ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამი დიდ ბრიტანეთში


ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული არხი დროს მუსლიმთა დილის ლოცვას და რამადანისადმი მიძღვნილ გადაცემებს უთმობს

ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანული ტელევიზიის, მე-4 არხის მმართველებმა არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი რამადანის, მუსლიმთა ტრადიციული მარხვის პერიოდში დილის ლოცვას გადასცემენ. ლოცვა გათენებამდე, დილის 3 საათზე იწყება და 30 დღის განმავლობაში ყოველ დილით, 3 წუთი გრძელდება. დანარჩენი 4 ლოცვა კი ტელეარხის ვებგვერდზე თავსდება.

ამით მედიის წარმომადგენლებს სურთ ხაზი გაუსვან, რომ ისლამის ავტომატურად ექსტრემიზმთან ასოცირება მიუღებელია და ხმა და საეთერო დრო საზოგადოების იმ ნაწილსაც ეკუთვნის, რომელიც თავს რეპრესირებულ უმცირესობად მიიჩნევს. ამას გარდა, არხის მესვეურები ამბობენ, რომ არამუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი პირველად შეიტყობს, თუ რა არის რამადანი და რას წარმოადგენს ის მათ გვერდით მცხოვრები ადამიანებისთვის.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00
ბმული

უსამა ჰასანი, ისლამურ სწავლებათა სპეციალისტი ქვილიამის ფონდში, რომელიც ლონდონში მდებარე კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენს, ამბობს, რომ სიახლემ ბრიტანელ მუსლიმთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

თვალს ვადევნებ მუსლიმთა დისკუსიებს, ინტერნეტ-ფორუმებს და ასე შემდეგ. მთელი აურზაურია ატეხილი მე-4 არხის მიერ გამოცხადებულ რამადანის სეზონზე. ამის შესახებ ბევრმა გაიგო. და თუკი წინა წლებში ამ პერიოდში მუსლიმთა სატელიტურ არხზე ერთვებოდნენ, ახლა ბევრი დარჩება ბრიტანულ არხზე და შესაძლოა ის საინტერესო ალტერნატივადაც კი ჩათვალონ“. - აღნიშნავს ისლამურ სწავლებათა სპეციალისტი.

ჰასანის თქმით, ასეთი ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსლიმებისთვის. უკანასკნელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველი მე-10 ახალგაზრდა მუსლიმია. საუბარია 25 წლამდე ასაკის ადამიანებზე. მე-4 არხის ძირითადი სამიზნე მოსახლეობის სწორედ ეს ნაწილია. ისლამის მიმდევარმა ახალგაზრდებმა დიდი როლი ითამაშეს არხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს ის თაობაა, რომელიც ამერიკაში 11 სექტემბრის და შემდეგ 2005 წელს დიდი ბრიტანეთის ტერაქტების შემდეგ გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ჰასანი ამბობს, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი საზოგადოების მხრიდან მიმღებლობისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

მათი ფორმირება ერთგვარად მტრულად განწყობილ ატმოსფეროში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა პოზიტიურ გარემოცვაში მოხვდნენ და თავი ბრიტანული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩათვალონ. ამიტომაც მე-4 არხის გადაწყვეტილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია“ - ამბობს უსამა ჰასანი.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოება ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდა. მემარჯვენე პოლიტიკოსებმა ამასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატეს. მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც კოლეგების ნაბიჯის მიმართ საკუთარი შეშფოთება გამოთქვა. ენდრიუ მაკბრაიდი მემარჯვენე დაჯგუფების Britain First (ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა) ლიდერია. მან მაუწყებლობის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიაც კი წამოიწყო, რომელიც ლოცვების სასწრაფო შეწყვეტას მოითხოვს. მე-4 არხის გადაწყვეტილებას ის „ისლამის პროპაგანდას“ უწოდებს. მის საჩივარს მოცემულ მომენტში 5 ათასი ბრიტანელი აწერს ხელს.

არაბული ლოცვის საზოგადოებრივი მაუწყებლით მოსმენა ბრიტანეთში გამაღიზიანებელია ხალხისთვის და ნერვებს მიშლის მეც“ - აცხადებს პოლიტიკოსი. თავად მუსლიმთა შორისაც ისმის ისეთი შეფასებები, თითქოს მე-4 არხი რამადანს რეიტინგების მოსაპოვებლად და ყურადღების მისაქცევად იყენებს. თუმცა, იბრაჰიმ მოგრა, დიდი ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, აცხადებს, რომ ისლამის კულტურის წამყვან ტელეარხზე აფიშირება მუსლიმ ბრიტანელებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში უწყობს ხელს. ისინი უფრო მეტად გრძნობენ თავს ბრიტანული საზოგადოების ნაწილად.

„ეს აუცილებლად დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ამით ისლამის შესახებ შექმნილი მითები, ცრურწმენები და სტერეოტიპები ერთი ხელის მოსმით არ გაქრება, მაგრამ თითოეული ამგვარი ნაბიჯი დასაფასებელია“ - აღნიშნავს მუსლიმთა საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი.

მე-4 არხი ლოცვების გარდა, რამადანისადმი მიძღვნილ რამდენიმე სხვა გადაცემასაც ამზადებს. მათ შორის დოკუმენტური ფილმების ციკლიცაა, რომელიც საზოგადოებას ბრიტანელი მუსლიმების და მათი ცხოვრების შესახებ მოუთხრობს.
XS
SM
MD
LG