ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში წმიდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ


აშშ-ში წმიდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ
აშშ-ში წმიდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ

დღესასწაულისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. წმიდა პატრიკის დღეს ოფიციალურად 17 მარტს აღნიშნავენ, მაგრამ ზეიმი ფაქტობრივად მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ირლანდიური წარმოშობის ამერიკელებისთვის, ანუ როგორც ისინი თავის თავს ხუმრობით უწოდებენ - მწვანესისხლიანებისთვის - დღესასწაულის კულმინაცია ტრადიციულად მეხუთე ავენიუზე გამართული აღლუმია, რომელიც წელს თან საიუბილეოა: რიგით 250-ე

ამ დღეს ნიუ იორკის ბარებში მწვანე ლუდს მიირთმევენ, მწვანე პარიკს იკეთებენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ზოგიერთ ქალაქში ქუჩებს და მდინარეებსაც კი მწვანედ ღებავენ. აღლუმში საშუალოდ 150 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას და ისინი 26 ისტორიულ რეგიონს წარმოადგენენ. ერთ-ერთმა ასეთმა რეგიონმა, რომელსაც „მაიო“ ჰქვია, დღესასწაულის აღსანიშნავად ნიუ იორკის ქვინსის დასახლებაში სპეციალური მეჯლისი გამართა.

მოცეკვავეთა შორის იყო 83 წლის ცნობილი ამერიკელი მწერალი მერი ჰიგინს კლარკი, რომლის 42-ვე რომანი ნიუ იორკის ბესთსელერი იყო. ქალბატონი კლარკი ამაყობს თავისი ირლანდიური წარმოშობით და აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ წმიდა პატრიკის აღლუმს საშუალოდ 2 მილიონი ნიუიორკელი და ტურისტი სტუმრობს.

“ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა იქ დამსწრე ისევე ამაყობს თავისი წარმოშობით, როგორც ჩვენ, ირლანდიელები. ისინი ჩვენ გვიყურებენ და საკუთარ წინაპრებზე ფიქრობენ. მათ ხომ იგივე გზა გაიარეს, ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და ახალ ცხოვრებას ეზიარნენ. ხანდახან ვამბობ, რომ ჩვენ ყველა ირლანდიელები ვართ და ვგულისხმობ იმას, რომ ყველანი იმიგრანტების შვილები ვართ და ბევრი საერთო გვაქვს“.

ირლანდიელთა პირველი დიდი ტალღის ჩამოსვლა ნიუ იორკში სრულებით არ იყო ბედნიერების და წარმატების „ამერიკული ოცნების“ ისტორია. მილიონობით ირლანდიელი ჩამოვიდა აქ მე-19 საუკუნეში. მათი დიდი ნაწილი შიმშილით ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებით დაიღუპა, ნაწილი გზაში, ნაწილი კი ნიუ იორკში. აქ ჩამოსულებს წარმოუდგენელ დისკრიმინაციასთან მოუწიათ ბრძოლა და თავის გადარჩენა. ადგილობრივი პრესა მათ როგორც წესი იდიოტებად და უვარგისებად მოიხსენიებდა. ასე რომ ირლანდიელებს გაერთიანების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ. სწორედ მაშინ დაიწყო ირლანდიელთა გააქტიურება ამერიკულ პოლიტიკაშიც.

ირლანდიელები თვლიან, რომ ამერიკის პრეზიდენტთა უმრავლესობა ნაწილობრივ მაინც ირლანდიური წარმოშობისაა. ირლანდიურმა სოციუმმა მართლაც რომ დიდი კვალი დაატყო ამერიკული ცხოვრების მრავალ ასპექტს, რომელთა შორისაა: პროფესიული კავშირები, პოპ-კულტურა, პოლიცია, ჟურნალისტიკა, ფინანსები და სხვა მრავალი. ცნობილი ირლანდიური წარმოშობის ამერიკელები არიან: ჯონ კენედი და რვა ყოფილი პრეზიდენტი, მწერლები სკოტ ფიცჯერალდი და ფლანერი ოკონორი, ინდუსტრიალისტი ჰენრი ფორდი, უთვალავი სახელგანთქმული სპორცმენი და მომღერალი.

წმიდა პატრიკის დღე არაჩვეულებრივი საშუალებაა ამაყი ირლანდიელებისთვის საკუთარი კულტურის და ტრადიციების წარმოსაჩენად. ასე რომ ნიუ იორკის მეხუთე ავენიუ ირლანდიული სულის და ხასიათის კიდევ ერთ მრავალათასიან აღლუმს მასპინძლობს და მილიონობით ქალაქის ბინადარს და ტურისტს მხიარული, თავშესაქცევი სანახაობით იზიდავს.

XS
SM
MD
LG