ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ირანთან ურთიერთობას ოპტიმისტურად უყურებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ირანთან დაკავშირებით მომავალში კიდევ ბევრი კარგი რამ შეიძლება მოხდეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის. განვითარების სხვა საფეხურზე ავა ირანელების ცხოვრების სტანდარტები და ამერიკას და ირანს შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. სახელმწიფო მდივან ჯონ კერის წამყვანი როლი ენიჭება პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მცდელობაში იმ კანონმდებლების მხარდაჭერა მოიპოვონ, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი ირანთან დადებული შეთანხმების მიმართ.

ჯონ კერი დარწმუნებულია, რომ კანონმდებლები საბოლოო ჯამში მივლენ იმ მოსაზრებამდე, რომ ირანს და ამერიკის ლიდერობით მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს შორის მიღებული შეთანხმების ჩაგდების მცდელობა შეერთებული შტატების კონგრესში შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ისედაც დაძაბულ რეგიონში ახალი კონფლიქტის და ომის საფუძველი გახდეს:

"ეს შეთანხმება კონგრესში თუ არ დამტკიცდა, აიათოლა იტყვის - აი, რატომ არ მოვინდომე ამ ხალხთან შეთანხმება. მათ ვერ შეძლეს ეს. ისინი ამას არ აკეთებენ. რატომ დაუჭერენ ჩვენი კოლეგები მსოფლიოში სანქციებს მხარს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს სანქციები იმისთვის აამოქმედეს, რომ ირანთან შეთანხმება მომხდარიყო. თუმცა, ახლა, როცა მათ უკვე შეთანხმება მიიღეს, ასე შუა გზაზე მიატოვეებენ? ასე რომ ეს ყველაფერი თუ დაინგრა, შეიძლება სამომავლოდ რეგიონისთვის უდიდეს საფრთხეს შეიცავდეს",- ამბობს სახელმწიფო მდივანი.

კერიმ ობამას ადმინისტრაციის პოზიცია დაიცვა, როდესაც საუბარი შეთანხმების იმ საკითხებს შეეხო, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებს და ირანის ციხეებში მყოფი ამერიკის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების საკითხის მოგვარებას. მისი თქმით, „როგორც აუკვე ავღნიშნეთ, თუ ამ შეთანხმების ფარგლებში ირანს და მსოფლიო თანამეგობრობას, ან ირანს და ამერიკას შორის კიდევ სხვა პრობლემატურ საკითხთა განხილვას ჩავრთავდით, მაშინ კიდევ 10 წელი დაგვჭირდებოდა მოლაპარაკებებისთვის და ვერასოდეს ვეღარაფერს მივაღწევდით. ჩვენ ბირთვული შეიარაღების საკითხის გამო და იმის გმო, თუ რამდენად დაწინაურდა ის, ამდენი დროც არ გვქონდა“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ირანთან დაკავშირებით მომავალში კიდევ ბევრი კარგი რამ შეიძლება მოხდეს, თუკი არსებული გარიგება სრულად იქნება დანერგილი.

„ეს მოიცავს ტურიზმის პოტენციალის გაზრდას, თუმცა ის, რის დაუყონებლივ ამოქმედებასაც ითვალიწინებს, არის ფინანსებზე, ბანკებზე და ტვირთების მოძრაობაზე დაწესებული სანქციების მოხსნა. საკვები პროდუქტები, როგორიც არის თხილი, ხალიჩები, სხვა საკვები პროდუქტი, მათი ირანიდან შემოტანა გახდება შესაძლებელი. ასე რომ ახალი შესაძლებლობებისთვის კარი იხსნება, თუმცა ყველაფერი ერთად ჯერ არ მოხდება. ძირითადი ემბარგო მაინც ძალაში რჩება“ - აცხადებს ჯონ კერი.

ორშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ირანის შეთანხმებასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას. ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს სამოქმედო პროგრამა კვირას წარუდგინა, რითაც კანონმდებლების მხრიდან ამ შეთანხმების შესწავლის და ანალიზის 60-დღიანი პერიოდი დაიწყო. ისტორიული პაქტის რატიფიცირება ირანის კანონმდებლების მიერაც უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG