ერთი წლის წინ, 12 ივნისს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მართალია მაშინ არჩევნებში პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაიმარჯვა, არჩევნების შედეგების ირგვლივ არსებულმა დავამ მალე თეირანის ქუჩებში გადაინაცვლა, რასაც მთავრობამ სასტიკი რეპრესიებით უპასუხა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გერი თომასი იუწყება, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი მოვლენების გავლენა დღესაც იგრძნობა როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ.
როგორც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე რიჩარდ მერფი აღნიშნავს, პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომლის მეორე ვადით არჩევამ ამდენი საპროტესტო დემონსტრაცია გამოიწვია ქვეყანაში, კვლავინდებურად ძალაუფლებაში იმყოფება და დასავლეთისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით:
„ალბათ ბევრი კრიტიკოსი გაოცებულია რადგან მათ ეგონათ, რომ ეს კაცი შეშლილი მასხარაა, რომელსაც ნაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს. მაგრამ ირანის უზენაესმა ლიდერმა და რევოლუციის გუშაგთა ორგანიზაციამ მომხრეთა რიგების სწრაფი კონსოლიდირება მოახდინეს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დაკანონების მიზნით. ჯერ-ჯერობით ამ საყრდენ ბაზაში რაიმე განხეთქილება ნამდვილად არ შეინიშნება და რომც ქონდეს ადგილი, მაშინ ეს ჩემი ყურადღების მიღმა დარჩა ალბათ.“
გასული წლის საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზება ძირითადად რეფორმისტულად განწყობილი ირანელების უკმაყოფილებას უკავშირდებოდა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მათ ლიდერს ბატონ მირ ჰუსეინ მუსავის ხმების გაყალბების მეოხებით არჩევნებში გამარჯვების უფლება არ მიეცა. მთავრობამ დემონსტრაციებში არსბეული წყობის გამოწვევა დაინახა და ძალის გამოყენება სცადა.
მალე რეპრესიების გამო საპროტესტო აქციების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ხოლო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მიმალვა დაიწყო ან საზღვარგარეთ გადასახლდა. მაგრამ შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სამსახურის ირანის საკითხების ანალიტიკოსის კენ კაცმანის თქმით:
„ოპოზიციის გარკვეული ფრაქციები მიხვდენენ, რომ მოძრაობის მარცხი ხელმძღვანელობისა და ორგანიზაციის უქონლობით იყო განპირობებული. სწორედ ამის გამო ოპოზიციურ მოძრაობას ენერგია გამოელია. ზოგიერთმა ფრაქციამ მმართველი საბჭოები შექმნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიქმნა მოძრაობის მაკოორდინირებელი საბჭო. უბრალოდ ცალკეულმა ჯგუფებმა მმართველი საბჭოები შექმნეს და ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ მოძრაობას ორგანიზაციის რაღაც ნიშნები დაეტყო.“
ოპოზიციის რეორგანიზაციის პარალელურად მთავრობა უკან იხევს. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მთავრობა კვლავინდებურად აპირებს საპროტესტო მოძრაობის ჩახშობას. საერთაშორისო ასპარეზზე ირანის მთავრობა ჯიუტად ცდილობს გახდეს ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო.
ბუშის ადმინისტრაციის დროს ირანის მიმართ პოლიტიკაში ჩახედულმა სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა აღნიშნა, რომ მართალია ირანის მთავრობამ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალაუფლება გააძლიერა, საერთაშორისო ასპარეზზე მან მარცხი განიცადა. მისი თქმით:
„სამწუხაროდ ირანის მთავრობა კვლავინდებურად აკონტროლებს ქვეყანას. საერთაშორისო ასპარეზზე ისინი უფრო იზოლირებულები არიან. გასულ ზაფხულს ირანის მთავრობამ ბევრი რამ წააგო. მთელმა მსოფლიომ თვალნათლივ დაინახა, რომ ირანს არადემოკრატიული რეჟიმი მართავს. შედეგად ირანი უფრო იზოლირებული გახდა. ქვეყანამ საერთაშორისო ნდობა დაკარგა. ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ გასული წლის მოვლენების ორმაგ შედეგს.“
ობამას ადმინისტრაცია ხელისუფლებაში ირანთან დიალოგის ინიციატივით მოვიდა, მაგრამ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დღემდე არაფერი პოზიტიური არ მომხდარა. ნიკოლას ბერნსი აღნიშნავს, რომ ირანთან მოლაპარაკებების წარმართვის იდეა ვაშინგტონში ჯერ არ ამოწურულა. ამასთან დაკავშირებით იგი დასძენს:
„ჩვენ ირანის მთავრობა ნამდვილად არ მოგვწონს. ეს არის ძალზედ ნეგატიური და სასტიკი მთავრობა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ ანუ საერთაშორისო თანამეგობრობას მასთან ხანდახან თანამშრომლობა მოგვიხდება რათა დიპლომატიისა და მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლებელი გახდეს გარკვეული პოზიტიური შედეგის მიღწევა. ამდენად მე დიპლომატიას ბოლომდე მაინც არ გამოვრიცხავდი. სათანადო პოლიტიკური კურსი სხვადასხვა ელემენტებისგან უნდა შედეგებოდეს, მათ შორის სანქციებისა და ირანზე მზარდი ზეწოლის ჩათვლით, რათა თეირანმა ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავისი დაპირებები უშიშროების საბჭოს წინაშე.“
შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესებას ცდილობს. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთისა და ჩინეთის მოთხოვნების შესაბამისად სანქციების ახალი პაკეტი იმდენად შესუსტებულია, რომ ამ ზომების მიღების ეფექტურობა ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ ძალზედ საეჭვოა.