ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ სენატორ მაკეინთან


სენატორi მაკეინi
სენატორi მაკეინi

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემაზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი სენატორ მაკეინს ესაუბრა.


ინტერვიუმდე ორიოდე საათით ადრე ბატონი მაკეინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის დროს განხილულ თემათა შორის იყო:


მაკეინი: „რუსეთს მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება, ის რიტორიკა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი კვლავ იყენებს საქარველოსთან დაკავშირებით და ის განცხადებები, რომლებსაც რუსეთის ადმინისტრაცია კვლავ აკეთებს უდანაშაულო რუსი სამშვიდობოების მკვლელობებთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის სავარაუდო 6 პროცენტიან ზრდაზე. გარდა ამისა, მე და რამდენიმე სენატორმა მადლიერება გამოვთქვით ქართველი ხალხის მიმართ, ავღანეთში ჯარების გაგზავნის გამო."


ამერიკის ხმა: ცოტა ხნის წინ, საფრანგეთსა და რუსეთს შორის ავიამზიდების, იგივე მისტრალების გაყიდვის თაობაზე სამხედრო გარიგება შედგა. შეცვლის თუ არა რეგიონალურ ძალთა ბალანსს მისტრალის შავ ზღვაში დისლოცირება?


მაკეინი: "ჩემი აზრით, სამწუხაროა, რომ ფრანგებმა ამ სახის სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამით შესაძლებელია რეგიონზე რუსეთის გავლენის გაზრდა. მაგრამ ეს არის რაც არის."


ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ამერიკის ადმინისტრაციას და კონგრესს კავკასიაში შესაძლო სამომავლო ძალადობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით კი, საქართველოში რუსეთის შესაძლო აგრესიის აღკვეთა? და თუ ეს შესაძლებელია, რა მექანიზმებით?


მაკეინი: "ამერიკელი ხალხი და კონგრესი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობითაა განმსჭვალული. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება შედარებით გაუმჯობესდა. ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მისი ტერიტორიები არ უნდა იყოს ოკუპირებული სხვა ქვეყნის მიერ.


ჩემი აზრით, საქართველოს უნდა მივცეთ იარაღის შესყიდვის უფლება, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა შესაძლო მორიგი თავდასხმების წინააღმდეგ. ამასთან, საერთაშორისო ფორუმებზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი ქართველი ხალხის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად."


ამერიკის ხმა: ბატონო სენატორო, თქვენ დაუჭერდით თუ არა მხარს საქართველოში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გაღრმავებას, მაგალითად ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის დაარსებას?


მაკეინი: "ჩემი აზრით, ეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. მე კვლავ მჯერა იმის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილებას, ის ნატოს წევრი აუცილებლად უნდა გახდეს."


ამერიკის ხმა: 18 მარტს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) რეგიონალური სამხედრო ორგანიზაციის სტატუსი მიეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მანდატით რუსეთს რეგონში ინტერვენციების, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების ჩატარება შეეძლება. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, ბატონ მუნთან ერთას მოსკოვში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც იმყოფებოდა. ქალბატონი კლინტონის ხელმოწერაზე დასწრების ფაქტი მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ ამერიკა რუსეთს რეგიონალურ ჰეგემონად აღიარებს და ამასთან მოსკოვის ეგრეთწოდებულ გავლენის სფეროსაც თანხმდება?


მაკეინი: "მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი კლინტონის განზრახვა ეს არ ყოფილა, თუმცა ვისურვებდი, რომ რუსეთის მიერ საქართველოზე იერიშის შემდეგ უფრო მკაცრი რეაქცია მენახა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადმინისტრაციას სურს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტი შეინარჩუნოს.


მე, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას."


ამერიკის ხმა: შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ განვითარებას არც თუ ისე დადებითად აფასებს. საქართველოს პრეზიდენტთან ან ადმინისტრაციის სხვა წევრებთან შეხვედრისას, წამოგიჭრიათ თუ არა ეს თემა?


მაკეინი: "ჩვენ როგორც მეგობრები ყოველთვის პირდაპირ ვესაუბრებით ერთმანეთს. ჩვენ მოველით, რომ მეტი პროგრესი იქნას მიღწეული ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიზაციის პროცესებში პოლიციისა და სასამართლოს როლის გამყარების მხრივ. მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავება შევარდნაძის დროინდელ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. მაშინ უკანონობა და დანაშაულებრივი ფონი ისეთი მაღალი იყო, რომ შეიარაღებული დაცვის გარეშე თბილისის ქუჩებში ვერ გაივლიდი. ამასთან ქვეყანა კორუფციით იყო მოცული და ეკონომიკაც ფაქტობრივად არ არსებოდა. ასე, რომ სამართლიანი იქნებოდა იმისი აღიარება, რომ საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი"


ამერიკის ხმა: როგორ ხედავთ ურთიერთობის გაგრძელებას რუსეთსა და საქართველოს შორის?


მაკეინი: "მე ძალიან ვარ შეშფოთებული ამ საკითხით და ძალიან განვიცდი. ძალიან მაღელვებს ვლადიმერ პუტინის განცხადებები ახლო საზღვარგარეთზე და ტრადიციულ გავლენაზე, რომელიც რუსეთს ჰქონდა საქართველოზე. რუსეთის მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევის აღკვეთა მხოლოდ საერთაშორისო დიალოგსა და ზეწოლას შეუძლია."


ამერიკის ხმა: ის რაც თქვენ ბრძანეთ რუსეთის მეტროს აფეთქებების შემდეგ ალბათ უფრო აქტუალურია. ახლა რუსეთს შეუძლია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გამოიყენოს მიზეზად და ჩრდილოეთ კავკასიაში და თუნდაც სამხრეთ კავკასიაშიც სამხედრო ოპერაციები განაახლოს.


მაკეინი: "ის, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება გარკვეულ შემთხვევებში ადვილადაა გასათვლელი. ეს ძალიან რთული ტერიტორიაა. წლების მანძილზე რეგიონში რუსეთი დაუნდობელ რეპრესიებს აწარმოებდა. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ კავკასიელ ხალხს, რომლის წინააღმდეგაც იმართება ეს რეპრესიები, ჩვენ მათ სიამოვნებით დავეხმარებით რითაც შეგვიძლია. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისიწინოთ ის, რომ დაუნდობელი რეპრესიები ძალიან ხშირად წარუმატებლად მთავრდება."

XS
SM
MD
LG