცა იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო დამასკოსთვის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ამ ტიპის იარაღის გამოყენება ვერ მოხდება სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს და რომ თავისი ქმედებით მოსკოვი არ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.
ამ ფონზე, რუსეთი დაჟინებით ითხოვს, რომ სირიის კონფლიქტის ორივე მხარეს შორის მშვიდობის მისაღწევად დიალოგი დაიწყოს. მოსკოვი და ვაშინგტონი ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟენევაში გაიმართოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უზრუნველყოფს.