თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა.
მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მეთოდებით გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
"მთლიანად ვემხრობი [ამერიკის] საელჩოს განცხადებას დემონსტრანტებთან დაკავშირებით. ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ყველამ ვიცით რატომ აკეთებენ ამას. მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში, საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდება და ხალხს ექნება საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობრივი კონფრონტაციის გარეშე."
იალოვიცმა პროპრორციული საარჩევნო ცვლილების მნიშვნელობის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, "ივნისში გაკეთებული განცხადება [პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით] ძალიან კარგი აზრი იყო. ახლა კი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს. ყველა თანხმდება, რომ პროპორციულ სისტემას შესაძლოა თავისი გამოწვევები ჰქონდეს იმ კუთხით, რომ პარლამენტში ბევრ პატარა პარტიას შეუძლია მოხვდეს. თუმცა, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ერთ პარტიას არ ექნება, თითქმის, დიქტატორული ძალაუფლება, ანუ კონსტიტუციური უმრავლესობა. ხალხი სწორედ ამას აპროტესტებს. რასაც ახლა მე ვუყურებ, ძალის გამოყენებას, ეს ძალიან ცუდია. ეს არის ნაბიჯი უკან," უთხრა იალოვიცმა "ამერიკის ხმას."
Facebook Forum