ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიაში 400 ათასზე მეტი სირიელი დევნილია


დევნილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. უმრავლესობას თავი მინიმალური საარსებო საშუალებებით გააქვს

იორდანიის სამხრეთში ქვეყნის უღარიბესი მოსახლეობა ცხოვრობს. ამ რეგიონებში წყლის უკმარისობა ჩვეულებრივი მოვლენაა და მოსახლეობას ელექტროენერგიაც ლიმიტირებულად მიეწოდება. ისედაც ურთულეს პირობებში იორდანელებს ახალი პრობლემა დაემატათ. მათ სირიიდან დევნილი ათობით ათასი ადამიანი შეიფარეს.

პატარა ქალაქ კარაკში 10 ათასზე მეტი სირიელი დევნილია დარეგისტრირებული. ტარიკი ოჯახთან ერთად იქ 6 თვის წინ ჩავიდა. ისინი ბინას ქირაობენ. ტარიკი სურსათის უკმარისობის, ოჯახის ჯანმრთელობის და ბავშვების განათლების პრობლემებზე წუხს. მამამისმა ინსულტი გადაიტანა, მის და-ძმას სისხლის ქრონიკული დაავადებები აქვთ, შვილს კი ოპერაცია ესაჭიროება.

წამლები ძალიან ძვირია. ლტოლვილისთვის ამ მედიკამენტების
საკუთარი სახსრებით შეძენა სრულიად წარმოუდგენელია. ის ოპერაცია,
რომელიც ჩემს შვილს ჭირდება, 300 იორდანული დინარი ღირს. ჩვენ
ამხელა თანხა არ გაგვაჩნია. სულ 5 დინარს ვშოულობ, რაც ბინის ქირას
ძლივს ყოფნის“ - ამბობს ტარიკი.

ის დანარჩენ სირიელ დევნილებთან ერთად საავადმყოფოში წავიდა და დახმარება იქ ითხოვა. იტალიურ კერძო კლინიკას, რომელიც რეგიონს ემსახურება, კათოლიკე მონაზვნები კურირებენ და ისინი წლების განმავლობაში მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის ერაყიდან დევნილებს ეხმარებოდნენ.

მოწყალების და, ალესანდრა ფუმაგალი ამბობს, რომ მათ ისედაც არასაკმარისი რესურსები აქვთ და სირიიდან მოზღვავებულ დევნილებს ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებიან.

გადაუდებელი დახმარების შემთხვევების დაკმაყოფილება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, არც ამისთვის გვყოფნის სახსრები. უამრავი ქალის და ბავშვის ქეისი გვაქვს, რომელთაც პნევმონია და სხვა ინფექციები აქვთ. მათ დახმარებას მაქსიმალურად ვცდილობთ “ - ამბობს მოწყალების და.

100 ათასზე მეტი სირიელი იორდანიის ზატაარის დევნილთა ბანაკშია განთავსებული. ათეულ ათასობით იძულებით გადაადგილებული კი სხვადასხვა ქალაქებში არაორგანიზებულადაა მიმოფანტული. ყველაზე დიდი ნაწილი დედაქალაქ ამანში იყრის თავს.

იორდანიის მთავრობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით ცდილობს სირიელ დევნილებს მინიმალური საცხოვრებელი პირობები მაინც შეუქმნას. ამ საქმეში მას საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციაც ეხმარება. ტანია კისერლი იორდანიაში დიდი ბრიტანეთის წითელი ჯვრის ოფისს წარმოადგენს. მისი თქმით, სირიელები ქვეყანაში სერიოზულ დაძაბულობას ქმნიან.

„დევნილთა რაოდენობა, რომელიც იორდანიაში გადმოდის, ისედაც მწირ ეროვნულ რესურსებს დამატებით წნეხად დააწვა. ამ ყველაფერმა ფასების ზრდაც გამოიწვია. გაძვირდა საკვები, ბინის ქირა. იორდანიაში, რომელსაც ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები ისედაც არ აკლდა, ამჟამად რეკორდული, უპრეცედენტო სიძვირეა“ - აღნიშნავს წითელი ჯვრის თანამშრომელი.

სირიის კონფლიქტს არც ბოლო უჩანს და არც მზარდი ესკალაციის დროებით შეჩერების ნიშნები ეტყობა. იორდანიელები კი მზად არიან სამშობლოდან დევნილ სირიელებს იმ მცირედით მაინც დაეხმარონ, რისი გაღებაც შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG