ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიზუალური არტის გამოფენა ლოს ანჯელესში


ხელოვნების ინსტალაცია კალიფორნიის ტყეებში ხანძრის შემდეგ გადარჩენილ ნივთებს და ფოტოებს წარმოადგენს

ბმული
ლოს ანჯელესში თანამედროვე ხელოვნების ინსტალაცია გაიხსნა. გამოფენაზე სხვადასხვა ფოტოგრაფებისა და მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

მხატვარი ჯოი ფოიერი ვიზუალური ხელოვნების ოსტატია. მან გამოფენაზე ხელოვნების ინსტალაცია წარმოადგინა, რომელიც კალიფორნიის ტყეებში ხანძრის დროს გადარჩენილი ნივთებისა და ფოტოებისგან შედგება. ნიმუშების კომპონენტებად ფოიერმა კარის სახელურები, საკეტები და სხვადასხვა საოჯახო ნივთები გამოიყენა.

„სტიქიის შემდეგ ხშირად გვესმის, რომ ყველაფერი განადგურდა და აღარაფერი დარჩა. ამიტომ გამიჩნდა აზრი, ამ არაფრისგან რაიმე ლამაზი შემექმნა.“

ფოტოებზე წარმოდგენილია სტიქიის დროს გადარჩენილი ნივთები, რომლებიც ყინულის კუბებშია მოთავსებული. ყინულის დნობასთან ერთად კომპოზიციებს გამოსახულება ეცვლება. ვიზუალური ხელოვნების ნიმუშების შექმნაზე ჯოი ფოიერის არტ ჯგუფმა იმუშავა, რომელიც მხატვარმა 2007 წელს დაარსა.

2011 წელს იაპონიის ცუნამის და 2012 წელს ქარიშხალ სენდის სტიქიური უბედურებების შემდეგ ხელოვნების ინსტალაციიდან შემოსულ თანხებს ჯოი ფოიერის ორგანიზაცია დაზარალებულთა ფონდს ურიცხავს.

„ყველამ იცის, რომ სტიქიურ უბედურებას ტრაგედია მოაქვს. ჩვენ ვერც ბუნებას და ვერც ხალხს ვაკონტროლებთ. ერთადერთი შეგვიძლია, ყოველივე ამას ხელოვნებით ვუპასუხოთ.“

ლოს ანჯელესის ხელოვნების ინსტალაციამ, რომელსაც სახელად "ფოტო ელეი" ქვია კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფოტოხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია.

ამავე გამოფენაზე წარმოდგენილია სტენდი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ტუთოს" ეკუთვნის. სტენდზე გამოფენილი ფოტოები ბოცვანის ბავშვებმა გადაიღეს. სიტყვა ტუთო აფრიკულ ენაზე განათლებას ნიშნავს. გამოფენიდან შემოსული თანხები ბოცვანას ერთერთი სოფლის მაჰტანგვანეს ბავშვთა სწავლას მოხმარდება.

"ტუთოს" ამ პროექტს ანელიზ ბესტერი ხელმძღვანელობს. ფოტოაპარატები ბოსცვანელ ბავშვებს სწორედ მან შეუძინა და გამოფენისთვის 32 საუკეთესო ფოტო შეარჩია.

„ ბავშვებმა 1000-მდე ფოტო გადაიღეს. მართალია ყველა კარგი არ გამოვიდა, მაგრამ აღატაცებას მაინც ვერ ვმალავდი. ძალიან მომწონს და მათგან საუკეთესო ფოტოები შევარჩიე.“

ამავე გამოფენაზე ჯგუფმა სახელწოდებით „ქალები საერთაშორისო ფოტოგრაფიაში“ ასობით ფოტო წარმოადგინა. ფოტოგრაფი კალი ბიგერსტაფი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ქალებმა ფოტოები ძირითადად შვილებს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს გადაუღეს:

„ჩვენ ერთ მომენტზე გავამახვილეთ ყურადღება. ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს სხვადასხვა ეროვნების, ტრადიციის და ჩაცმულობის მიუხედავად, ძალზე ბევრი რამ აქვთ საერთო.“

ბიგერსტაფის თქმით, მსგავსი ფოტოების მოპოვება ინტერნეტ ფორუმებიდან შეიძლება. ეს ფოტოგრაფებს ახალი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება და საშუალებას აძლევს მათ, მსოფლიოს საკუთარი შემოქმედება გააცნონ.
XS
SM
MD
LG