მთავრობის ძალისხმევა დემოკრატიზაციის კუთხით, ინსტიტუციური მოწყობა, სიცოცხლისუნარიანი მედია და სამოქალაქო სექტორი არის ის პარამეტრები, რითაც საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო 25 წლის განმავლობაში ლიდერად იქცა. სომხეთში მდგომარეობა რუსეთის აშკარა ჩარევით პერიოდულად იცვლებოდა, აზერბაიჯანი კი დღემდე რეგულარულ რეგრესს განიცდის კანონის უზენაესობის დარგში. ამ საკითხზე ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. ჩვენ მომხსენებელ ექსპერტებს და დიპლომატებს აუდიტორიაში ვესაუბრეთ.
დევიდ კრეიმერი, მაკკეინის ინსტიტუტი:
პოსტ-საბჭოთა სივრცეში ამერიკას მეტი დახმარება და აქცენტის გაკეთება მართებს კანონის უზენაესობის, მედიის, ინსტიტუტების განვითარებაზე. რუსეთი საქართველოს სვლას დასავლეთისკენ მუდმივად ბლოკავს და ჩრდილოატლანრიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ამ სიტუაციაში, ამერიკამ საპრეზიდენტო დონის ინტერესი უნდა გამოიჩინოს და უფრო იაქტიუროს რეგიონში. საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან მნიშვნელოვანია. ნატოს მომდევნო სამიტი არ უნდა გახდეს ის, რაც ბუქარესტის დეკლარაციის შემდეგ მივიღეთ: ქართველების იმედგაცრუება და რუსეთის აგრესია. ამ ეტაპზე, საქართველოს პროგრესის მეტი აღიარება სურს ნატოსგან. დასავლეთმა, კერძოდ შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა.
ნატოს მომდევნო სამიტი არ უნდა გახდეს ის, რაც ბუქარესტის დეკლარაციის შემდეგ მივიღეთ: ქართველების იმედგაცრუება და რუსეთის აგრესია.დევიდ კრეიმერი
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის პროგრესის უპირველესი ნიშანი ბოლო 25 წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მიღწევა და შენარჩუნებაა. რუსეთი, საქართველოში შემოიჭრა და ამ ქვეყანას ახლა სეპარატისტული კონფლიქტები აქვს. მიუხედავად ამისა, ის დამოუკიდებლად ვითარდება ევროატლანტიკური გზით მიდის. ვისურვებდი, რომ დასავლეთი მას უფრო დაეხმაროს ამ გზაზე. მინდა, რომ მომდევნო 25 წელი ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობდეთ.
რა საგანგებო მიღწევებით ხასიათდებოდა ეს წლები სხვადასხვა ქვეყნებისთვის და საკმაოდ არათანაბარი პროგრესის პირობებში უნდა მოახდინოს თუ არა ვაშინგტონმა კავკასიასა და შუა აზიაში არსებული სტრატეგიის მოდიფიცირება? საქართველოს შემთხვევაში, მიღწეული პროგრესი ადვილი შესამჩნევია, თუმცა გამოწვევები რჩება, რომელთა დაძლევაზე პირველ რიგში ადგილობრივმა მონაწილეებმა უნდა იზრუნონ.
უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში:
დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ ორ მთავარ რამეს მიაღწია:
შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მუდმივი რუსული საფრთხის მიუხედავად, და მოახდინა დემოკრატიული გარდაქმნები. უკრაინის მსგავსად, საქართველოში რეგულარულად არჩევნები ტარდება, ქვეყნებს ყავთ ოპოზიციური პარტიები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ახლა, ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაა. მოსახლეობის განათლების მაღალ მაჩვენებელს, სოფლის მეურნეობის რესურსებსა და საქართველოს სტრატეგიულ სატრანსპორტო პოზიციებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობის შექმნა შესაძლებელია.
ამ ეტაპზე, მთავარი მიზანი, ექსპერტების აზრით, სწორედ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მისი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება უნდა გახდეს. საქართველომ ჯერ საკუთარი ეკონომიკა უნდა განავითაროს რათა ევროკავშირში წვლილის შეტანა შეძლოს, გაწევრიანებაზე კი ამის შემდეგ იფიქროს.