ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული შეთანხმების გაურკვეველი მომავალი


პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტმა ობამამ 2015 წელს შეათანხმა, ვაშინგტონის მოკავშირეები და მტრები ერთნაირი ინტერესით აკვირდებიან.

ამერიკის ხმის გადაცემაში „გრეტა ვან სასტერენთან ერთად“, მიმომხილველებმა იმ შედეგებზე ისაუბრეს რაც ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას შეიძლება მოჰყვეს.

პრეზიდენტის გადაწვეტილებამ უკვე იქონია ეფექტი ირანზე. ქვეყნის ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დავიდა. ილან ბერმანი, რომელიც ირანის შეთანხმებას დასაწყისშივე აკრიტიკებდა, ამბობს, რომ ეკონომიკური სანქციების განახლებას უფრო დიდი შედეგები მოჰყვება.

„ეს ქვეყნებს და კომპანიებს, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ, არჩევანის წინაშე აყენებს. მათ შეიძლება ეს არჩევანი არ მოსწონდეთ, თუმცა ისინი მის წინაშე არიან“. - ამბობს ბერგმანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.

ბრეტ დეკერი, ამერიკის „ექსპორტ-იმპორტის ბანკის“ ყოფილი აღმასრულებელი მოხელე, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

„ეს იყო შეყოვნების ტაქტიკა [ირანის მხრიდან]. [შეთანხმების] სისუსტეების გათვალისწინებით, როგორიცაა ადგილების შემოწმება და სხვა, არ არსებობდა რაიმე გარანტია გარდა იმის, რომ ენდო მათ სიტყვას, რომ ისინი ასრულებენ იმ პირობებს, რასაც ამბობენ“, - ამბობს დეკერი.

თუმცა ყოფილი ენერგეტიკის მდივანი, ერნესტ მონიზი, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს შეთანხმების მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, ამ კრიტიკას არ იზიარებს.

„ირანის შეთანხმებამდე [ბირთვული პროგრამის] შემოწმების მექანიზმი არ არსებობდა... ჩვენ არ გვქონდა რეალური შემოწმების საშუალება. დღეს ჩვენ ის გვაქვს, და გვაქვს განუსაზღვრელი ვადით“, - ამბობს ის.

როდესაც ჩრდილოეთ კორეის და ირანის მაგალითებს ერთმანეთს ვადარებთ, შემოწმების მექანიზმი ისაა, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ , - ამბობს მონიზი.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიმეოროთ ის შეცდომები რაც წარსულში შემოწმების მექანიზმებს უკავშირდებოდა, როდესაც ინსპექტორებს მხოლოდ იქ შეეძლოთ შემოწმების ჩატარება, სადაც მათ ჩრდილოეთ კორეა მისცემდა უფლებას. ჩვენ გვჭირდება ის, რაც გვაქვს ირანის შემთხვევაში - შესაძლებლობა შეამოწმო ნებისმიერი ადგილი სადაც საეჭვო მოქმედებას აქვს ადგილი“, - ამბობს მონიზი.

საგარეო პოლიტიკის მიმომხილველთა ნაწილი ამბობს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწვეტილება, ჩრდილოეთ კორეასთან მომავალი სამიტის კონტექსტში, მნიშვნელოვანია.

„ეს ინტელექტუალური აბჯარივითაა, რომლითაც შეგიძლია აჩვენო ჩრდილოთ კორეას, რომ ირანის შეთანხმება სუსტი იყო და სწორედ ამიტომ, თუ არ გსურთ რომ იგივე განმეორდეს თქვენთან შეთანხმების შემთხვევაში, თქვენ უფრო მეტი უნდა მოგვცეთ, უფრო გამჭირვალე უნდა იყოთ, და მეტი გვაჩვენოთ. ვფიქრობ, ტრამპმა შესაძლოა ეს საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს ჩრდილოთ კორეასთან მოლაპარაკებებისას“ , - ამბობს ილან ბერგმანი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოდან.

ამერიკის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, შეთანხმების სხვა მხარეებმა, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, აღნიშნეს, რომ ისინი აპირებენ შეთანხმების მონაწილეებად დარჩენას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG