ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სირიაში ირანის ყოფნის საკითხები. ამ თემაზე ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, ორშაბათს ჰელსინკიშიც ისაუბრებენ.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ყოველი მისი ვიზიტი მოსკოვში შესაძლებლობაა რუსეთთან რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციაზე იმუშაონ. მან დასძინა, რომ ირანს პასუხისმგებლობა აკისრია სირიიდან გავიდეს.
ისრაელი განგაშის ამაღლებულ რეჟიმზეა გადასული მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის მომხრე ძალებმა, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს, მეამბოხეთა კონტროლირებულ ტერიტორიებზე შეაღწიეს.
ისრაელის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებმა ბოლო კვირების მანძილზე სირიის და ირანის კონტროლირებული ობიექტები ამოიღეს მიზანში. ბოლოს ეს იყო სირიის მთავრობის პოზიციები, მას შემდეგ რაც დამასკოს მიერ მართულმა დრონმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია.
Facebook Forum