ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტჩელი: უნდა გადაიხედოს ბუქარესტის დაპირება და საქართველოსთან "საკონტროლო სიით" ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოს


ნატოს მომდევნი სამიტზე ალიანსი 2030 წლისთვის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს. რუსეთი და ჩინეთი ამ სტრატეგიის, სავარაუდოდ, დიდი ნაწილი იქნება. თუმცა ალიანსი სამომავლო გაფართოებასა და აღმოსავლეთით მდებარე საკუთარ პარტნიორებთან ურთიერთობასაც გადახედავს. როგორ ართმევს ნატო თავს საქართველოსთან პარტნიორობას და როგორი შეიძლება იყოს ალიანსის მიდგომა საქართველოს მიმართ სამომავლოდ. ამ თემებზე აშშ-ის სახ მდივნის ყოფილ თანაშწეს ევრიპოს საკითხებში უეს მიტჩელს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

უეს მიტჩელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
უეს მიტჩელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

ბატონო უეს, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ ნატოსთვის ანგარიში მოამზადეთ, რომელიც ალიანსს 2030 წლისთვის გასაძლიერებლად საჭირო რეკომენდაციებს აძლევს. რა არის ანგარიშის ყველაზე დიდი მიგნებები - ზოგადად რომ ჩამოთვალოთ და შემდეგ მათზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ.

ვფიქრობ, ანგარიშის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ნატომ ადაპტაცია უნდა მოახდინოს ახალი ეტაპისთვის, რომელიც სისტემურ მეტოქეობას მოიცავს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც. ანგარიში მომავალ 10 წელს აფასებს და ცდილობს გათვალოს, თუ 2030 წლისთვის, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიული გარემო ალიანსისთვის და როგორი უნდა იყოს ნატოს მიდგომა ამ გარემოს მიმართ. დიდი გზავნილი ისაა, რომ ნატო ცვალებად გარემოს უნდა მოერგოს რუსეთისგან და ჩინეთისგან მომავალი უწყვეტი და ერთდროული კონკურენციის ფონზე. რუსეთთან და ჩინეთთან სტრატეგიული კონკურენცია ძალიან განსხვავდება იმ გარემოსგან, რომელიც ნატოსთვის ცივი ომის შემდგომ პერიოდში იყო ცნობილი. ცივი ომის შემდეგ, ნატოს სტრატეგიული მოწინააღმდეგე თითქმის არ ჰყოლია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საფრთხეების დონე იცვლება. ალიანსის ზოგიერთი საფრთხე გაიზარდა, ნაწილი კი ახალია. მათ შორის, ზოგიერთი საფრთხე არასამხედრო ხასიათისაა, მაგალითად - კიბერ სივრცეში, ან ინფორმაციის უსაფრთხოების მხრივ. რას ურჩევთ ალიანსს ამ მხრივ?

ამ ანგარიშის მთავარი მიზანი იყო კონკრეტულად განგვეხილა ნატოს პოლიტიკური როლი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები. როდესაც სტრატეგიულ გარემოს და საფრთხეებს ვაფასებდით, ჩვენი მთავარი ფოკუსი უფრო პოლიტიკურ საკითხებზე იყო, ვიდრე - სამხედრო საფრთხეებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ახლაც, როგორც ყოველთვის, გადაჯაჭვულია. ვფიქრობ, თავიდანვე საჭიროა იმის აღიარება, რომ რუსეთთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკურ კონკურენციას პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათიც აქვს, და არა მხოლოდ სამხედრო და მატერიალური. რუსეთიც და ჩინეთიც ავტორიტარული ქვეყნებია. ისინი აწარმოებენ ძალიან აგრესიულ, ძირის გამომთხრელ კამპანიებს დასავლეთის და ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოების შიგნით - იქნება ეს კიბერ თავდასხმები თუ ე.წ. ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდები.

ანგარიშის შექმნისას დიდი დრო და ძალისხმევა დაიხარჯა იმაზე, რომ შეგვეფასებინა ის ინსტრუმენტები, რომლებიც ნატოს უკვე აქვს გამოყენებული. ასევე შევაფასეთ ის მეთოდები, რომელთა ადაპტირებაც ალიანსს დასჭირდება იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეს ახლო მომავალში რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო ძალიან აგრესულ ნაბიჯებს.

როგორც თქვენ ამბობთ, რუსეთისა და ჩინეთისგან მკაფიო ნაბიჯებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალიანსი საკუთარი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ზომებს მიიღებს. რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება იყოს ეს ნაბიჯები?

ვფიქრობ, მათი დიდი ნაწილი ჩვენთვის ნაცნობია, რადგან რუსეთსა და ჩინეთს ნამდვილად ბევრი, ასე ვთქვათ, „რეპეტიცია“ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგალითად, რუსეთის მეთოდებს აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც შეფარული ზრახვებია და მოიცავს ყველაფერს - სამხედრო გაძლიერებას, საჰაერო და საზღვაო ძალების გამოყენებას და სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებზე ზეწოლა მოახდინოს. ამაში ასევე შედის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ბრძოლა ნატოს მოკავშირე ქვეყნების შიგნით ტანკებისა და ბომბების გარეშე, კერძოდ კი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესასუსტებლად და ერთობის შესარყევად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენება.


ვფიქრობ, ძალიან კარგად ვიცნობთ რუსეთის რეპერტუარს. რუსეთის ბოლო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე ისეთს, რაც მიგვანიშნებდა, რომ მოსკოვი მსოფლიოს მიმართ მიდგომის შეცვლას აპირებს.

ჩინეთს, ვფიქრობ, ცოტა განსხვავებული რეპერტუარი აქვს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩინეთზე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის პირდაპირ სამხედრო საფრთხეზე. თუმცა, ის უკვე არის ევროატლანტიკურ სივრცეში სამხედრო მოთამაშე, მზარდი საზღვაო შესაძლებლობებით ხმელთაშუა ზღვაში, არქტიკასა და ატლანტიკის რეგიონებში. მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ვნახავთ ჩინეთის მიერ საგარეო პოლიტიკის ნაწილად სამხედრო ინსტრუმენტების უფრო და უფრო მეტად გამოყენებას, მათ შორის, აზიის ქვეყნების მიღმაც.

თუ გავითვალისწინებთ რუსეთში და ჩინეთში ლიდერშიპის ხანგრძლივობას და იმას, რომ წლების მანძლზე, არცერთ მათგანში მმართველობა არ შეიცვლება - რუსეთში პრეზიდენტი პუტინი შესაძლოა 2036 წლამდე დარჩეს ქვეყნის მმართველად, ჩინეთის პრეზიდენტ შის კი არანაირი ლიმიტი არ აქვს. თქვენ ამბობთ, რომ ორივე, ჩინეთი და რუსეთი უფრო მეტად აგრესიულები გახდებიან იმ პირობებში, როცა მათი ხელმძღვანელობა არ იცვლება. დასავლეთში კი პირიქითაა. ქვეყნების ლიდერშიპი ხშირად იცვლება. მაგალითად, ამერიკაში ცოტა ხნის წინ არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს საგარეო პოლიტიკაში. რას ფიქრობთ ამ ორ საკითხზე - როგორ ესადაგება ნატოს განვითარების სტრატეგიას ისინი - ერთმანეთს ერთის მხრივ დასავლეთში მთავრობის და სტრაგეგიების სწრაფი ცვლილებები და მეორეს მხრივ - ავტორიტარულ ქვეყნებში პოლიტიკის დიდი ხნით განსაზღვრა უცვლელი მთავრობის მიერ?

დემოკრატია ქვეყნისთვის ერთგვარი უსაფრთხოების სარქველია, რომელიც წნევის სახიფათო დონემდე გაზრდას ხელს უშლის. ამიტომ, როცა ცვლილება იწყება, ის ტოტალურ დესტაბილიზაციას არ იწვევს. ეს ჩინურ ან რუსულ სისტემებს რომ შევადაროთ, საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ.

ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ვფიქრობ, თქვენ სწორად გაუსვით ხაზი, დასავლეთსა და ავტორიტარულ მთავრობებს შორის არსებულ, მნიშვნელოვან განსხვავებას. მართალი ხართ, როცა კითხვას სვამთ იმაზე, თუ როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი გეოპოლიტიკურ კონკურენციაში, უპირატესობისა და სუსტი წერტილების თვალსაზრისით. დემოკრატიული სისტემების ქვაკუთხედი ძალაუფლების ხშირი და მშვიდობიანი ცვლაა. ეს შეიძლება არეული პროცესი იყოს, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურად არასტაბილურ პერიოდში და ვფიქრობ, ახლა სწორედ ასეთ დროში ვცხოვრობთ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, დემოკრატიული სისტემების უპირატესობა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მათ შეიძლება არეულობა ახლდეს, საბოლოო ჯამში, ეს პროცესები გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, მაგალითად, შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს სტაბილურობას, ან ევროპული ქვეყნების გრძელვადიან სტაბილურობას.

დემოკრატია ქვეყნისთვის ერთგვარი უსაფრთხოების სარქველია, რომელიც წნევის სახიფათო დონემდე გაზრდას ხელს უშლის. ამიტომ, როცა ცვლილება იწყება, ის ტოტალურ დესტაბილიზაციას არ იწვევს. ეს ჩინურ ან რუსულ სისტემებს რომ შევადაროთ, საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ. ერთის მხრივ, ეს სისტემები სტაბილურობის ილუზიას ქმნის, მაგრამ ეს ხელოვნური სტაბილურობაა. ეს სისტემები საბოლოოდ ინგრევა, რადგან ზედაპირის ქვეშ, სოციუმისგან ცვლილებების მოლოდინით გამოწვეული წნევა მატულობს. ეს როგორც რუსეთში, ასევე ჩინეთშიც ხდება.

უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ავტორიტარული სისტემების პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ძალაუფლების მშვიდობიანი შეცვლის გათვლის საშუალება. ამიტომ, როცა რაღაც იცვლება, ეს მოულოდნელად ხდება და ცვლილებებს კატასტროფული შედეგები მოაქვს ადამიანების მსხვერპლით თუ სხვა ფორმით, რასაც დიდი ეკონომიკური ზარალი მოჰყვება. როდესაც მომდევნო 10 წელზე ვსაუბრობთ, და ეს განსაკუთრებით რუსეთს ეხება, როცა ხედავ ქვეყნის შიგნით მზარდ დაძაბულობას, საკითხავი ისაა, თუ რამდენად სტაბილური მოთამაშე იქნება რუსეთი, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინის შემდეგ. ეს ასევე კარგი კითხვაა ჩინეთთან დაკავშირებითაც.

ამბობთ, რომ რუსეთში რაღაც სახის დესტაბილიზაციის მოლოდინი გაქვთ? განსაკუთრებით, პუტინის შემდგომ რუსეთში?

ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს.

სპეკულირება ყოველთვის საშიშია, მაგრამ არ მგონია რთული იყოს იმ უამრავი ფაქტორის დანახვა პუტინის რუსეთში, რომელსაც სოციალური ან ეკონომიკური არეულობის გამოწვევის პოტენციალი აქვს. იმაზე დაკვირვებაც საკმარისია, თუ როგორ გაართვა რუსეთის მთავრობამ თავი კოვიდპანდემიას და რა ხდება თუნდაც ამ ერთი მაგალითის შემთხვევაში. მთავრობის მიმართ საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გაჩნდა. პანდემიის მსხვერპლისა და რუსეთის მოსახლეობის პროპორცია, ქვეყნის სამედიცინო სისტემას დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ამას კი საზოგადოების ნაწილში უკვე არსებული უარყოფითი შეხედულებები ემატება იმაზე, თუ როგორ მართავს ქვეყანას პუტინის მთავრობა. რთული არაა იმის გათვლა, რომ მომდევნო რამდენიმე წელში შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, რაც რუსეთის აქამდე არსებულ სწორხაზოვან და შედარებით სტაბილურ პოლიტიკას შეცვლის. ამის წარმოდგენა შეუძლებელი არ არის.

საუბრობს თუ არა თქვენი ანგარიში ნატოს გაფართოებაზე?

ანგარიში საუბრობს აღმოსავლეთში ნატოს პარტნიორებზე და ხაზგასმით ამბობს იმას, რომ ალიანსმა ღია კარის პოლიტიკა აუცილებლად უნდა შინარჩუნოს. ის ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სუსტ დემოკრატიებს, როლებსაც ნატოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებები აქვთ. ანგარიში მკაფიოდ საუბრობს იმაზე, რომ ნატოსთვის პოლიტიკური და სტრატეგიული სარგებლის მომტანია ამ ქვეყნებისთვის გასაგები და თანმიმდევრული გზავნილების მიწოდება. ამასთან, ალიანსმა აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს სუსტ დემოკრატიებს, განსაკუთრებით - ნატოს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ არიან.

დამოუკიდებელი ექსპერტების ამ ჯგუფისთვის, ანგარიში იყო იმის შესაძლებლობა, რომ გამოგვეხატა და განგვემარტა ჩვენი შეხედულება ნატოს ორიენტაციაზე აღმოსავლეთში, მისი პარტნიორების მიმართ. როგორც უკვე ვთქვი, ანგარიში მკაფიოდ საუბრობს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე, ღია კარის პოლიტიკაზე და მათ დასავლურ გზაზე. ასევე ვამბობთ, რომ მოკავშირეებმა ამ და სხვა ქვეყნებს, მეტი დახმარება უნდა გაუწიონ, განსაკუთრებით, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ანგარიში ამბობს, მომდევნო 10 წელში ალიანსისთვის სტრატეგიული გარემო უფრო მკაცრი იქნება. ამის გამო, პარტნიორობა და წევრობის პერსპექტივა ნატოს არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ბერკეტია.

პარტნიორობის მიმართ არა-სტრატეგიული მიდგომები შემუშავდა და ზოგჯერ კი ამან შერეული სიგნალები გამოიწვია. ნატომ უფრო აქტიური სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის სამართავად, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, სწორედ იმის გამო, რომ სტრატეგიული გარემო იცვლება და დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირდება. ნატოს მკაფიო სიგნალების გაგზავნა სჭირდება.

2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა პირობა დადო, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. უნდა ვთქვათ, რომ ნატომ, განსაკთრებით საქართველოსთან ურთიერთობაში, ბევრი სიახლე შეიტნა და შექმნა ახალი პაკეტები, რომლებიც ალიანსს და საქართველოს ერთმანეთთნ კიდევ უფრო აახლოვებს. მაგრამ, წევრობისკენ გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები ჯერ არ ჩანს. მომავალი 10 წლის განმავლობაში, მოელით, თუ არა რაიმე ცვლილებას ამ მხრივ?

ვფიქრობ, ანგარიში კონსტრუქციულად კრიტიკულია ნატოს მიმართ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ მართავს ალიანსი დღეს მის პარტნიორულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები, ძირითადად ცივი ომის შემდეგ დაიწყო და ისინი ერთგვარ, სასათბურე პირობებში ჩამოყალიბდა, როცა არ ხდებოდა იმის მკაცრად განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პარტნიორობა და როგორ ვისაუბროთ წევრობის პერსპექტივაზე. ამის გამო, ვფიქრობ, უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს. აქამდე ნატოს მიდგომა პარტნიორებისადმი ისეთია - და ეს არა მხოლოდ იმ პარტნიორებს ეხება, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, არამედ ყველა სხვას - რომ პრიორიტეტების და აქტივობების განსაზღვრა ხდება პარტნიორებისგან მომდინარე სიგნალებზე დაყრდნობით, და არა ნატოს მოთხოვნებზე დაფუძნებით.

ამ პარტნიორობის დაფინანსებაც საკმაოდ არარეგულარულია. არ არსებობს ამ აქტივობების დაფინანსების სტაბილური წყაროები. ვფიქრობ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ამის გამო განსაკუთრებით ზარალდებიან. რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამო, პარტნიორობის მიმართ არა-სტრატეგიული მიდგომები შემუშავდა და ზოგჯერ კი ამან შერეული სიგნალები გამოიწვია. ნატომ უფრო აქტიური სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის სამართავად, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, სწორედ იმის გამო, რომ სტრატეგიული გარემო იცვლება და დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირდება. ნატოს მკაფიო სიგნალების გაგზავნა სჭირდება.

თუ სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, ქვეყნებმა მეტად უნდა იაქტიურონ იმისთვის, რომ ნატოს საკუთარი მნიშვნელობა უკეთესად დაანახონ იმისთვის, რომ ალიანსმა მათ მიმართ თანმიმდევრული სტრატეგია შეიმუშავოს. თქვენს წინა თანამდებობაზე საქართველოსთან ახლო შეხება გქონდათ და დარწმუნებული ვარ, ახლაც ეცნობით საქართველოს ამბებს. არის თუ არა რამე ისეთი, რის გაკეთებაც საქართველოს უფრო აქტიურად და უფრო აგრესიულად შეუძლია იმისთვის, რომ ნატო მის მიმართ სტრატეგიული მიდგომის შემუშავებით დააინტერესოს?

საბოლოო ჯამში, ის, რის გაკეთებაც საქართველოს და უკრაინას სჭირდება, ძირითადად შიდა მმართველობას უკავშირდება. მათ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ, ერთგულები არიან. ამას, ცხადია, თან ერთვის დიდი ზეწოლა, რასაც ის სამეზობლო იწვევს, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერგო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნატოს და დასავლეთს მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს საქართველოსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ უფრო დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღონ. ის, თუ როგორ მართავს ნატო საქართველოსთან ურთიერთობას, ერთგვარი, საკონტროლო სიით, გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს. ამაში დასახული მიზნის მიღწევას და გეგმის განხორციელებას ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში პერსონალურ მოსაზრებას გიზიარებთ და არა ანგარიშის შემდგენი მთელი გუნდისას.

საბოლოო ჯამში, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სტრატეგიული მიდგომა გვჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას, მისი პირობის საფუძველს თავიდან შეხედავს და ურთიერთობაზე უფრო ყოვლისმომცველად ისაუბრებს იმის ნაცვლად, რომ მიღწეული პროგრესის შეფასების მიმართ ეტაპობრივი მიდგომა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს ეტაპობრივი მეთოდი იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევს, იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში გაერთიანებას შეეწინააღმდეგონ. ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ხელახლა იქნას განხილული.

ამის ნაცვლად, უფრო ყოვლისმომცველი, სტრატეგიული მიდგომა ვფიქრობ უფრო მართებული იქნება, რომელიც ურთიერთობებს ჯამურად შეაფასებს და გააცნობიერებს იმას, რომ ნატოს აღმოსავლეთში დადებითი გავლენისთვის, კონკურენტუნარიანობა სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, წევრობა შეიძლება ხვალ დადგეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შექმნის უფრო გონივრულ და რეალისტურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ალბათ ხშირად სასოწარკვეთაში არიან, პროგრესის ნაკლებობის გამო.

თქვენი აზრით, რომ არ არსებობდეს ეს საკონტროლო სია და ეგრეთწოდებული, ეტაპობრივი მიდგომა, როგორც თქვენ თქვით, უკრაინა ნალებად ალბათ, მაგრამ საქართველო თქვენი აზრით, მზად არის ნატოს წევრობისთვის?

უდავოა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობის მხრივ. ის ნატოს ახლო და ეფექტური პარტნიორია. სტრატეგიული გარემოდან და ნატოს მხრიდან შიდა კონსოლიდაციის საჭიროებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ალიანსის დანიშნულების საფუძვლებს და მის მმართველობას უნდა დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატოს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG