შეერთებული შტატების კონგრესში კანონმდებლები შეშფოთებული არიან იმით, თუ რა შეიძლება მოხდეს ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან ამერიკის ჯარი გამოვა.
ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის მოლაპარაკებებში ზალმაი ხალილზადი ამბობს, რომ ავღანეთის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
ხალილზადის ძალისხმევის შედეგად 2020 წელს თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, რომლის თანახმადაც ამერიკისა და ნატოს ჯარები ავღანეთიდან ამ წლის მაისში უნდა გამოსულიყვნენ.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაში ხალილზადმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თალიბანს შეთანხმების ყველა პირობა არ შეუსრულებია, ავღანეთის განვითარებისთვის პერსპექტივა მაინც არსებობს.
„არ ვფიქრობ, რომ მთავრობა ჩამოიშლება და მმართველობას თალიბანი აიღებს. მე პირადად არ მჯერა იმის, რომ ჩამოშლა გარდაუვალია“, უთხრა ხალილზადმა სენატორებს.
მისივე თქმით, „ჩემი შეფასებით, შეცდომა იქნება ის, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ისე შევაფასოთ თითქოს ისინი სანდო ძალა არ არის, რომელსაც საქმის კარგად შესრულება შეუძლია. თუმცა, მათ უფრო რთული სიტუაციისთვის მოუწევთ თავის გართმევა“.
Facebook Forum