"ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ამერიკის ყოფილ თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა. ბატონი რამსფელდის თქმით, თავდაცვის მდივნად მისი მოღვაწეობის პერიოდში ამერიკა საქართველოსთვის სამხედრო სახმარების გაწევით აქტიურად იყო დაინტერესებული. მისი მოღვაწეობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, 2002 წელს, ამერიკამ 64 მილიონი დოლარის ღირებულების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო საქართველოში.
ბატონი რამსფელდის თქმით:
- ჩემი აზრით, პროგრამა კონსტრუქციული მიმართულებით განვითარდა, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკისთვის. საქართველოს შეიაღებულმა ძალებმა ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღეს კოალიციის სამხედრო ოპერაციაში ერაყში და ახლა კი ავღანეთში არიან. საქართველოს მხრიდან კოალიციის დახმარება მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ქართულმა ჯარმაც დიდი გამოცდილება შეიძინა იქ დისლოცირებით.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბატონმა რამსფელდმა განაცხადა, რომ ალიანსის გარკვეული წევრი ქვეყნები ნატოს გაფართოვების საკითხში რუსეთის აზრს ნამდვილად ითვალისწინებენ:
- ნატოს შემადგენლობაში არიან გარკვეული ქვეყნები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგობა აფიქრებთ. საქართველო უნდა ეცადოს მონაწილეობა მიიღოს ნატოს მიერ წარმოებულ რაც შეიძლება მეტ ოპერაციაში. არ ვიცი ზუსტად რა შეიძლება იწვევდეს საქართველოს გაწევრიანების დაყოვნებას ალიანსში, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ალიანსის ერთი ან რამდენიმე წევრი რუსეთის წინააღმდეგობაზე რეაგირებდეს.
შეკითხვაზე, თუ რამდენად ეთანხმება ის ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ბატონმა რამსფელდმა განაცხადა, რომ მას „გადატვირთვის“ დანიშნულება არ ესმის:
- თავდაპირველად საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებდი ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობებს. თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მაშინ საკითხების მიმართ მიდგომა გაცილებით კონსტრუქციული და ღია იყო. საბოლოო ჯამში, ჩემი იმედები ურთიერთობის გაუმჯობესების მხრივ არ გამართლდა [...]. ვერასოდეს ვიგებდი რას ნიშნავს ეს გადატვირთვის პოლიტიკა. მაგრამ ჩემი აზრით, ურთიერთობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ახლებური მიდგომის შემდეგ და ფაქტიურად ისევ ისეთი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, როგორიც ბუშის ადმინისტრაციის უკანასკნელი ორი წლის მანძილზე გვქონდა.
ბატონი რამსფელდის გნცხადებით, მას ხშირად უჭირდა მოსკოვის ჩანაფიქრის ან მიზნების გათვლა:
- ვერასოდეს ვიგებდი რას ფიქრობდა და რა გათვლებს აკეთებდა [ყოფილი] პრეზიდენტი პუტინი. ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის შეცვლას პირადად მე მას ვუკავშირებ და არა შეერთებულ შტატებს. არ ვიცი რაზე ფიქრობდა. რუსეთს უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს, ძალიან მწვავეა ალკოჰოლიზმისა და ტუბერკულიოზის პრობლემა, ქვეყანას ძალიან ბევრი პატიმარი ჰყავს, სამეცნიერო შტატი ქვეყნიდან გაედინება და თუ არ ვცდები რუსეთი ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა, სადაც მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. გარდა ამისა, რუსეთი ისეთ ქვეყნებთან არჩევს ურთიერთობას, როგორიცაა სირია, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და კიდევ რამდენიმე ისეთი ქვეყანა, რომლებიც ამერიკის მიმართ მტრულად არიან განწყობილი. ჩემი აზრით, ის ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთის მთავრობა დგამს არ არის გათვლილი ინვესტიციების მოსაზიდად, თუ არ გავითვალისწინებთ ენერგეტიკის სფეროს.
შეკითხვაზე, თუ რა მიაჩნია ყოფილ თავდაცვის მდივანს საკუთარ საქმიანობის ყველაზე დიდ წარმატებად და წარუმატებლობად, მან განაცხადა:
- თავდაცვის დეპარტამენტში ჩემი მუშაობის პერიოდში საგრძნობლად გავზარდეთ სპეცდანიშნულების რაზმების შესაძლებლობები და ბიუჯეტი. ამის ხარჯზე საშუალება მოგვეცა უკეთესად გავართვათ თავი ასიმეტრიულ საფრთხეებს. ერთი რამ, რაზეც ყველაზე სუსტად ვიმუშავეთ, იყო "იდეების ბრძოლა." როგორც ცივი ომი გაგრძელდა ათწლეულების მანძილზე, ისევე გაგრძელდება ბრძოლა რადიკალური ისლამის წინააღმდეგ. ერთი, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ არის ის, რომ ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა უპირატესობა აქვე ჩვენს სისტემას, მაგალითად ხალიფატთან შედარებით. ამ მიმართულებით, ჩვენს ადმინისტრაციას სამიანს ვუწერ მინუსით, ხოლო ახლანდელ ადმინისტრაციას კი 2-იანს. მათ სიტყვა ისლამისტის გამოყენებაც კი ეშინიათ.